LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „დაბადების დღე ერთი თვის დაგვიანებით პარიზში, მარიკოსთან ერთად აღვნიშნე…“ – ნინო ჩხეიძე საფრანგეთის დედაქალაქში მოგზაურობასა და იმის შესახებ, თუ რატომ მოჰბეზრდა ცნობილი ბრენდებით შემოსვა

1241
ნინო ჩხეიძე

ნინო ჩხეიძემ ახლახან პარიზში ქალიშვილთან, მარიკოსთან ერთად იმოგზაურა. მისთვის პარიზი ყოველთვის საუკეთესო ლოკაციაა და თუკი მოგზაურობის საშუალება აქვს, აუცილებლად საფრანგეთის დედაქალაქს მიაშურებს ხოლმე… იქ, როგორც თავად გვითხრა, სიმშვიდე და სილამაზე ხვდება…

ნინო ჩხეიძე:

რამდენჯერაც მაქვს საშუალება, რომ სადმე ვიმოგზაურო, ყოველთვის არჩევანს პარიზზე ვაჩერებ. არადა, ვოცნებობ, რომ მსოფლიოში ვიმოგზაურო (იცინის). ემოციით ვივსები და ვისვენებ, ზოგს ჰგონია, რომ პარიზში ჩასვლა შოპინგის გამო მიყვარს, მაგრამ ასე არ არის. ეს ქალაქი ენერგიით მავსებს. თვალი ისვენებს და ვუყურებ ყველაფერ ლამაზს. წელს დაბადების დღე არ გადავიხადე, იმ პერიოდში გადაღებები გვქონდა, გადავწყვიტე, რომ ერთი თვის დაგვიანებით, დაბადების დღე მარიკოსთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში აღვნიშნე. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

როდესაც პარიზში პირველად ვიყავი, მარიკო ალბათ, ერთი წლის იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო, სულ მინდოდა, მისთვის ეს სილამაზე გადამეცა. დღიურში ჩავიწერე შთაბეჭდილებები, რომ გაიზრდება, წავუკითხავ-მეთქი… მე და მარიკო ზამთარშიც ვიყავით პარიზში, მაგრამ ახლანდელი მოგზაურობა არაჩვეულებრივი ამინდებით გამოირჩეოდა.

რის ნახვას გვირჩევ პარიზში?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი პარიზი შემიძლია შეგაგრძნობინოთ, თუ ჩემთან ერთად წამოხვალთ. არის ძალიან ქალური, მშვიდი და გაპრანჭული. იქ რომ ვარ, სხვანაირად ჩაცმა მინდება და სხვა ადამიანი ვხვდები. ჩემს ხასიათთან ძალიან ახლოს არის ეს ქალაქი. რომ არა თბილისი, პარიზში ვიცხოვრებდი. ჩემი პირადი პარიზი არ არის ბობოქარი, პირიქით, ძალიან მშვიდი, შემოვიფარგლები რესტორანში ვახშმით და შემდეგ დაძინებით…

წელს მარიკო პირველად, სადღაც 17-18 წლის დაგვიანებით, მყავდა დისნეი ლენდში (იცინის). მიკი მაუსი ჩვენი ბავშვობის გმირია. ბავშვებთან ერთად დისნეი ლენდში წასვლა ძალიან კარგი იდეაა. გარდა ამისა, თუკი პირველად ხართ, ტურების აღება მნიშვნელოვანია და ჩემ გარეშეც იცით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ვცხოვრობდე ცენტრში, ვიყო ყველაფერთან ახლოს, რომ ფეხით ვიარო. 15 კილომეტრს გავდიოდით დღეში ფეხით. ღირს, როცა პარიზში წახვალ, ცენტრში ცხოვრობდე და ფეხით სიარულის შესაძლებლობა გქონდეს, ქალაქის დათვალიერების.

ფრანგული სამზარეულო გიყვარს?

მიყვარს ტარტარი, ასევე ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით – ხამანწკები.

„შანელის“ მაღაზიის გამორჩეული მომხმარებელი რომ იყავი პარიზში, გვახსოვს და ახლაც ესტუმრე?

სხვათა შორის, არ ვყოფილვარ (იცინის). ამ საუკუნეში და ამ დროში უკანა პლანზე გადაიწია ჩაცმამ და ბრენდებზე პედალირებამ. გადაღებაზე იმდენი ტანსაცმელი მჭირდება ყოველ კვირა, ამით იმდენად დაღლილი ვარ, რაც უფრო სადაც და კომფორტულად ვიქნები ჩაცმული, უკეთესად ვგრძნობ თავს. საკონცერტო კაბების შექმნაში ერთი ქალბატონი მეხმარება, რომელიც ჩემს რეჟიმს ერგება და ყველანაირად ხელს მიწყობს. ახლა უფრო მეტად სისადავისკენ მივდივარ. ყველაფერი, ალბათ, გბეზრდება ადამიანს. არ მიყვარს ერთფეროვნება. მეც დავიღალე ამდენი გაპრანჭვისგან, არათუ მაყურებელი (იცინის).

ნინო, შემოქმედებაზეც ვისაუბროთ. ხშირად გაქვს კონცერტები რეგიონში და ვნახულობთ ვიდეოებს, სადაც ახალგაზრდები დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ შენს სიმღერებს. შენთვის როგორი ემოციაა ამ ყველაფერის ყურება?

2 აგვისტოს დედოფლისწყაროში მაქვს კონცერტი და ერთი სული მაქვს, როდის დადგება ეს დღე. დახურული წვეულებები სხვა არის და თავისი ემოცია მოაქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ რეგიონებში კონცერტის დროს კიდევ უფრო განსხვავებულ შთაბეჭდილებებს ვიღებ, უდიდეს სიყვარულს… ახალგაზრდა თაობა მღერის ჩემს სიმღერებს, ამით ბედნიერი ვარ, სოციალურმა პლატფორმებმა ძალიან შეგვიწყო ხელი, რომ ახალ თაობას ჩვენი სიმღერები შეეყვარებინა… ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g