გერმანულმა მწარმოებელმა Mercedes-Benz განახლებული Mercedes-Benz S-Class-ის კონფიგურატორში უჩვეულო ოფცია დაამატა: პრემიუმ სედანის შეკვეთა შესაძლებელია ქსოვილის ინტერიერით. საინტერესოა, რომ ეს ვარიანტი საბაზისო, სრულად ტყავის სალონზე იაფი არ გამოდის.
კომპანია სთავაზობს კომბინირებულ მოპირკეთებას – ეკოკანის Artico-სა და მუქი ნაცრისფერი Mirville-ის ქსოვილის კომბინაციას. ტექსტილი გამოყენებულია წინა სავარძლების ცენტრალურ ნაწილებსა და უკანა დივანზე. ფორმალურად ოფცია უფასოა, თუმცა კონფიგურატორი მომხმარებელს ავალდებულებს შეუკვეთოს უკანა რიგის ელექტროძრავიანი სისტემა მეხსიერების ფუნქციით, რომლის ღირებულება 1 856 ევროა.

გამოყენებული ქსოვილი დამზადებულია სელისა და გადამუშავებული პოლიესტერისგან. მწარმოებლის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ეკოლოგიურ მიმართულებას უკავშირდება და ავტომობილში მეორადი მასალების გამოყენებას უწყობს ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ეს ოფცია გერმანიის ფარგლებს გარეთ ხელმისაწვდომი – განახლებული მოდელის კონფიგურატორი ყველა ქვეყანაში ჯერ არ ამოქმედებულა.
აღსანიშნავია, რომ წარმომადგენლობით კლასში ტყავის სალონი სტანდარტად მხოლოდ XXI საუკუნეში იქცა. 1990-იანი წლების ბოლომდე ველიურის ინტერიერი ხელმისაწვდომი იყო, მათ შორის BMW 7 Series-სა და S-Class-ის მოდელებზე.

განახლებული S-Class ორი კვირის წინ წარადგინეს. რესტაილინგის ფარგლებში შეიცვალა კომპონენტების 50%-ზე მეტი. ძრავების გამაში დაემატა ახალი რბილი ჰიბრიდული V8 აგრეგატი. ევროპაში მოდელის საწყისი ფასი 121 356 ევროდან იწყება.