დღეს ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა. ის „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციის (DFC) ძალისხმევით განხორციელდა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროექტი რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი აშენებისთვის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი აშშ დოლარია, რომელიც, მთავრობის მეთაურის თქმით, სამომავლოდ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.
„ჩვენი მთავრობისთვის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა ამ პროექტის დაწყების პირველივე დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ მხარდაჭერას კომპანია “პეისს” და თითოეულ თანამშრომელს”, – თქვა ღარიბაშვილმა.
ნავსადგურის გახსნის ცერემონიალს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმაც მიმართა.
მისი შეფასებით, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. დეგნანის თქმით, ამ პორტით საქართველო, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას, დააკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, რაც ხელს შეუწყობს ვაჭრობას.
