დღეს “ამბასადორი ბათუმი აილენდის” მშენებლობის კაფსულის ჩადების ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ამბასადორი ჯგუფის“ წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თორნიკე, იგივე თოშა ქებურია და მისი მეუღლე ქეთი ჟღენტი, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ სიტყვით გამოსვლისას “ამბასადორი ჯგუფის” ხელმძღვანელს, ბუბა ქებურიას და მის ოჯახს მადლობა გადაუხადა.
“მინდა მივესალმო პროექტის ინიციატორს და ჩვენს ინვესტორს, „ამბასადორი ჯგუფის“ ხელმძღვანელს ბატონ ქებურიას და მის ოჯახს. მინდა მადლობა გადავუხადო „ამბასადორი ჯგუფს“, ვინაიდან ამ კომპანიას მრავალი ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართლაც უნიკალური პროექტები აქვთ შექმნილი, მათ შორის, თბილისში, კახეთში, აჭარაში, – და ახლა უკვე ასეთია ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის უნიკალური პროექტი. ასე რომ, მადლობა ინვესტორს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება.
ბათუმის სანაპიროზე ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის მოწყობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირად ღირებული პროექტია ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. $100-მილიონიან მეგაპროექტს „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიენიჭა.