მომღერალმა ბექა ბროლაძემ კინოთეატრ „კავეაში“ საზოგადოება ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერაზე მიიწვია.

ბექას სიმღერა დიდი ხნის მეგობარმა, კოლეგამ და ახლა უკვე ბიზნესპარტნიორმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაუწერა. მასზე ეკუთვნის ტექსტიც. კლიპის რეჟისორი კი თათა მეტივიშვილია, რომელმაც ბექასთან უკვე მესამედ იმუშავა საავტორო სიმღერაზე.

დარბაზში ბექას ახლობლები და კოლეგები შეიკრიბნენ, მათ შორის ლელა წურწუმია ქალიშვილთან ერთად, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე, მაიკო კაჭკაჭიშვილი ვაჟთან, დათუნასთან ერთად, დათო ფორჩხიძე მეუღლესთან ერთად, ასევე მარიკა თხელიძე მეორე ნახევართან ერთად, სიმღერის არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანი, თამთა ჭელიძე და სხვა ცნობილი სახეები, რომელმაც ბექას სიხარული სიამოვნებით გაიზიარეს.

„სიყვარულის ისტორია“ ბექასთვის განსაკუთრებული ნამუშევარია, რადგან როგორც fortuna.ge-ს გაუმხილა, მის პირად ცხოვრებას უკავშირდება.
ბექა ბროლაძე:
ის, რომ კიდევ ერთი კლიპის პრემიერა მაქვს, ნიშნავს დიდ სიყვარულს ჩემი საქმის მიმართ. რასაც ხელს მოვკიდებ, უნდა იყოს ხარისხიანი, ამიტომ ვიწყებ ხოლმე პირველ რიგში, ძლიერი მუსიკოსების შეკრებით. ეს ძნელია, მაგრამ გამომდის, რადგან ალბათ, ღმერთს ვუყვარვარ. სიმღერა ეკუთვნის კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილს, ჩვენ გვაქვს საერთო ბიზნესი, გავხსენით მუსიკალური აკადემია. სიმღერის მელოდიაც და ტექსტიც მისია. „სიყვარულის ისტორია“ ჩემს ისტორიასთანაც ასოცირდება, პირად განცდებსაც გადმოსცემს. ალბათ, ამიტომაც გამოვიდა ასეთი ემოციური. შეიძლება, ჩემი მხრიდან ცოტა ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ გამოვარჩევდი ამ ნამუშევარს და მაყურებელიც შეაფასებს. სიმღერა ჩავწერე „ბრავო რეკორდსში“, მინდა ზაზა შენგელიას და ალეკო ბერძენიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო. არანჟირება ეკუთვნის ბორიკო შხიანს.
სიმღერა ძალიან მელანქოლიური და განსხვავებულია, მოითხოვა ბევრი ლოკაცია, სულ 12. რეჟისორი თათა მეტივიშვილია, რომელთანაც ასევე დიდი ხანია, ვმუშაობ.

კიდევ არის გეგმები წინ?
ვინ როგორ რას აკეთებს შოუბიზნესში, ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე ჩემი გეგმები მაქვს. ვმუშაობთ ორ ახალ სიმღერაზე „ბრავო რეკორდსში“, ორივე მაიკო კაჭკაჭიშვილისაა, ასევე ლილიკო ნემსაძე და რუსა მორჩილაძეც დამიწერენ სიმღერებს. მინდა, დიდი კონცერტი გავაკეთო, სადაც ჩემს ყველა ნამუშევარს გავაერთიანებ. გადავწყვიტე, აქტიურად, თავით შევვარდე შოუბიზნესში. მანამდეც არ ვიყავი პასიური.
ვინმე ხომ არ არის, ვინც ამისკენ გიბიძგებს?
არაერთი ადამიანია ასეთი ჩემს ცხოვრებაში. მიდი და მოგყევით, ყველაფერი იქნებაო, მითხრეს. ამ ჯგუფში შედიან ის მუსიკოსებიც, ვისთანაც ვმუშაობ. მარტო ვერაფერს გავაკეთებ.

შენს იმიჯზე ვინ ზრუნავს?
მე ვზრუნავ. მე ვარ ჩემი თავის სპონსორიც, იმიჯმეიკერიც, დამგეგმავიც და შემსრულებელიც (იღიმის). გააჩნია, სად და რა სიტუციაში ვარ. რადგან მასშტაბური პრეზენტაცია გადავწყვიტე, დღეისთვის „ტომ ფორდის“ პიჯაკი მოვირგე. სპეციალურად ამ პრეზენტაციისათვის შევიძინე. რაც შეეხება კლიპში ჩემს იმიჯს, მხატვრობასა და ფერებზე იმუშავა ანუკა ტაბატაძემ. კლიპის ხარისხი უამრავმა ადამიანმა შემიქო. მკითხეს, რა კამერითაა გადაღებულიო. ამ კითხვის მერე მივხვდი, რომ ეს ნამდვილად კარგი ნამუშევარია.
თითზე ბეჭედი გიკეთია… ეს რამეს ხომ არ ნიშნავს?
არაფერს განსაკუთრებულს, მაგრამ ჯერჯერობით (იღიმის).
კლიპის პრემიერა დიდ ეკრანზე შედგა. მაყურებელმა ის დადებითი შეძახილებით მიიღო.

მაიკო კაჭკაჭიშვილი:
შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან ლამაზი კლიპია. ზუსტად უხდება ჩემს დაწერილ სიმღერასა და ტექსტს. იშვიათად თუ ერწყმის ხოლმე მუსიკა და ვიდეორგოლები, ამ შემთხვევაში ნამდვილად შედგა… ვულოცავ ბექას!..

დათო ფორჩხიძე:
ძალიან მომეწონა ვიდეორგოლი. მიყვარს ყველა, ვინც მუსიკალურ ნაწილში მიიღო მონაწილეობა, ჩემი მეგობრები არიან. ვიდეოს შექმნა საკმაოდ რთულია ხოლმე, კარგი ფერებია და მომეწონა…

ელენე ფოჩხუა:
ძალიან მომეწონა ბექას კლიპი. მისი ყველა წარმატება მიხარია. ვუსურვებ ბევრ ლამაზ სიმღერასა და ლამაზ კლიპს.
მარიკა თხელიძე:
ბექა ძალიან მომეწონა კლიპში, სიმღერასთან არის შერწყმული ვიდეო. მთელი გულით ვულოცავ და მჯერა, რომ ძალიან წარმატებული სიმღერა იქნება. მინდა, ამ კლიპმა ხალხის მოწონება მინდა მოუტანოს…

თამთა ჭელიძე:
ძალიან მაგარია, ამას გულწრფელად ვამბობ. თავიდანვე სიმღერაც მომეწონა, მისი რამდენიმე ვერსია გააკეთა, ბორიკომ რამდენჯერმე გადააკეთა. ხარსიხიანი სიმღერაა და ვიდეოც ასეთივე. ნანახი მქონდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან კარგია. მაქსიმალური გაკეთდა, რაც შეიძლებოდა…








