LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნას“ დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ – რაზე ისაუბრეს რადიოჰოლდინგის ხელმძღვანელთან (ვიდეო)

89

2017 წლის ივლისში საქართველოში დევიდ ლინჩის სახელობის ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა დაფუძნდა. მისი პრეზიდენტი რეჟისორი და მუსიკოსი გიგა აგლაძე გახლავთ. 18 ნოემბერს ცნობილ ამერიკელი რეჟისორთან, სცენარისტთან და პროდიუსერთან, დევიდ ლინჩთან ერთად, მისი ფონდის წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. რამდენიმედღიანი ვიზიტის ფარგლებში ლინჩი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს, გაეცნო ქართულ კულტურას, დაესწრო „ერისიონის“ რეპეტიციას… როგორც მან განაცხადა, ნათლად შეიგრძნო, რომ საქართველოში ხელოვნების სიყვარული ჰაერში ტრიალებს. დევიდ ლინჩმა აღნიშნა, რომ მის გეგმებში ჩვენს ქვეყანაში საკუთარი სახელობის კინოსკოლის ან უნივერსიტეტის, ასევე საერთაშორისო კინოფესტივალის დაფუძნება შედის. დევიდ ლინჩის ფონდი მსოფლიოში ტრანსცენდენტალური მედიტაციის, როგორ სულიერი სიმშვიდის დამკვიდრების მეთოდს უწევს რეკომენდაციას და რეკლამას. საქართველოში ფონდის მიზნებში ყველა საჭირო პირისთვის მედიტაციის ამ ფორმის შეთავაზებაც შედის…

დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლები 22 ნოემბერს რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ესტუმრნენ. მათ მედიაჰოლდინგის ოფისი დაათვალიერეს, გაეცნენ სამუშაო გარემოსა და ჟურნალისტებს, დაინტერესდნენ ჰოლდინგში შემავალი მედიასაშუალებების, ტელევიზიის, რადიოებისა თუ ინტერნეტპლატფორმების ფორმატითა და მუშაობის სპეციფიკით. „ფორტუნას“ გენერალურ დირექტორს, თამარ ჩიგოგიძეს ესაუბრნენ ფონდის მიზნებზე საქართველოში. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ fortuna.ge-სთან ფონდის წარმომადგენლებმა ვრცელი კომენტარები გააკეთეს.

ჯოანა პლაფსკი (დევიდ ლინჩის ფონდის სამმართველოს წევრი, კინოპროდიუსერი):

– დევიდ ლინჩის ფონდი დაახლოებით 10 წლის წინ დავაარსეთ, მე ტრანსცენდენტალური მედიტაციის მასწავლებელი და ფილმების პროდიუსერიც ვარ. ფონდს ამა თუ იმ ქვეყანაში იმ მიზნით ვხსნით, რომ მედიტაციით უფრო და უფრო მეტი ადამიანი დაკავდეს. განსაკუთრებით ეს ეხებათ რისკჯგუფის წარმომადგენლებს – ვეტერანებს, სტუდენტებს, ავადმყოფობის შემდგომი სტრესის მქონე ადამიანებს.

ჩამოვედი საქართველოში და შემიყვარდა ქვეყანა, ხალხი. ალბათ, ბევრმა ადამიანმა არც იცის თუ სად არის საქართველო, მეც არ ვიცოდი, მაგრამ ჩამოვედი და მივხვდი, თუ რა განსაკუთრებული ხალხი ცხოვრობს აქ, როგორც ამბობენ, ეს არის ევროპის პატარა შვეიცარია, უამრავი საინტერესო ლოკაციითა და ლამაზი ადგილით. ჩვენ ვუთხარით დევიდს საქართველოს შესახებ, რომ აქ ფონდის გახსნა ძალიან კარგი იდეა იქნებოდა და მართლებიც ვიყავით. ამერიკაში კინოპროდიუსერი ვარ და აქ სკოლის გახსნით მეზობელ ქვეყნებსაც დავაინტერესებთ. ფილმის გადასაღებად ისინი სწორედ საქართველოში ჩამოვლენ. ჩვენ ერთ დიდ კინო საზოგადოებას შევქმნით და ფილმების გადასაღებად საქართველო მართლაც არაჩვეულებრივი ადგილია. დევიდს ძალიან მოეწონა აქაურობა, მოეწონა ხალხი და ძალიან მოსწონს აქ სკოლის შექმნის იდეაც.

ბილ გოლდშტეინი (მრჩეველი იურიდიულ საკითხებში):

– საქართველოში მეორედ ვარ და ვფიქრობ, რომ ქვეყანას მართლაც დიდი პერსპექტივა, განსხვავებული კულტურა და გარემო აქვს. დევიდიც ძალიან დაინტერესდა აქაურობით და გადავწყვიტეთ, რომ მისი სახელობის ფონდი აქაც ჩამოსულიყო. კინოსკოლის შექმნით საქართველო კინოინდუსტრიის ერთ-ერთ ცენტრალურ წერტილად გადაიქცევა.

გიგა აგლაძეს  ჰყავს ენთუზიასტთა არაჩვეულებრივი გუნდი და პროექტზე მუშაობას ძალიან მალე დავიწყებთ. ეს იქნება ტრანსცენდენტალური მედიტაციისა და კინოსკოლის მიქსი. დევიდის კონტაქტები მთელ მსოფლიოს მოიცავს, ამიტომ სიახლით უკვე ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული. პროექტი მოიცავს ბევრ ქვეყანას, საქართველო იქნება გარკვეული ცენტრი და მუშაობას უახლოეს მომავალში დავიწყებთ. ჩვენ უკვე შევხვდით მთავრობის წარმომადგენლებს და კინოსკოლის შექმნის იდეა მათაც ძალიან მოსწონთ.

კინგსლი ბრუქსი (დოქტორი, ტრანსცენდენტალური მედიტაციის ნეპალის, ისრაელის, სამხრეთ კორეის, პალესტინის, უკრაინის, ავღანეთის და საქართველოს ორგანიზაციების საერთაშორისო დირექტორი):

  • საქართველო არაჩვეულებრივი ადგილია, განსაკუთრებული ხალხით, რამაც მოიზიდა კიდეც ფონდი. აქ წელიწადში 2-ჯერ მაინც ჩამოვდივარ და აქაურობა ძალიან მიყვარს. ტრანსცენდენტალური მედიტაცია არ არის რელიგია, ცხოვრების სტილის შეცვლა ან რაიმე მსგავსი. მსოფლიოს 35 ქვეყანაში 600-ზე მეტი კვლევა ჩატარდა და დასკვნა ყველგან ერთნაირი იყო – ეს არის უნიკალური შედეგების მქონე პროგრამა. ძალიან მარტივი ტექნიკაა, რომლის ათვისება 10 წლის ბავშვსაც კი შეუძლია.

ლესლი ბრუქსი, დოქტორი:

  • ფონდი აქ თვითგანვითარების პროგრამის შემოსათავაზებლად ჩამოვიდა. ტრანსცენდენტალური მედიტაციის მიზანი იმ ადამიანების დახმარებაა, ვისაც სერიოზული სტრესი აქვს გადატანილი და პირველ რიგში ეს ეხებათ სტუდენტებს, რადგან მათი ცხოვრება არც თუ ისე მარტივია, ისინი ყველაზე სერიოზულ გამოწვევებს აწყდებიან, იზრდებიან და საზოგადოებაში ინტეგრაცია უნდა შეძლონ. ეს ტექნიკა კი მეტ ენერგიას, თავდაჯერებულობას, ძალას გაძლევს და ცხოვრებით კმაყოფილებაც იზრდება. იმედი აქვს მომავალი წლისთვის ზუსტი გეგმაც გვექნება, დაფინანსებასაც მოვიპოვებთ და მუშაობას აქტიურად დავიწყებთ. ეს იქნება საკმაოდ დიდი პროექტი, ეს არ არის მარტივი საქმე, ის მთელ კავკასიის რეგიონს გააერთიანებს.

ოლეგ ავაგიანი (დევიდ ლინჩის ფონდის ხელმძღვანელი უკრაინაში):

  • დევიდის ფონდი უკრაინაში ცოტა ხნის წინ დაფუძნდა და ტრანსცენდენტალური მედიტაციის იდეა სტუდენტებსა თუ მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ. უკრაინის პრეზიდენტის იდეა იყო, რომ მედიტაცია დაგვენერგა არამხოლოდ სასწავლო დაწესებულებებში არამედ საავადმყოფოებშიც. პროგრამა ამჟამად რამდენიმე კატეგორიასთან – ვეტერანებთან, სოციალურად დაუცველ ბავშვებთან და ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალბატონებთან მუშაობას მოიცავს. მომავალში კი ნარკოდამოკიდებულებთან თუ სხვა ჯგუფებთანაც ვიმუშავებთ.

ნინო მურღულია

თამუნა ქირია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები