LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: არჩილ ცანკაშვილისა და ნანკა ქოქიაშვილის ჯვრისწერა, რომელსაც მათი უსაყვარლესი ქალიშვილიც დაესწრო, დედა-შვილის ერთნაირი კაბები და მხიარულება, რომელიც ცანკას კონცერტით დაგვირგვინდა: „მეორე შვილს ველოდებით…“

1605
არჩილ ცანკაშვილისა და ნანკა ქოქიაშვილის ჯვრისწერა, რომელსაც მათი უსაყვარლესი ქალიშვილიც დაესწრო, დედა-შვილის ერთნაირი კაბები და მხიარულება, რომელიც ცანკას კონცერტით დაგვირგვინდა: „მეორე შვილს ველოდებით...“

მომღერალმა არჩილ ცანკაშვილმა და რადიოწამყვანმა ნანკა ქოქიაშვილმა ახლახან ჯვარი დაიწერეს. წყვილი რამდენიმე წელიწადია, უკვე ცოლ-ქმარია, თუმცა ჯვრისწერა მხოლოდ ახლა მოახერხეს. ამ ულამაზეს დღეს მათი უსაყვარლესი ქალიშვილიც ამშვენებდა, რომელიც ორი წლის გახდა, დედა-შვილს კი ერთნაირი კაბები ამშვენებდა. იმავე დღეს ცანკას კონცერტიც გაიმართა „ოტიუმში“, რომელსაც უამრავი მსმენელი ესწრებოდა.

ნანკა ქოქიაშვილი fortuna.ge-ს უფრო ვრცლად უყვება ამ შესანიშნავი დღის შესახებ.

მოგვიყევით თქვენი ჯვრისწერის ამბავი, რატომ გადაიდო ამდენი ხნით და როგორ ჩაიარა?

არჩილი გალობს ლისიონის მამათა მონასტერში. იმავე ეზოში ახლახან დასრულდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის მშენებლობა. როდესაც ჩვენ შევუღლდით, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მაშინ ეს ტაძარი არ იყო. მშენებლობის პროცესი რომ მიმდინარეობდა, არჩილს სიტყვა ჰქონდა ნათქვამი და ჩათქმული, სურდა, ამ ტაძრის მშენებლობა რომ მორჩებოდა, პირველებს ჩვენ დაგვეწერა ჯვარი. როგორც კი დასრულდა ტაძრის მშენებლობა და წინამძღვარმა დაგვირეკა, მართალია, მოულოდნელი იყო და არ ვგეგმავდით, საბოლოო ჯამში ამ გარემოებებმა დააჩქარა ჩვენი სიყვარულის დაგვირგვინება.

ამ ცერემონიამ სადად, ლამაზად და წყნარად, ზედმეტი პომპეზურობისა და გაფორმებების გარეშე ჩაიარა, ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. ვიყავით სიძე-პატარძალი და მეჯვარეები…

თქვენი პატარაც ესწრებოდა ამ ღირსშესანიშნავ დღეს, როგორი დრო გაატარა? ერთნაირი კაბები სპეციალურად ამ დღისთვის შეიკერეთ?

მინდოდა, სამახსოვრო ფოტოები დაგვრჩენოდა და გადავწყვიტე, რომ ორივეს ახალი კაბები გვქონოდა. რაც შეეხება ჯვრისწერაზე დასწრებას, ჩემი გოგონა ძალიან მიჯაჭვულია მამას. დაინახავს თუ არა, სულ ხელში უნდა, რომ აიყვანოს. ჯვრისწერის ცერემონიას არ დასწრებია. გარეთ გველოდებოდა, არ გამოგვივიდოდა ჯვრისწერა მშვიდად (იცინის). როდესაც საკურთხეველთან ვიყავით და გვილოცავდნენ, მერე შემოგვიყვანეს ჩვენი პატარა. ასე რომ, მცირე მონაკვეთს დაესწრო.

მხიარულება მოგვიანებით, ერთ-ერთ რესტორანში გაგრძელდა, სადაც აჩიკოს კონცერტი იყო დაგეგმილი. როგორ ჩაიარა ამ საღამომ?

დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაიგეგმა არჩილის კონცერტი. მუშაობდა ახალ სიმღერებზე, განაახლა პროგრამა. მისი სოლოკონცერტი გაიმართა, რომელმაც ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა. სავსე იყო დარბაზი, გარდა იმისა, რომ ბევრი ხალხი იყო, დამსწრე საზოგადოებამ ძალიან მოილხინა… პირველივე სიმღერიდან რომ ადგა ფეხზე, არ დამჯდარა არავინ.

სხვათა შორის, აჩიკო ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც საზოგადოება მალე იხილავს.

შენ არ მოგიძღვნა სიმღერა?

რა თქმა უნდა, ჩემთვის შესრულდა სიმღერა, რომლის მცირე მონაკვეთი გადაღებული მაქვს. შესავალში თქვა, ეს სიმღერა ჩემს სიყვარულს ეძღვნებაო… არ ველოდებოდი და ძალიან გამიხარდა ეს მიძღვნა.

ახლა მოგვიყევი, აჩიკოს სიურპრიზები თუ უყვარს?

შინაგანად მგონია, ყველას უხარია ნებისმიერი ამბავი, რომელიც მოულოდნელ სიხარულს უკავშირდება. არჩილს უყვარს, როცა სხვას უკეთებს სიურპრიზებს. თუ მატერიალურ საჩუქარზე ვისაუბრებთ, ცამოწმენდილზე საჩუქრითა და ყვავილებით გამომეცხადება ხოლმე. რასთან დაკავშირებით-მეთქი, რომ ვეკითხები, არაფერს უკავშირდება. გარდა ამისა, უცებ ვიცით ხოლმე მოგზაურობების დაგეგმვა, განსატვირთად. ახლა პაწაწინა გოგოს აღზრდის ვართ დაკავებულები და თან, მეორეს მოლოდინში ვართ, ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება, ყველაფერი ძალიან სასიამოვნოა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g