ზუკა ხუციშვილს 1-ელ მაისს დაბადების დღე ჰქონდა და მისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან პირველად შეხვდა მამის ამპლუაში, პატარა გიო ხუციშვილთან ერთად.
ზუკას დედა, მაია ჯორჯაძე გვიყვება ზუკას დაბადების დღისა და შვილიშვილის შესახებ:
ზუკა გახდა 34 წლის. პირველი დაბადების დღე იყო შვილთან ერთად…
გიო პირველად გამოაჩინეთ და აშკარად ძალიან ჰგავს დიდ გიო ხუციშვილს…
კი, კი ნამდვილად ჰგავს. გიოსაც ჰგავს და ზუკასაც. თითქოს ყველაფერი გრძელდება…
როგორი ბიჭია?
ძალიან ჭკვიანი, კარგი ბიჭია, უკვე ძალიან ცელქია, ყველას დანახვა უხარია, არ უცხოობს ადამიანებს. კარგი ბუნების ბიჭია, ხასიათითაც ჰგავს ზუკას.
ბენდის ახალ წევრად რომ „აიყვანეს“, დრამერად, ამ ვიდეოზე, ალბათ, ძალიან იხალისეთ…
ჩამიგდო ზუკამ ვიდეო და ძალიან ვიხალისე. ეჭვი არ მეპარება, რომ გიო იქნება მუსიკოსი და მომღერალი. ასე ვფიქრობ, რაღაცას რომ ჩავურთავ, ან პიანინოსთან დავსვამ, გიჟდება, სულ უნდა, რომ თვითონაც აჰყვეს…
ზუკა ზუსტად ამხელა იყო, როცა როიალთან დავსვით და უკვე მღეროდა. გიომ ცოტა დააგვიანა… 10 თვის იყო ზუკა, როდესაც უკვე ბგერებს გამოსცემდა სუფთად და სწორად…

თქვენი, როგორც ბებიის როლი, როგორია?
გიოს მოვლაში ძალიან არიან ჩართულები მშობლები. როცა ჩემი დახმარება სჭირდებათ, მზად ვარ. შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ გიო ზუკას გაზრდილია. გიოც ძალიან ცდილობდა, რომ ზუკასთვის ყველაფერი გაეკეთებინა, მაგრამ რასაც ზუკას ვუყურებ, სულ სხვა რამეა, ღამეებს უთენებს, უცვლის, აჭმევს, რაც შეიძლება, რომ მშობელმა გააკეთოს, ყველაფერს აკეთებს. ჩემთან რომ მოჰყავს, ერთი წუთი არ ტოვებს.

როგორ გინდათ, რომ იყოს გიო, როცა გაიზრდება?
მთავარია, იყოს ჯანმრთელი, წესიერი, ზრდილობიანი ადამიანი. დანარჩენი, ყველაფერი იქნება…