თიკა ფაცაცია, როგორც თავად აღნიშნავს, თავისი საეტაპო ნამუშევარი, 7 ივლისს, „კავეა სითი მოლის“ დარბაზში წარუდგინა საზოგადოებას.
ეს არის სიმღერა სახელწოდებით „ბედნიერების მჯერა“, რომელიც რუსა მორჩილაძემ წელიწადნახევრის წინ სპეციალურად თიკასთვის დაწერა. შემდეგ იყო ძალიან ბევრი ფიქრი, შრომა, ვიზიტი ნიკოლოზ რაჭველთან, რომელმაც სიმღერას „მუსიკალური სამოსელი ჩააცვა“, შექმნა არანჟირება ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრისთვის. საქმეში ჩაერთო თიკას დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა, არჩილ სოლოღაშვილი, რომელმაც პროექტის კრეატიული დირექტორობა ითავა და კლიპის სამზადისში დიდი როლი ითამაშა. რეჟისორმა მახო ყიფიანმა კი თიკას და არჩილის იდეებს ფრთები შეასხა. კლიპში მომღერალს სალომე ტყაბლაძის მიერ შექმნილი სამოსი აცვია.













რაც შეეხება თავად ვიდეოს, გარდა ულამაზესი კადრებისა, სადაც თიკა ბრწყინვალედ გამოიყურება, მას კიდევ ერთი საინტერესო დეტალი უკავშირდება – თიკას ბავშვობას ასახიერებს მისი ძმისშვილი, ულამაზესი გოგონა, რომელიც როგორც მომღერლის ბავშვობის მეგობრებმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენეს, მამიდის ბავშვობის ზუსტი ასლია და არჩილ სოლოღაშვილის თქმით, მამიდასავით ნიჭიერია. მსახიობმა ასევე გაიხსენა, როგორ დაუკავშირდა მისი ცხოვრება 20 წლის წინ თიკა ფაცაციას, როდესაც მის კლიპში ცეკვავდა – „ეს 20 წელი გავიდა, ახლა მართალია, თიკასთან ერთად კლიპში არ მიცეკვია, მაგრამ ტალღებთან ერთად ვთრთოდი…“, აღნიშნა ხუმრობით აჩიკომ.
თიკამ კი საზოგადოებას დაწვრილებით მოუთხრო, როგორ მივიდა ამ სიმღერამდე, საავტორო კომპოზიციამდე, რომელიც ძალიან უნდოდა, ჰქონოდა რუსა მორჩილაძისგან – „რა თქმა უნდა, ამდენი წლის განმავლობაში ვმღეროდი, მაგრამ ეს კიდევ სხვა არის, ხომ დამეთანხმებით? რუსას არაერთ სიმღერას ვასრულებ, მომცა ამის უფლება, მაგრამ მოხდა ისე, რომ დამპირდა, შენთვის უნდა დავწერო სიმღერაო. რასაკვირველია, ამ დაპირების შემდეგ ის არ შემიწუხებია. ერთ მშვენიერ დღესაც, მირეკავს, სიმღერა დაგიწერეო, ღამის ორ საათზე (იღიმის). მთელი თავისი ბობოქარი ხასიათით დაჯდა და დაიწყო დაკვრა… მარიამმა მითხრა, რომ ერთი ამოსუნთქვით დაწერაო. მარიამი ინახავს ყველაფერს, რასაც რუსა ქმნის. დიდი მადლობა, მარიამ, ამისთვის… მოკლედ, ეს არის, აბა, შენ იციო. ვატყობ, რომ სიმღერა არის გამორჩეული. დავურეკეთ ირინა სანიკიძეს და დავსხედით მასთან ერთად ტექსტის მოსაფიქრებლად. რა ვქნათ, რაზე ვიმღეროთ? მე პირიდან მივარდებოდა სიტყვები, მერე ირინა უცებ აქცევდა სიტყვებად, რომლებსაც ახლა ისმენდით და მგონია, რომ ჩემი ამონათქვამია. მერე საქმეში ჩაერთო არჩილი, ჩემი ყველაზე ძვირფასი გულშემატკივარი და განსაკუთრებული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში. კლიპში ყველაფერზე ის ზრუნავდა, „ბეჭებში გაიმართედან“ დაწყებული, სიმღერის ჩართვით დამთავრებული, როგორი რაკურსით უფრო კარგად გამოვჩნდებოდი და ა.შ. მამშვიდებდა, როცა ვნერვიულობდი პატარ-პატარა დეტალებზე.













