LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „გვწერენ ნორმა და ხიმენა გამოაჩინეთო… დამსვენებლებს პირადად დავხვდებით, დავახვედრებთ სამოსს, ყველა რანჩოს სტილში იქნება“ – ვინ არიან ცნობილი „ტიკტოკერი“ სვანი ბიჭები, რომლებიც ლახამულაში კოტეჯებს საკუთარი ხელით აშენებენ

3285
ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე

ტექნოლოგიურმა განვითარებამ და განსაკუთრებით სოციალურმა პლატფორმებმა საზოგადოებას ბევრი ნიჭიერი ადამიანი გააცნო. ამ მხრივ დღეს პოპულარულობასა და აქტუალობას არ კარგავს TikTok, სადაც უამრავ სახალისო ვიდეოებთან ერთად, ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციასაც გაეცნობით.

ჩვენი სტატიის მთავარი გმირებიც სწორედ ცნობილი „ტიკტოკერები“ – ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე არიან, რომლებიც საზოგადოებამ სვანეთში მდებარე რანჩოდან გავრცელებული სახალისო და ამავდროულად, საინტერესო ვიდეოებით გაიცნო.

ჯანსაღი ცხოვრებისა და მთის მოყვარული სვანი ბიჭები გამომწერებს სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას უზიარებენ, განსხვავებული იმიჯისა და სტილის გამო კი მომხმარებლებმა ისინი ცნობილი სერიალის გმირებსაც კი შეადარეს, რის შემდეგაც მათი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.

თუმცა, TikTok-ის მიღმა, მათი ცხოვრება გაცილებით საინტერესოა, რადგან ბიჭებმა სვანეთში, კერძოდ კი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას პოპულარიზაციას სერიოზულად მოჰკიდეს ხელი და რანჩოს გარდა, ახლა იქ კოტეჯებს აშენებენ, რაც თავისთავად, ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

400 კვ/მ ფართის 3 სართულიანი სრულად კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს თავისუფლად უმასპინძლებს, ბიჭებმა თითქმის უკვე დაასრულეს, სექტემბრის მიწურულს კი გეგმავენ, პირველი სტუმრები მიიღონ, რომელთაც, როგორც ამბობენ, თავად დახვდებიან.

აღსანიშნავია, რომ კოტეჯის დაპროექტებით დაწყებული, მშენებლობისთვის საჭირო ყველა სამუშაოებში ლევანი და დათო პირადად არიან ჩართულები, სამომავლოდ კი ბიჭებს უამრავი საინტერესო გეგმა და მიზანი აქვთ დასახული.

დავით კვირიკაძე 22 წლის შემდგარი ფიტნესინსტრუქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია და როგორც თავად გვითხრა, მომავალი ადვოკატი. გარდა ამისა, დაინტერესებულია სპორტით, განსაკუთრებით ბოდიბილდინგით.

ლევან მაღრაძე კი 30 წლის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული მხატვარი-არქიტექტორია, რომელმაც ამ სფეროში მოახერხა და წარმატებას მიაღწია. გარდა ამისა, არის მომღერალი, უკრავს გიტარაზე.

დავითმა და ლევანმა მთაში ცხოვრების ყოველდღიურობაზე, ასევე თავიანთი სოფლის პოპულარიზაციის მიზანსა და სამომავლო გეგმებზე „ფორტუნასთან“ ისაუბრეს.

გვითხრეს, რომ უკვე 10 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, რაც არამხოლოდ პირად, არამედ საქმიან ურთიერთობებშიც ეხმარებათ, ამიტომაც ერთმანეთს არა მეგობრებს, არამედ ძმებს ეძახიან.

დათო: უკვე 10 წელია მეგობრები ვართ, მაგრამ იცით, როგორი მეგობრობა გვაქვს? ყოველ დღე რომ ერთმანეთს ვნახულობთ, სადმე წასასვლელი იქნება თუ საქმე გვაქვს გასაკეთებელი, ამასაც ერთად რომ ვაკეთებთ, ამიტომ, ერთმანეთს არა მეგობრებს, არამედ ძმებს ვეძახით. მათ შორის, TikTok-ზეც კი, ძმაკაცებად არავინ მოგვიხსენიებს.

მე სვანეთში დაბადებული და გაზრდილი ვარ, ლევანს კი დედა ჰყავს სვანი, ხშირად ჩამოდიოდა და ფაქტობრივად, ისიც სვანეთში გაიზარდა.

