LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,წლევანდელი ზაფხული ბათუმს მივუძღვენი, წელს პირველად ვაწყობ სამ კონცერტს” – სტეფანე

17
სტეფანე

გადაცემის ლაივი LIVE

26 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სტეფანე სტუმრობდა, რომელმაც 13 აგვისტოს, ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრა.

– სტეფანე, რა გეგმები გაქვს აგვისტოს თვეში?

– წლევანდელი ზაფხული ბათუმს მივუძღვენი. ერთი კონცერტი უკვე ჩავატარე, შემდეგის გამართვას 13 აგვისტოს ვგეგმავ, ბოლო კი, მოგვიანებით მოეწყობა. მიხარია, რომ უამრავი მელომანი დაესწრო პირველ წარმოდგენას, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა ყველას დატევა, ამიტომ ახლა პირდაპირ ზღვის ნაპირზე, კლუბ „სოჰოში“ ვაწყობთ გრანდიოზულ სცენას. სხვათა შორის, წელს პირველად ვაწყობ სამ კონცერტს, ტრადიციულად ორით ვკმაყოფილდები, რადგან არ მინდა თავი მოვაბეზრო მსმენელს, თუმცა წელს ძალიან მთხოვეს და უარი ვერ ვუთხარი.

– ოდესმე თუ გიგრძნია მსმენელის სიმცირე?

– საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია, თუმცა შიში ყველა მუსიკოსს აქვს, რადგან სიახლეებისა და ცვლილებების გარეშე ნებისმიერი ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი ხდება. განსაკუთრებით რთულია პოპულარობის საქართველოში შენარჩუნება, რადგან პუბლიკაა ძალიან მომთხოვნი და ყოველთვის სიახლეს ითხოვს.

– რა სიახლეს შესთავაზებ მელომანებს?

– ახალი სიმღერა ჩავწერე ნინი ნუცუბიძესთან ერთად. არაჩვეულებრივი კომპოზიცია შექმნა ნიკალა ზუბიაშვილმა, რომელიც ყველამ ერთად დავამუშავეთ და საინტერესო სიმღერა გავაკეთეთ. მართალია, ახალი ნამუშევრის აგვისტოში გამოშვება გვინდოდა, მაგრამ როგორც პროდიუსერმა მსგავსი სვლა გაუმართლებლად მივიჩნიე და გარკვეული დროით გადავდე პრემიერა. მალე კლიპს გადავიღებთ ბახვა ბრეგვაძესთან ერთად, იმედია შემოდგომაზე გამოსულ სიმღერას პუბლიკაც მიიღებს და მოიწონებს.

– რამდენად კმაყოფილი ხარ შენი სიმღერის „მზის და შოკოლადების“ უცხოელი მუსიკოსების მიერ შესრულებით?

– ყოველთვის მსიამოვნებს, როცა სხვა მუსიკოსები აფასებენ ჩემს ნამუშევრებს და ასრულებენ საკუთარი ვერსიით. თვითონაც მომწონს ექსპერიმენტები და ძალიან მიხარია, როცა ჩემი სიმღერის ახალი ვერსია განსხვავებული და საინტერესო გამოდის.

– სტეფანიასთან ერთად ხომ არ გეგმავ ახალი სიმღერის ჩაწერას?

– არა, რადგან არასდროს მინდოდა ყოფილიყო მუსიკოსი. ძალიან არ მიყვარს ბავშვების სცენაზე გამოყვანა, რადგან ვთვლი, რომ ადრეულ ასაკში სცენაზე გამოსვლა სერიოზულ ზიანს აყენებს მათ ფსიქიკას. სხვათა შორის, გუშინ სტეფანია გერმანიაში გაემგზავრა კლასთან ერთად, ცოტა ვინერვიულეთ, რადგან პირველად მოგზაურობს მშობლების გარეშე, თუმცა დარწმუნებული ვარ სასიამოვნოდ გაატარებს დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები