დათუნა სირბილაძემ 24 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის სცენაზე, მუსიკალური მოღვაწეობის 20-წლიანი იუბილე აღნიშნა. დათუნას გვერდით მისი უდიდესი სამეგობრო იდგა, რომელმაც მას სიმღერისას მხარში ამოუდგა.
საღამოს წამყვანმა, ნიკოლოზ წულუკიძემ, რომელიც ასევე ირიცხება დათუნას სამეგობროს რიგებში, ღონისძიების ბოლოს აღნიშნა, რომ ქართული სიმღერის სიყვარულში დათუნას შეუძლია, ყველას შეეჯიბროს, 20 წლის იუბილე კი სწორედ ამისი დადასტურება იყო.
რეპერტუარი იმ ქართული ჰიტებისგან შედგებოდა, რომელთა ნაწილიც დათუნას შესრულებით ხელმეორედ შეიყვარა მსმენელმა, თუმცა იყო ახალი მუსიკალური გადაწყვეტები კომპოზიტორ ქეთი გაბისიანისგან, რომელმაც პაატა ანდრიაძის ბენდთან ერთად საინტერესო ვერსიები წარმოგვიდგინა.
მსმენელს, რა თქმა უნდა, არ გაჰკვირვებია, რომ დათუნამ „წითელფეხება მტრედებო“ ჩვეული ენერგიით შეასრულა, თუმცა საღამოს ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი გახლდათ ქეთი გაბისიანის აკომპანირებით „ბედო შავპირო, უპიროს“ არაჩვეულებრივი შესრულება, რომლის დასრულების შემდეგაც, კომპოზიტორს დათუნამ დიდი მადლობა გადაუხადა ამ შესანიშნავი ვარიანტისთვის.
როგორც აღვნიშნეთ, დათუნას გვერდს მისი მომღერალი მეგობრები უმშვენებდნენ – გიგა აბესაძე და კახა გრიგალაშვილი „ქართული ხმებიდან“, „შვიდკაცას“ წევრები, ანსამბლი „ჰერიო“, რომელიც, როგორც სცენაზეც აღინიშნა, სწორედ დათუნას ოჯახში სტუმრობისას შეიქმნა, თავად დათუნას ოჯახის წევრები, ანკა და გივიკო სირბილაძეები და მათმა განსაკუთრებულმა ტრიომ ტკბილი ხმებით დიდი ოვაციები დაიმსახურა დარბაზში… „ერთხელ ვიხილე“ კი დათუნამ თავისი ნათლიის, თამრიკო ჭოხონელიძის შვილთან, მარიამ როინიშვილთან და ნატალია ქუთათელაძესთან ერთად წარმოგვიდგინა.
იყო ბევრი სოლო სიმღერაც და რაც ქართულ კომპოზიციებს შეშვენით, მრავალხმიანობაც, თბილი და ტკბილი მელოდიებით სავსე საღამო საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მისი დასრულების შემდეგ კი დათუნა დიდხანს იღებდა მილოცვებსა და მადლობას ასეთი შესანიშნავი კონცერტისთვის…
პროექტის მხარდამჭერები:
საქართველოს კულტურის სამინისტრო
სსიპ “შემოქმედებითი საქართველო”
ქ.თბილისის მერია
რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“
საზოგადოებრივი მაუწყებელი
ორგანიზატორი კომპანია “ბი მარკ ჯგუფი”
მუსიკალური ხელმძღვანელი – ქეთი გაბისიანი
რეჟისორი – გვანცა მეფარიშვილი
მხატვარი – ვანო ჭელიძე
საკონცერტო პროგრამის პროდიუსერი – ნეკა სებისკვერაძე
დიზაინერი – ბესო დანელია
ფოტოგრაფი – გიორგი ცაავა