იმ პერიოდში კი, როდესაც ჩვენი მეგობრობა დაიწყო, ლევანი გარკვეული პერიოდი სვანეთში არ იყო ნამყოფი, ამიტომ ბავშვობის ნოსტალგიები კიდევ უფრო მძაფრად ჰქონდა, მე კიდევ იქ სახლი მაქვს, მშობლებიც იქ ცხოვრობენ, ამიტომ, რადგან უკვე მეგობრობა გვაკავშირებდა, ჩემთან, სახლში წავიყვანე.

ამის შემდეგ, ბავშვობის მოგონებებმა კიდევ ბევრჯერ გადაგვაწყვეტინა სვანეთში ერთად წასვლა. რანჩოზე კი, რომელსაც ჩვენი გამომწერები TikTok-ზე უყურებენ და სადაც მე ფიზიკურად ვმუშაობ, ლევანიც შემოუერთდა, სულ მეხმარებოდა – რასაც მე ვაკეთებდი, იმავეს ლევანიც.

შარშან ზაფხულს, როდესაც პირველი ვიდეო ჩავწერეთ, სტუმრები გვყავდა, მე და ლევანი მინდორში სამუშაოდ ვიყავით გასულები, ვთიბავდით, მუშაობის დროს ლევანმა უბრალოდ „სთორისთვის“ ფოტოები და ვიდეოები გადაიღო.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, შეუძლოდ იყო და დროის გასაყვანად TikTok-ის „ექაუნთი“ [ანგარიში] გახსნა, სადაც ზაფხულში გადაღებული ვიდეოები ატვირთა. ამ ვიდეოებმა იმხელა გამოხმაურება გამოიწვია, გამომწერები მალევე დაგვიგროვდა და დღეს მივიდა იქამდე, სადამდეც არის.

ლევანი: პირველი ვიდეო 300 ათასმა ადამიანმა ნახა და უამრავი კომენტარი გამოიწვია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეგრძელებინა. წელს კი, საზაფხულო სამუშაოებისთვის რომ წავედით და თიბვა, ფარცხვა, შეშის მოგროვება/დაჩეხა, საქონლისა და ცხენების მოვლა დავიწყეთ, ხალხის დადებითი გამოხმაურებებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ყოველდღიურობაც გვეჩვენება.

ზაფხულში – ივლისი და აგვისტო, ძირითადად სვანეთში ვართ და გარდა სოფლის სამუშაოებისა, ახლა კოტეჯის მშენებლობის დასრულების ეტაპზე ვართ.

ჯერჯერობით, სრულად კეთილმოწყობილი 1 დიდი კოტეჯია, რომელიც 12 ადამიანს დაიტევს და სტუმრებს საშუალებას მისცემს სვანეთის განუმეორებელი ბუნებით დატკბნენ.

პროფესიით მხატვარი-არქიტექტორი ვარ და შესაბამისად, ჩემთვის დაპროექტება რთული არ არის, ამიტომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, კოტეჯის აშენება დავიწყეთ.

დათო: მე თსუ-ში, სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობ, მომავალი ადვოკატი ვარ. ამასთანავე, რუსთავში, ერთ-ერთ პრესტიჟულ ფიტნესცენტრში მთავარი „ტრენერი“ [ფიტნესინსტრუქტორი] ვარ და მოსწავლეებს ინდივიდუალურად ვავარჯიშებ.

რაც შეეხება რანჩოს თემას, ცოტა უფრო მეტად რომ განვავრცოთ, ვიდეოებში, რომელსაც ჩვენს გამომწერებს ვუზიარებთ და სადაც ჩვენი იმიჯით ვართ წარმოდგენილები, ხალხმა ყველასთვის საყვარელი სერიალის გმირებს მიგვამსგავსა და იქიდან აიტაცეს, რეალურად კი, ეს დაგეგმილი არ გვქონია, რადგან მართლა ასეთი იმიჯი გვაქვს.

პარალელები თავად გამომწერებმა გაავლეს და ჩვენც ერთხელაც, ამ სერიალიდან მუსიკის დადება ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენს კონტენტს მოუხდა კიდეც. მერე კომენტარებში გვიწერდნენ: „გოგოები – ნორმა და ხიმენა გამოაჩინეთ, სად არიანო“.

ლევანი: როგორც უკვე გითხარით, ვარ მხატვარი-არქიტექტორი, დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია. ამასთანავე, 2019 წელს მუსიკალური კომპანიაში ვმუშაობდი, ვარ მომღერალი. ბენდში გიტარაზე ვუკრავდი და გარკვეული პერიოდი ანტალიაში ამ პროფესიით ვმუშაობდი.

თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, „ტრენერად“ 2 წელი ვიმუშავე. ახლა უკვე ფერმისა და სვანეთის ამბებით ვარ დაკავებული.

დათო: ჩვენი ჰობი მთებში მოგზაურობა, ლაშქრობა და თავგადასავლებია. ვაწყობთ ხოლმე მასშტაბურ გასვლებსაც. რამდენიმე დღის წინ, 1 დღეში, 40 კილომეტრი ფეხით ისეთი მთები მოვიარეთ, სადაც ივლისშიც კი თოვლია. აქ, ივლისში რომ ხალხი სიცხისგან წუხდა, ჩვენ გვციოდა, TikTok-ზე ვიდეოებიც გვიდევს.

მოკლედ, ზაფხულის სეზონს სრულად სვანეთში ვატარებთ, ვმუშაობთ და შეძლებისდაგვარად, თავისუფალ დროს, ვერთობით კიდეც.

რანჩოს რაც შეეხება, გვაქვს საჯინიბო და გვყავს საკუთარი ცხენები, რომელთაც ვუვლით და სპეციალური, განსაკუთრებული სტუმრებისთვის საჯირითოდ გამოგვყავს ხოლმე.

ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტად გავფართოვდეთ, განვვითარდეთ, რადგან ლევანი არქიტექტორია და ამ მიმართულებით ცალკე ძიება არ გვჭირდება.

ვაპირებთ ამავე ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენს საკუთრებაშია, კიდევ 3-4 კოტეჯი ავაშენოთ, დამსვენებლებს ჩვენვე დავხვდეთ და ვუმასპინძლოთ. სტუმრებს რანჩოს სამუშაოებშიც ჩავრთავთ, ეს სახალისოც იქნება და საინტერესოც.

ლევანი: ზოგადად, მესტიაში ტურიზმი ძალიან განვითარებულია, თუმცა დამსვენებელთა მეტი წილი მესტიასა და უშგულში ჩადის, ხოლო ჩვენი სურვილია ტურიზმი სვანეთის სხვა სოფლებშიც განვავითაროთ.

სოფელი ლახამულა კი, სადაც ჩვენი კოტეჯია განთავსებული, მესტიამდე 35 კილომეტრშია, ამიტომ მიზანია, ჩვენი სოფელი უფრო წინ წამოვწიოთ, გვინდა მეტი პოპულარიზება მოვახდინოთ და როგორც მესტიაში ჩადის ტურისტი, ისე ჩამოვიდეს ლახამულაშიც, სადაც ასევე არანაკლები ბუნება და სანახაობაა.

დათო: კონტენტს, რომელსაც TikTok-ზე ვათავსებთ, ძირითადად ლევანი ტვირთავს, მე არაფერს ვდებ. პარალელურად, გამოჩნდნენ ტექნიკის მაღაზიები, რომელთაც სურვილი გამოხატეს, ჩვენი კოტეჯი მეტი კომფორტით უზრუნველყონ, ასე რომ რეკლამის განთავსების მსურველებიც გვყავს და მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი დავიწყეთ, მეგობრობა ამაში ხელს ნამდვილად არ გვიშლის, პირიქით.

ეს საქმე ერთად დავიწყეთ, მეგობრები, ძმები ვართ და შემოსულ ფინანსებსაც სურვილისამებრ, ასევე საჭიროების თანახმად ვანაწილებთ.

ლევანი: საზღვარგარეთ გასვლები მაქვს, ნამუშევრების გამოფენებს ვაწყობთ. 2 გამოფენა უკვე მქონდა დუბაიში, ბოლოს ავსტრიაში ვიყავი.

მხატვრობაშიც ჩემი ძირითადი თემა ცხენებია. სხვათა შორის, ავსტრიაში ბოლო ვიზიტის დროს, ერთი სურათი დავხატე, ნამუშევარი საქართველოში წამოვიღე და ვაპირებთ, რომ ჩვენი გამომწერებისთვის გათამაშება მოვაწყოთ, ნახატის ღირებულება 5 ათასი დოლარია, ამიტომ მინდა გამომწერებისთვის საჩუქრად გავათამაშო.

დათო: ჩვენ კოტეჯს კი ვეძახით, მაგრამ 400 კვადრატია და 3 სართულიანია, ფაქტობრივად სახლი/ვილაა. ვფიქრობთ სექტემბერ-ოქტომბერში უკვე სტუმრების მიღებასაც შევძლებთ. ვიდეოებში ჩანს, რომ თითქმის ყველაფერი დასრულებულია, თუმცა საპარკინგე სივრცე არ გვიჩვენებია, რომელიც მიწისქვეშაა.

შენობის ქვემოთ, შიდა პარკინგი გვაქვს გაკეთებული, ეს დაგვრჩა რომ მოვაწესრიგოთ და ასევე, ვაპირებთ რომ ფარეხში მარანი გავაკეთოთ.

ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით წამოვედით და მარშრუტკაში, გვერდით 60 წლამდე 4 ქალბატონი გვეჯდა. ავედით თუ არა, ეგრევე გვიცნეს – „თქვენ ისინი არ ხართ, სვანეთში, რანჩო რომ გაქვთო, ყველას ძალიან გვიყვარხართ, კარგ საქმეს აკეთებთო“.

„ფეისბუკი“ გახსნა და მაჩვენა ჩვენი ვიდეოები ჰქონდა გაზიარებული, ძალიან სასიამოვნო იყო. სხვათა შორის, უარყოფითი რეაქცია ან კომენტარი ჯერჯერობით, არავისგან მიგვიღია. პრინციპში, არც უნდა იყოს უარყოფითი, რადგან ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ვახდენთ, ვშრომობთ და იმის იქით თუ ვხუმრობთ რაღაცას, არ მგონია, ეგ გამაღიზიანებელი იყოს.

ლევანი: ხიმენას და ნორმას რაც შეეხება, ჩვენც გვგონია, რომ ძირითადად ყველა ხუმრობს, ვინც გვიწერს, რომ გოგოები გამოვაჩინოთ თუ მოვნახოთ, ჩვენც შესაბამისად, ამ ყველაფერს ხალისით და ხუმრობითვე ვპასუხობთ.

სერიოზულად რომ გითხრათ, იქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობთ, რანჩოდან 10 წუთის სავალზეა სახლი და შესაბამისად, მუშაობის შემდეგ, სახლში ვბრუნდებით. რეალურად, კი გოგოებს რაც შეეხება, ორივე დასაოჯახებელი ვართ და რა ვიცი, თუ გამოჩნდებიან, გამოჩნდებიან… ძირითადად, იმდენი საქმით ვართ მოცული, რომ მე პირადი ცხოვრებისთვის, ამ ეტაპზე, არ მცალია.

დათო: თან გოგოებისთვის ვაკანსია გვაქვს თავლაში. ისეთი ნორმა და ხიმენა უნდა გამოჩნდნენ, რომ რაღაც საქმის დათმობა ღირდეს, ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

რადგან ეს კონტენტი ხალხს ძალიან მოეწონა და ჩვენც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, თუნდაც ამ იმიჯითა და სამოსით, ჩვენი სტილის შეცვლას არ ვაპირებთ, პირიქით, ვფიქრობთ, დამსვენებლებს სწორედ ამ დამახასიათებელი ნიშით, პირადად დავხვდეთ და მასპინძლობა გავუწიოთ.

გვექნება ერთგვარი „დრესკოდიც“, დავახვედრებთ სამოსს და ყველა რანჩოს სტილში იქნება გადაწყვეტილი. მე და ლევანი კი სტუმრებს თავად დავხვდებით და მათ კომფორტსა და უსაფრთხოებაზე, ასევე მაქსიმალურ დასვენებაზე, პასუხისმგებლები ვიქნებით.

რადგან სვანეთის ამბები მოგიყევით, აქვე თქვენთან დავაანონსებთ, რომ უახლოეს მომავალში, რანჩოს გაკეთებას თბილისშიც ვგეგმავთ, რომელსაც ცოტა სხვა ტიპის კონცეფცია ექნება.

რადგან ჩვენ სეზონურად, წელიწადის ერთი ნახევარი სვანეთში ვატარებთ, ხოლო მეორე ნახევარს თბილისში, ამიტომ თემატიკას არ ვცვლით და რანჩოს ტიპის კაფეს დედაქალაქშიც გავაკეთებთ, სადაც ის ხალხი, რომელთაც TikTok-ზე ჩვენი კონტენტი მოსწონს, მოვა და თავს იმავე გარემოში იგრძნობს. გვინდა ეს გეგმა წლის ბოლომდე სისრულეში მოვიყვანოთ.

ლევანი: სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, დათო ჩემპიონატებისთვის ემზადება, ბოდიბილდინგის მიმართულებით. მე გამოფენებზე და სამხატვრო თემებზე ვფიქრობ.

დათო: რადგან რანჩოს თემატიკის შენარჩუნებას ვგეგმავთ, მეტი სივრცის ათვისება გახდება საჭირო, რაც მეტ სამუშაოსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. მეტი ადამიანი კი საიდან მოვა?! – ნორმა და ხიმენა უნდა გამოჩნდნენ, რომ გავმრავლდეთ.

ლევანი: ამ ეტაპზე TikTok-ზე ვართ უფრო აქტიურად წარმოდგენილი, გვაქვს Insatgam-იც და მომავალში ვგეგმავთ, რომ ისევ და ისევ რანჩოს თემატიკაზე YouTube-ზეც შევქმნათ ვიდეოკონტენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები