გია ბაღაშვილი ათენის ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარებული საჯარო ლექციის სესახებ ინფორმაციას გვიზიარებს:
„ათენის ამერიკულ უნივერსიტეტში, “Webster University” ჩატარებული საჯარო ლექცია ჩემთვის ერთი ნიშნით იყო განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი. უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს, დოქტორ სუზან მიხაილიდის და იუნესკოს კლუბებისა და ცენტრების საბერძნეთის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, პროფესორ მერი მარული-ვილემენუს, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის სახელით, საჩუქრად გადავეცი უნიკალური აკადემიური გამოცემა ინგლისურ ენაზე, სახელწოდებით „Georgia”. ეს გახლავთ სამტომეული, რომლის შექმნაზეც წლების განმავლობაში მუშაობდა 102 ქართველი მეცნიერი. იგი ეძღვნება საქართველოს ისტორიას, კულტურასა და ეთნოგრაფიას. გამოცემას თან ერთვის ქართული მუსიკალური ფოკლორისა და საგალობლების 2491 ნიმუში. პროექტი განხორციელდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით და გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე, „Nova Science Publishers”-ის მიერ.
უღრმესი მადლობა „Nova Science Publishers”-ს, აგრეთვე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფონდის ხელმძღვანელს, ბატონი ანზორის მეუღლეს, ჩემთვის გამორჩეულად ძვირფას პიროვნებას, ქალბატონ ლალი სეთურიძეს. ამიერიდან, ყველა იმ უცხოურ უნივერსიტეტს, სადაც საჯარო ლექციას ჩავატარებ, ფონდის სახელით, საჩუქრად გადავცემ ზემოხსენებულ გამოცემას, რათა საქართველოთი დაინტერესებული მკვლევარებისა თუ სტუდენტების მაქსიმალურად ფართო კონტიგენტისთვის, ხელმისაწვდომი გახდეს მრავლისმომცველი, აკადემიურად სანდო და ტევადი ინფორმაცია ქართული კულტურისა და ტრადიციული ხელოვნების შესახებ“.
