LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ვფიქრობ, ქართული მუსიკის და სიმღერის პროექტი გაკეთდეს „ბერკლიში“ და სტუდენტებმა შეძლონ ქართული მუსიკის სწავლა” – „ბერკლის“ ქართველი პროფესორი, გიორგი მიქაძე „არტ-Fm”-ში

32
miqadzenews

გადაცემის ლაივი LIVE

 რა კარიერული გეგმები აქვს უახლოეს მომავალში და როგორია „ბერკლიში“ მუშაობა, ამ და სხვა საინტერესო კითხვებს თათა სადრაძის გადაცემაში ,,არტ-FM”  YAMAHA-ს ჯაზ-არტისტი, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის ასოცირებული პროფესორი და მანჰეტენის მუსიკის სკოლის პირველ ქართველ ჯაზის მაგისტრი, გიორგი მიქაძე პასუხობს…

-გიორგი, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ მსმენელს და მუსიკის მოყვარულებს მიანიჭე შენი უნიკალური მიღწევით…

გიორგი მიქაძე: მადლობა თათა, ეს დიდი პატივია ჩემთვის და ასევე დიდი პასუხისმგებლობა. ზოგადად, როდესაც ცოდნას გასცემ, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმიანობაა, რადგან ცოდნა უნდა გასცე სწორად. უკვე მეორე კვირაა დილას ადრე ვდგები. აქ დილას ადრე ადგომა ცხოვრების წესია, რადგან დილას ტვინი განსაკუთრებით კარგად მუშაობს. ახლა სტუდენტებთან გაცნობის პერიოდი მაქვს და ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი აღმოვაჩინე. მათში დავინახე ის უნარები და მონაცემები, რაც მომავალში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ. თუმცა ჩვენ, პედაგოგებმა უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ მათი ნიჭი სწორად განვითარდეს. დღეს ინფორმაციის მიღება ძალიან მარტივია, თუნდაც „იუთუბის“ და სხვა მსგავსი არხების მეშვეობით, თუმცა ძალიან ადვილია დაიკარგო ამ ინფორმაციაში, თუ არ იცი რა მიმართულებით წახვიდე. ამიტომ პედაგოგმა უნდა მისცეს სტუდენტს მიმართულება, რაც მას გამოცდილებას მიაღებინებს. ამ პროცესში პედაგოგიც ბევრს სწავლობს…

-საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, აპირებთ თუ არა განსხვავებულად მიაწოდოთ სტუდენტებს თქვენი ცოდნა? თუ არის გარკვეული კურსი, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს სწავლება და რომელსაც უნდა მიჰყვეთ? ასევე საინტერესოა, რამდენ ჯგუფს ასწავლით. როგორც ჩემთვის ცნობილია, 6 ჯგუფი გყავთ.

გიორგი მიქაძე: 6 ჯგუფთან ვმუშაობდი მაშინ, როცა ზაფხულის პროგრამაში ვმუშაობდი. ახლა საფორტეპიანო განყოფილების პროფესორი ვარ და ვარ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე კარგად ვიცი. ამ ეტაპზე მყავს 17 სტუდენტი, რომლებთანაც მეცადინეობა კვირაში ერთხელ, საათობრივად მიმდინარეობს. ბუნებრივია, შემდეგ მათ გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. თუმცა ჩემი „ბერკლისთან“ თანამშრომლობა ამით არ შემოიფარგლება, ვფიქრობ, რომ მათ სხვა რაღაცები შევთავაზო და სხვა დეპარტამენტებთანაც ვითანამშრომლო, განსაკუთრებით ანსამბლების დეპარტამენტია ძალიან კარგი სადაც თითქმის ყველა ტიპის მუსიკის დაკვრა შეგიძლია შესთავაზო. ალბათ, მე ქართული მუსიკისკენ გადავიხრები, რადგან აქ ქართული მუსიკის არაფერი არ არსებობს. უნივერსიტეტებში როგორც წესი, სწავლობენ ხოლმე როგორც ეთნო-მუსიკოლოგიას, მხოლოდ წერით და phd ვარიანტში. ვფიქრობ, რომ ქართული მუსიკის და სიმღერის რაიმე პროექტი გაკეთდეს „ბერკლიში“ და სტუდენტებმა შეძლონ ქართული მუსიკის სწავლა ისევე, როგორც სხვა ქვეყნების მუსიკას შეისწავლიან. რადგან ქართული მუსიკა და ხელოვნება აუცილებელია იყოს იმ ადგილას, სადაც ყველაფერს ასწავლიან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები…

