ფრანგულმა ბრენდმა Renault-მა მიუნხენის ავტოსალონზე ახალი – უკვე მეექვსე თაობის Clio წარადგინა. ჰეტჩბეკი, რომელსაც 35-წლიანი ისტორია აქვს, კვლავ CMF-B პლატფორმაზეა აგებული, როგორც წინა მოდელი. ექსტერიერის დიზაინი კი გასული წლის კონცეპტით Emblème არის შთაგონებული.
გაყიდვების დაწყებისას ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავიანი ვერსიები, თუმცა სრულიად ელექტრული Clio EV უკვე მუშავდება და შემდგომში გამოჩნდება.
ახალი Clio უფრო თანამედროვე იერს მიიღებს. წინა ნაწილი, რომელიც გარკვეულ ასოციაციებს Ford-ის მოდელებთან იწვევს, დატვირთულია უამრავი რომბის დეკორით. უკანა მხარე კი უფრო სუფთად გამოიყურება – განთავსებული აქვს გაყოფილი ფარები და ფარულად დამონტაჟებული უკანა კარის სახელურები.
ზომებშიც შეინიშნება ცვლილება: სიგრძე 67 მმ-ით გაიზარდა და ახლა 4116 მმ-ს შეადგენს, თუმცა ბაზამ მხოლოდ 8 მმ-ით მოიმატა. ოდნავ გაზრდილია სიგანე და სიმაღლეც. ბარგის განყოფილება კი ჰიბრიდის გარეშე ვერსიაში 391 ლიტრს იტევს.
ინტერიერში ორი გაერთიანებული 10-დიუმიანი ეკრანი გვხვდება – მსგავსი გადაწყვეტა უკვე ნაცნობია Renault 5-იდან. თუმცა ასეთი პანელი მხოლოდ ტოპ-კომპლექტაციებს ექნებათ, ხოლო საბაზო ვერსიაში სავარაუდოდ ცალკე დამონტაჟებული სენსორული ეკრანი განთავსდება. მიუხედავად ამისა, ყველა ვერსიას ექნება ჩაშენებული Google სერვისები და Android Auto / Apple CarPlay მხარდაჭერა, უსადენოდ.
ტოპ-ვერსია Esprit Alpine მიიღებს უკაბელო დამუხტვას და ალკანტარას სავარძლებს. დამატებით შესაძლებელია Harman Kardon-ის აუდიო სისტემის დაყენება, რომელსაც ხუთი ხმის პროფილი აქვს. მის შექმნაში მონაწილეობდა ფრანგი კომპოზიტორი ჟან-მიშელ ჟარი, რომელსაც ეკუთვნის Renault 5-ის აუდიო სისტემაც.