მინდა, მადლობა ვუთხრა მახო ყიფშიძეს, რომელმაც ფრთები შეასხა ვიდეოს. მიხვდებოდით, რომ ვინც ჩემს ბავშვობას განასახიერებს, არის ჩემი ძმისშვილი, ნინა ფაცაცია. სანამ სიმაღლეში დამეწეოდა, მოვასწარით კლიპის გადაღება (იცინის). ერთ საღამოს, ტრადიციულ საოჯახო სადილზე რომ შევიკრიბეთ, ნინას შევხედე და მასში ჩემი ბავშვობის ბევრი მომენტი დავიჭირე. გარდა ვიზუალური მსგავსებისა, ბავშვობაში ზუსტად ასევე ვატარებდი თმას. ისეთივე ყოჩაღი დედიკო ჰყავს ნინას, როგორიც მე. ძალიან ბევრ რამეს ასწავლის პატარაობიდან. მღერის, ცეკვავს, მამიდას გოგოა, მაგრამ სინამდვილეში, დედიკოს და მამიკოს გოგოა. ვკითხე, თუ ითამაშებდა ჩემს კლიპში და დამთანხმდა. ნინას მადლობა, რომ ჩემი კლიპის მთავარი პერსონაჟი – რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, ის ამიხდა და მქონდა შესაძლებლობა, შენთან ერთად ეს მეჩვენებინა. მადლობა კოსტიუმისთვის, რომელიც კლიპში „მღერის“, სალომე ტყაბლაძისაა. ამ კოსტიუმს ასეთი დავალება ჰქონდა (იღიმის). ჩემი არაერთი კლიპის სამოსი მას ეკუთვნის და მიხარია, რომ 20 წლის შემდეგ ისევ ერთად ვიმუშავეთ. და რაც მთავარია, ის, რაზეც ვერასდროს ვიოცნებებდი და ვერ ვინატრებდი, მიუხედავად იმისა, რომ მე და ნიკოლოზ რაჭველი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. მან უბრალოდ, საოცრება დაატრიალა. ჩემთვის წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო. ეს არის ჩემი „გრემიც“ და ჩემი „ოსკარიც“. ასეთი კომპოზიტორის შექმნილი სიმღერა, ასეთი არანჟირებით, ასეთი კრეატიული დირექტორის, ჩემი არჩილის თვალით დანახული… ეს არის ჩემი საეტაპო ნაშრომი და თუკი თქვენც ასე მიიჩნევთ, ბედნიერი ვარ!..“ – მიმართა საზოგადოებას თიკამ.
„ბედნიერების მჯერა“ ოპტიმისტური სიმღერაა და თიკას ბავშვობის ოცნებების ახდენას უკავშირდება. უნდა ითქვას, რომ პროექტზე მუშაობისას მომღერალს ხშირად ჰქონდა ცრემლები თვალებზე და როდესაც საზოგადოებას კლიპი წარუდგინა, და შემდეგაც, როდესაც დიდი აპლოდისმენტები მიიღო ვიდეორგოლის პირველი შემფასებლებისგან, თვალებზე ხელი აიფარა და ემოციები ვერ შეიკავა – „ასეთი ვარ… ადვილად ვტირი. მეტირება იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა ჩემს მხარდასაჭერად და ჩემი სიხარულის გასაზიარებლად. ამის აღქმა არ ყოფილა ადვილი. გამოვიდა ის, რაც ძალიან მინდოდა – მსურდა, ის ადამიანების გულებამდე მისულიყო… ამიტომ, როგორ არ ვიტირო?!“, აღნიშნა თიკამ fortuna.ge-სთან ემოციებისა და შთაბეჭდილებების გაზიარებისას.
მასალა მოამზადა ნინო მურღულიამ
ფოტო: დათუნა აგასი