„ფორმულა–1“–ის ოთხგზის ჩემპიონმა სებასტიან ფეტელმა გადაწყვიტა, რომ თავისი სპორტქარების კოლექციის ნაწილს გამოემშვიდობოს. ბრიტანული დილერის დახმარებით მან გასაყიდად 8 ავტომობილი გამოიტანა: ხუთი ცალი Ferrari, ორი Mercedes-Benz და ერთიც BMW. ხუთმა მათგანმა ახალი პატრონი პირველივე დღეს იპოვა.
გასაყიდ ავტომობილთა სიაშია სამი“ფერარი“ – LaFerrari, Enzo და F50. 2016 წელს გამოსული Laferrari სარბოლო სავარძლებითაა აღჭურვილი და 5 წლის განმავლობაში მან მხოლოდ 490 კილომეტრის გავლა მოასწრო.
2004 წელს გამოშვებული Enzo–ს გარბენი 1790 კმ–ია, ხოლო 1996 წლის F50–ის კი 6939 კმ. ეს უკანასკნელი ფეტელიმ 2015 წელს შეიძინა, როცა „ფერარის“ გუნდს პირველად შეუერთდა. იტალიურ სუპერქარებთან ერთად მყიდველი საფირმო აქსესუარების მთელ ნაკრებს მიიღებს : ჩემოდანს, ხელჩანთას, სათადარიგო გასაღებს, ავტომობილის ჩეხოლს, ასევე ყველა საჭირო დოკუმენტს. გაყიდული „ფერარების“ ფასი არ ზუსტდება.
გარდა იტალიური სუპერქარებისა, მრბოლელმა გასაყიდად Mercedes-Benz SL65 AMG Black Series გამოიტანა, ავტომობილი მას 2009 წელს აბუ–დაბის რბოლაში გამარჯვების შემდეგ აჩუქეს.
ფეტელის თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ ჩემპიონი ფარეხში ახალი ავტომობილებისთვის ადგილს ათავისუფლებს. ის ცოტა ხნის წინ „ფერარის“ გუნდიდან Aston Martin–ის გუნდში გადავიდა და სავარაუდოდ, ბრიტანული ბრენდის მანქანების ყიდვას აპირებს.