-ყველას კარგად გვახსოვს თქვენი კონცერტი „ბლექ სი არენაზე“, გარდა ამისა მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე გაქვთ ჩატარებული კონცერტები. საინტერესოა „ბერკლი“ თუ გაძლევთ იმის ფუფუნებას, რომ თქვენი საყვარელი საქმიანობაც გააგრძელოთ, რადგან სტუდენტებთან მუშაობა ალბათ ძალიან ბევრ დროს მოითხოვს…

გიორგი მიქაძე: პირველი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის, რომ „ბერკლის“ პროფესორებს ყოველთვის ეუბნებიან, რომ კონცერტები საჭიროა მათ ცხოვრებაში. მე ისე ვმუშაობ, რომ ნახევარი კვირა შემიძლია მოვიცალო სხვა საქმიანობისთვის, ამიტომ კონცერტებს ბუნებრივია ვგეგმავ, რამდენიმე გამოსვლა მექნება ჯერ ამერიკაში და შემდეგ ვნახოთ. ყველაფერი მაინც კოვიდზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ამ მხრივ მაინც რთული სიტუაციაა და სანამ დალაგდება ყველაფერი, ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. თუმცა, „ბერკლიში“ დროებით მუშაობას არ ვგეგმავ, „ბერკლი“ არის ჩემი ბაზა, სადაც ვგეგმავ ძალიან ბევრ რამეს. საბედნიეროდ, მათ ამასთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვთ, მიაჩნიათ, რომ პროფესორებს კონცერტები სჭირდებათ და არ უნდა იყვნენ მხოლოდ საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული, მით უმეტეს, რომ მე ასაკითაც არ ვარ იმხელა, რომ მხოლოდ ამ საქმიანობაზე ვიყო კონცენტრირებული. ასე რომ, ვგეგმავ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს. როგორც იცით, მე ამერიკის გრანტი მოვიგე, რითაც შევძლებ ახალი პროექტის გაკეთებას. ალბათ, მაისში ჩამოვალ საქართველოში და ქართველ მომღერლებთან ერთად ახალ პროექტს გავაკეთებ,  რომელიც იქნება ქართველი და ამერიკელი მუსიკოსების კოლაბორაცია.

-ძალიან ცნობილი მუსიკის კრიტიკოსები მსოფლიო მასშტაბით ამბობენ, რომ თქვენ ხართ უნივერსალური მუსიკოსი. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო, როგორი იყო გზა კონსერვატორიიდან „ბერკლის“ ასოცირებულ პროფესორობამდე?

გიორგი მიქაძე: ეს არის გზა, რომელსაც უნდა მიჰყვეს ადამიანი, არც „ბერკლის“ პროფესორობით სრულდება ყველაფერი, კიდევ უფრო დიდი პროექტების გაკეთებაც მაქვს ჩაფიქრებული მომავალში. როცა მუსიკოსი ხარ, გაქვს გამოწვევები და რაც უფრო მეტს გადალახავ, უფრო წინ წახვალ. ჩემი აზრით მუსიკოსისთვის უნივერსალიზმი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, გარდა ამისა, მუსიკოსმა უნდა იცოდეს რა ხდება მუსიკაში და რა უნდა შესთავაზოს მსმენელს. კოვიდის გამო კარგა ხანია არ მქონია დიდი კონცერტი, ამის გაკეთება პანდემიის ფონზე რთულია, თუმცა ვფიქრობ რომ ამ პერიოდის გამოყენება კარგად შეიძლება ისეთი რაღაცების შესასწავლად, რისი დროც აქამდე უბრალოდ არ მქონდა. ახლა უფრო პროდაქშენი მაინტერესებს და „ბერკლი“ ამისთვის საუკეთესო ადგილია, მყავს უამრავი მეგობარი პროფესორი, რომლებიც სწორედ პროდაქშენის განყოფილებაში ასწავლიან. თან ბოსტონი ძალიან კარგი, სტუდენტური ქალაქია.

-საინტერესოა, თუ გყავთ ქართველი სტუდენტები?

გიორგი მიქაძე: სამწუხაროდ, ჯერ არ შემხვედრიან, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველ სტუდენტებსაც შევხვდები. თუ არ ვცდები, არის ერთი ადამიანი „ბერკლიში“, თუმცა ზუსტად არ ვიცი…

-აქვე გკითხავთ, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ასეთ დატვირთულ კარიერას და პირად ცხოვრებას?

გიორგი მიქაძე: პირად ცხოვრებას ახლა მაინცდამაინც ყურადღებას ვერ ვაქცევ, რადგან ძალიან დაკავებული ვარ. თუ რამე ისეთი მოხდება, რაც რეალური იქნება, ამას გავაჟღერებ.

-ალბათ, თქვენი რჩეული ქართველი იქნება, არა?

გიორგი მიქაძე: ნამდვილად არ ვიცი…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები