Bugatti–მ 14 თებერვლისთვის ერთი განსაკუთრებული საჩუქარი დაამზადა. ბრენდის კლიენტმა თავის საყვარელ ქალს ვალენტინობის დღე სახელობითი ჰიპერქარით მიულოცა. სპეც-ვერსია „ალისა“ ჩვეულებრივი კუპესგან ღია ვარდისფერი ძარით და პასტელურ ფერებში გაფორმებული სალონით განსხვავდება.
Bugatti–ს ბრიტანული დილერის გენერალურმა დირექტორმა სხვისი საიდუმლოს გამხელა არ ისურვა, ამიტომ არ დააზუსტა თუ ვინაა ალისა. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ ჰიპერქარი ერთადერთ ეგზემპლარში შეიქმნა და სპეც–ვერსია მართლაც საოცარი გამოვიდა.
უნიკალური ღია ვარდისფერის გარდა, მოდელს საბურავები, დისკები და სალონიც გამოარჩევს.
მწარმოებელი სპორტქარის ტექნიკურ შიგთავსს არ შეხებია და კაპოტის ქვეშ სტანდარტული 1500 ძალის W16 ძრავია განთავსებული.
ტრადიციის მიხედვით, Bugatti–მ უნიკალური პროექტის ფასიც არ დააზუსტა, თუმცა დამკვეთს „ალისა“ მინიმუმ 3 მილიონი ევრო მაინც დაუჯდებოდა.
14 თებერვლისთვის უფრო მდიდრული საჩუქრის გაკეთება ალბათ წარმოუდგენელია.