31 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი გიგი დედალამაზიშვილი სტუმრობდა ახალი ალბომის და სიმღერის „ვალსი“ პრემიერით.
– გიგი, რამდენადაც ვიცი, სულ ცოტა ხნის წინ დაასრულეთ მასშტაბური ტურნე?
– ჯერ ერევანში, მერე ანტალიასა და ალანიაში ვიყავით, თუმცა ტურნე გრძელდება, მალე ლიმასოლში გავემგზავრებით, მერე კი, ოსლოში, ბელგრადში, სტამბოლსა და თელ-ავივში გავმართავთ კონცერტებს. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ვაპირებთ საღამოების მოწყობას, თუმცა ჯერ მხოლოდ გეგმები გვაქვს. მიხარია, რომ ახალი კომპოზიციები ჩავწერეთ და ალბომი გამოვუშვით. სიმართლე ვთქვა, ხუთი წლის მანძილზე პირველი ალბომია, რადგან ბოლო დროს ძალიან რთულად იწერება სიმღერა. როგორც ჩანს, ახალგაზრდობაში ბევრად ადვილია მუზიცირება, ასაკის მატებასთან ერთად, კი, როცა სიმღერებიც დაგროვდა და ალბომებიც, ბევრად კრიტიკულად აფასებ საკუთარ თავს და ძველი ენთუზიაზმით ვეღარ მუშაობ. ბოლო ალბომი „გეო“ 2018 წელს გამოვუშვით, ახალს კი, „კამარა“ ვუწოდეთ და 10 კომპოზიცია გავაერთიანეთ. ალბომით, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება „მგზავრების“ ტრადიციული მუსიკისგან ერთგვარი მადლიერება გამოვხატეთ ჩვენი მშობლების მიმართ, რომელთაც მიუხედავად რთული პერიოდისა, მაინც არაჩვეულებრივი ბავშვობა გვაჩუქეს. მართალია, ძალიან ლაღი და ხალისიანი ალბომი გამოვიდა, მაგრამ ცოტა სევდაც ახლავს. ყველაზე ბედნიერი 3 წლის ასაკში ვიყავი, როცა უზარმაზარი ოჯახი პატარა ბინაში ვცხოვრობდით. ძალიან არ მიყვარდა დაძინება, რადგან უფროსები ყოველ საღამოს სამზარეულოში იკრიბებოდნენ, მუსიკას უსმენდნენ, საუბრობდნენ და მეც ყოველთვის მათთან მინდოდა ყოფნა, რადგან მეგონა, რომ სწორედ იქ იყო ნამდვილი ოჯახური მხიარულება. დღემდე მახსოვს მათი ხმა, მით უფრო, რომ ასეთი მხიარული ხმები მას შემდეგ არსად გამიგია. სწორედ ამ მოგონებების შთაგონებით შეიქმნა „კამარა“, რომელიც მეტწილად დისკოს სტილშია, თუმცა როკის ელემენტებიც ახლავს.
– როგორ შეიქმნა კლიპი სიმღერაზე „ვალსი“?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ „ვალსი“, რომელიც ალბომის ყველაზე მძიმე და მგრძნობიარე სიმღერაა, ემოციებს – პირველი სიყვარულის, მეგობრობის, დანაკარგით გამოწვეულ ემოციებს ეძღვნება. ამასთანავე, „ვალსი“ პირველი კომპოზიციაა, რომელშიც გიტარა ჰყვება ამბავს და არა ტექსტი ან ვოკალი. თავისი მისტიკური მნიშვნელობა აქვს სათაურსაც – ვალსი საკუთარ თავთან ცეკვას ნიშნავს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შენ ამ სამყაროში ცეკვავ, ადამიანი კი, ვისზეც ფიქრობ იმ სამყაროში იცეკვებს. ვიდეო სიმღერაზე ჩვენმა მეგობარმა, რეჟისორმა ლადო კვატანიამ გადაიღო, რომელსაც მართალია, აფხაზეთიდან რუსეთში მოუწია ოჯახთან ერთად გადახვეწა, მაგრამ არც ქართველობა დაივიწყა, არც საქართველოსთან გაუწყვეტია კავშირი. სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ლადომ არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც გაითქვა სახელი თავისი კლიპებით. ძალიან მომწონს ჩვენი ვიდეო, რომელიც მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო ჰგავს, მით უფრო, რომ ფირზეა გადაღებული და მთელი 10 წუთი გრძელდება. ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარი არა მუსიკის, არამედ ჩვენი ემოციის, განცდის და იდეის გადმოცემა იყო. სავარაუდოდ, კლიპის პრემიერა 7 ან 8 თებერვალს შედგება. სხვათა შორის, ვიდეო სულ რაღაც ერთ კვირაში გადავიღეთ, ლადოს მიტოვებული სოფლების, ხის სახლების გადაღება უნდოდა, ამიტომ ბახმაროსკენ გავემგზავრეთ და ისეთი საქართველო ვნახეთ, როგორიც მანამდე არასდროს გვენახა. სრულიად უცხო გარემოში მოვხვდით, სადაც ხალხი ცივილიზაციას მოკლებული, თითქოს პირველყოფილ გარემოში ცხოვრობდა. ალბათ 10-15 წელიწადში ამგვარი ხის სოფლებიც გაქრება და მიხარია, რომ ჩვენ მოვასწარით მათი გადაღება.
– როგორ შეიქმნა ჯგუფი „მგზავრები“?
– ერთმანეთს ტექნიკურ უნივერსიტეტში შევხვდით, სადაც დედა კაპელას ხელმძღვანელობდა. სწორედ დედის რჩევით მივმართე გიგი გეგელაშვილს, როცა რამდენიმე სიმღერას მოვუყარე თავი, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა მერე რა უნდა მექნა, დათო გეგელია კი, დედასთან უფრო მეგობრობდა, ვიდრე ჩემთან, დედის დახმარებით გავიცანით ბეჟოც, რომელიც უნიჭიერესი ადამიანი, ვირტუოზი მუსიკოსია და დღეს მის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია „მგზავრები“. ერთი სიტყვით სწორედ დედას დამსახურებაა ჩვენი ჯგუფის შექმნა.
– უამრავ სფეროში მოსინჯე შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ მაინც მუსიკოსობა აირჩიე,
– ჯერ ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მერე მსახიობობა მოვინდომე და თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მანამდე კი. საბუღალტრო კურსები გავიარე და ბანკში ვაპირებდი მუშაობის დაწყებას, თუმცა დროულად მივხვდი, რომ საბანკო საქმე ზედმეტად რთული იყო ჩემთვის და ვერასდროს მოვერეოდი. მართალია, მუსიკამ თეატრალურში სწავლისას, 20 წლის ასაკში გამიტაცა, მაგრამ მსახიობობა უფრო მინდოდა, არცერთ რეპეტიციას არ ვაცდენდი, რადგან მეშინოდა, რეჟისორი ჩვენი კონცერტების ამბავს გაიგებდა, გაბრაზდებოდა და ინსტიტუტიდან გამაგდებდა. თუმცა საბოლოოდ მსახიობობას მაინც მუსიკამ სძლია და ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო.
– როგორ გაიხსენებთ პირველ კონცერტს?
– პირველი კონცერტი ჩემმა დამ მოგვიწყო 2006 წლის 11 სექტემბერს. ნამდვილად არ მეგონა, რომ ისეთ რამეს ვაკეთებდი, რაც ყველას უნდა ენახა ან მოესმინა, ამიტომ არც კონცერტის გამართვა მინდოდა. შემპირდა, მარტო მათ მოვიწვევ, ვისაც კარგად იცნობო, საერთო ჯამში 40 მაყურებელი მოგროვდა, თუმცა რამდენიმე უცნობი მაინც შემომაპარა. 10 სიმღერა შევასრულეთ და საკმაოდ კარგი კონცერტი გამოვიდა. ჩემი დის წყალობით ჟურნალისტებმაც სწრაფად გაგვიცნეს, რამდენიმემ მეორე დღესვე დამირეკა და ინტერვიუს ჩაწერა მთხოვა.
– რას თვლით ყველაზე დიდ ბედნიერებად?
– ძალიან გამიმართლა ადამიანებში, რომელთაც ჩემს ახლობლებად ვთვლი, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა ჩემი წარმატება.
– რამდენადაც ვიცი, თქვენც მონაწილეობთ სპექტაკლში Mamma Mia?
– ზალიკო ჩიქობავა მართლაც დგამს სპექტაკლს Mamma Mia ქართულ ენაზე, რომელშიც უამრავი მსახიობი და მუსიკოსი მონაწილეობს. პრემიერა 14-15 თებერვალს გაიმართება, ამიტომ ახლა გაცხარებული რეპეტიციები გვაქვს.