მომხიბვლელი მომღერალი, ნინი შონია, რომელიც მაყურებელმა თავისი ნიჭიერებით პროექტ „მხოლოდ ქართულიდან“ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, ახლახან დაქორწინდა. მისი რჩეული ლაშა ერედელია. წყვილს გრანდიოზული ქორწილი ჰქონდა, რომელსაც 5 თვის განმავლობაში გეგმავდნენ.
fortuna.ge-ს ულამაზესმა პატარძალმა თავისი ემოციები გაუზიარა, თუმცა მანამდე მისი კარიერის შესახებაც ვკითხეთ, რომელსაც საოპერო ჟანრში ავითარებს და ასევე გავიხსენეთ მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო…
ნინი, მაყურებელმა მუსიკალური პროექტიდან გაგიცნო. გაიხსენე ის პერიოდი, როგორ გახსენდება და რა მოგცა კონკრეტულად?
პროექტ „მხოლოდ ქართულში“ მონაწილეობა ჩემი ცხოვრებისა და შემდგომ კარიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი იყო. ამას ვამბობ ახლანდელი გადმოსახედიდან. ეს არ ყოფილა უბრალოდ კონკურსი. ამ პროექტმა, ფაქტობრივად, შეცვალა ჩემი მუსიკალური მიმართულება. ქალბატონ მარინა ბერიძეს ყოველთვის განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ, რადგან მისმა რჩევამ გამაბედვინა და მიბიძგა იმ გზისკენ, რომელსაც რეალურად ახლა გავდივარ. გავიხსენებ ერთ მომენტს – მკითხა, ნინი, რატომ არ ირჩევ საოპერო მიმართულებასო. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს უწყინარი კითხვა განაპირობებდა ჩემს ჟანრობრივ ცვლილებას. ზუსტად ჩემი მიმართულება ვიპოვე, როგორც მუსიკოსმა.
საოპერო კარიერაზეც ვისაუბროთ, რატომ აირჩიე ეს მიმართულება და რა წარმატებები გაქვს?
ოპერამ რაღაც განსაკუთრებული დამანახვა. ეს არ არის უბრალოდ სიმღერა. ეს არის მთელი ცხოვრება, დრამა, ემოცია, ყველაფრის ერთიანობა. ჩემთვისაც ამიტომ არის განსაკუთრებული. ჩემი წარმატება ჯერ კიდევ გზაშია, რომელსაც აუცილებლად მოვიპოვე, თუ შრომას არ დავიშურებ. ამ ეტაპზე, ნელ-ნელა ვცდილობ, პროგრესისკენ წავიყვანო ჩემი ვოკალური განვითარება. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი, დიდი შრომა და ძალისხმევა მაქვს ჩასადები, რომ ისეთ მომღერლად ვიქცე, რასაც მიზნად ვისახავ. მივუყვები ამ გზას თვითდისციპლინით და დიდი მონდომებით. მიხარია, რომ ჩემი თავი ამ ჟანრში ვიპოვე. მინდა, ადამიანებს ჩემი გულწრფელობა ზუსტად ამ მიმართულებით დავანახვო.
ახლახან დაქორწინდი. მოგვიყევი, ვინ არის შენი რჩეული, როგორ შეხვდით ერთმანეთს და განსაკუთრებით რამ მოგხიბლა?
რამდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ბედნიერი დღე იყო. დავქორწინდი ჩემი ოცნების მამაკაცზე, ლაშა ერედელზე. ყველაზე ღირსეულ ადამიანზე, ვინც კი ოდესმე შემხვედრია. დღემდე უსაზღვროდ მადლიერი ვარ ბედისწერის, რომ საბოლოოდ, ერთმანეთს შეგვახვედრა და სამუდამოდ დაგვაკავშირა.
რაც შეეხება იმას, რამ მომხიბლა ჩემს რჩეულში, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, მასში ყველაფერი საუკეთესოა გაერთიანებული – უსაზღვროდ კეთილშობილი, ძალიან თავმდაბალი, ერუდირებული, წარმატებული, ამას პლუს საოცარი ოჯახი და მეგობრები. მიმაჩნია, რომ მეორე ნახევართან ერთად, ჩემი ადამიანები ვიპოვე ლაშას ოჯახისა და მეგობრების სახით, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთესა და სიხარულს იტევენ.
ჩვენ პირველად ხუთი წლის წინ შევხვდით, შემდეგ ცხოვრებამ სხვადასხვა გზით წაგვიყვანა. ისე გავუშვით ერთმანეთი, რომ არ აღმოგვიჩენია. იმ პერიოდში კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩაბარებას და მთელი რესურსის გამოყენება მინდოდა, კითხვის ნიშანი მქონდა, საერთოდ მოვხვდებოდი თუ არა. წლების მერე ისევ გადავიკვეთეთ და სამ თვეში ხელი მთხოვა. არ მეგონა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ როცა სწორ ადამიანს ხვდები, დრო მნიშვნელობას კარგავს.
ქორწილზეც ვისაუბროთ უშუალოდ – როგორ დაგეგმე და რა მომენტები იყო შენთვის და სტუმრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი?
ქორწილს ვგეგმავდით დაახლოებით 5 თვის განმავლობაში და ვერ ვიტყოდი, რომ მარტივი იყო. პირიქით, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენც და სტუმრებსაც მაქსიმალური სიამოვნება მიგვეღო. გამოვტყდები და ვიტყვი, რომ თავიდან ქორწილს ძალიან პრაგმატულად ვუყურებდი. ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება განვიცადე, როცა ლაშასთან ცხოვრების დაკავშირება გადავწყვიტე, ქორწილი კი იქნებოდა ჩვენს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ამის აღნიშვნა. შევცდი და ამას გულწრფელად ვამბობ – ქორწილის დღემ ისეთი ემოცია და სიხარული მოგვიტანა ორივეს, სიტყვებით ვერასდროს გადმოვცემ და ამას ვერ შევძლებ.
მთლიანი დღე, ყოველი წუთი განსაკუთრებული იყო. მიჭირს ასე გამოყოფა, მაგრამ ალბათ ის მომენტი იყო ყველაზე გამორჩეული, როცა მამამ მიმაცილა ლაშამდე. ასევე ჩვენი პირველი ცეკვა, რომელიც ჩემთვის დაუვიწყარი იქნება ცხოვრების ბოლომდე. ვფიქრობ, სტუმრებისთვის შთამბეჭდავი იყო, როცა მე და ლაშა ერთად დაგვინახეს. ლაშაც და სტუმრებიც მეუბნებიან, რომ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემმა სიმღერამ მოახდინა… ეს არ მქონდა დაგეგმილი, ლაშას თხოვნით ვიმღერე.
უსაზღვროდ მადლიერი ვარ ლაშასი. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კმაყოფილი ვყოფილიყავი და თავი ბედნიერად მეგრძნო…