LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: რუსთაველის ეროვნულ თეატრში მსახიობ ია ნინიძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელსაც მსახიობის ოჯახიც დაესწრო

917
ია ნინიძის ვარსკვლავის გახსნა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით რუსთაველის ეროვნულ თეატრში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობის, ია ნინიძის, შემოქმედებითი საქმიანობის 55 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, საქართველოს კულტურის პალატის მხარდაჭერით კი ძველი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

მხატვრულ სანახაობად ჩაფიქრებულ საღამოზე წარმოდგენილი იყო ია ნინიძის ცხოვრება კინოსა და თეატრში. საღამოს უძღვებოდა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელმაც მაყურებელს მსახიობის შემოქმედების ნაცნობი და უცნობი ეპიზოდები გააცნო.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ია ნინიძის მეგობრები და პარტნიორები: ნანული სარაჯიშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“ და მათე მარტიაშვილი, ირაკლი კვირიკაძე, კვარტეტი „ფორტე“; ვ.ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები (პედაგოგი ქეთი მოწონელიძე).

მსახიობს ვარსკვლავის გახსნა და საიუბილეო საღამო მიულოცა პრიმა-ბალერინა ირმა ნიორაძემ, რომელიც თბილისში ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა. საღამო მუსიკალურად გააფორმა მაესტრო ნიკა ნიკვაშვილმა.

ია ნინიძე თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლობდა. 1981 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1981 წლიდან 1996 წლამდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1997 წლიდან ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა თეატრ-კაბარეში „ღამურა“. 2000 წელს სცენაზე მიღებული ტრავმის შედეგად შეფერხდა მისი თეატრალური კარიერა, თუმცა, 2001 წლიდან დღემდე არაერთი როლი შეასრულა მხატვრულ ფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.

ია ნინიძე მაყურებელმა ბავშვობიდან შეიყვარა, როდესაც 55 წლის წინ კინორეჟისორმა გია დანელიამ 8 წლისა გადაიღო ფილმში „არ დაიდარდო“. ციცინოს როლი მისი დებიუტი იყო. მას შემდეგ 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოში და 15 წელი იდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე.

magti 5g