როგორც იცით, HBO-მ მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელი მუსიკოსის, ტინა ტერნერის შესახებ დოკუმენტური ფილმი Tina გადაიღო. ბიოგრაფიული ფილმი არტისტის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს, ასევე ნაჩვენები იქნება საარქივო მასალაც. ნამუშევრის რეჟისორები დანიელ ლინდსი და ტიჯეი მარტინი არიან. ფილმის პრემიერა კი 27 მარტს შედგება.
ერთ-ერთ ინტერვიუში ტინამ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა და აიკ ტერნერთან ქორწინების წლები გაიხსენა. არტისტის განცხადებით, მეუღლე მას ფიზიკურ შეურაცხყოფას მუდმივად აყენებდა. 81 წლის ლეგენდარული მომღერალი საზოგადოებას გამოუტყდა, რომ 43 წლის შემდეგ მას პოსტტრავმული პერიოდი კვლავ აქვს.
„ჩემი წარმატების მიუხედავად საზოგადოება კვლავ აიკზე საუბრობს. ძალადობის შემდეგ დღემდე პოსტტრავმული სტრესი მაქვს“, – აცხადებს ვარსკვლავი.
ცნობისთვის, ტინამ მუსიკალური კარიერა ქმართან, აიკ ტერნერთან დუეტით დაიწყო. ისინი პოპულარულები სინგლით Proud Mary გახდნენ. 16 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი ერთმანეთს 1978 წელს დაშორდა.