ნათია დუმბაძემ ახლახან ახალი სიმღერისა და ვიდეორგოლის პრემიერა გამართა და მეგობრები და ჟურნალისტები „არდეში“ მიიწვია. საღამო სასიამოვნო ცოცხალი მუსიკით დაიწყო. მეგობრებსა და კოლეგებს კლიპის პირველ ნახვამდე ერთმანეთთან ურთიერთობისა და სიახლეების გაზიარების შესაძლებლობა მიეცათ.
შემდეგ კი ეკრანის წინ გამოყოფილი ადგილი საღამოს მთავარმა გმირმა დაიკავა, რომელიც ლაშაო გაბუნიას მიერ შექმნილ კაბაში ბრწყინავდა. ნათიამ მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სიმღერისა და ვიდეოს შექმნაში.

„ესეც ჩემი ახალი ნამუშევარი, რომელშიც გული – სული ჩავდე და თქვენთან მოვიტანე უდიდესი სიყვარულით… იმედია, თქვენც მოგეწონებათ და შეიყვარებთ ამ სიმღერას და კლიპს…

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო: მუსიკის ავტორს, ლაზარე ადამიას, ტექსტის ავტორს, თემო საჯაიას, არანჟირების ავტორს, ზაზა ხუბუკელაშვილს, კლიპის რეჟისორს, ალექსანდრე ფურცხვანიძეს, მეიქაფ არტისტს, თამთა ბოჭორიძეს. უდიდესი მადლობა ასევე ჩემს მეწყვილეს ამ კლიპში, გიორგი ორბელაძეს, რომელმაც იდეალურად გაართვა თავი როლს…“

კლიპი საზოგადოებამ ორჯერ ნახა და პირველივე გაშვებაზე უკვე მელოდიას ჰყვებოდა. როგორც ნათიას კოლეგები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავდნენ, სიმღერა ისეთია, რომ ადვილად გამახსოვრდება და აგეკვიატება.
მარიტა როხვაძე:
ძალიან მომეწონა, ისეთი სიმღერაა, რომ მოუსმენ და ეგრევე აჰყვები. მინდა, დუმბოს ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო, როგორი ბრჭყვიალა და ქარბორბალაც არის… მისი სიმღერები, დუეტები, ყველა ჰიტია… კიდევ ბევრი კარგი სიმღერა გვინდა, დუმბო!..

ნანუკა გოგიჩაიშვილი:
სანამ გაგვიზიარებდა მთლიან ვარიანტს, ნაწყვეტები დადო და ყველამ აიტაცა. მისამღერის ნაწილი ყველას მოეწონა და გულთან მიიტანა. ეს კომპოზიცია ზოგს თავის ჭრილობას გაახსენებს, ზოგს უკვე ჩავლილ ამბებს – მგონია, რომ მსმენელი მას ძალიან შეიყვარებს. ვულოცავ ნათიას და კიდევ ბევრ პრემიერას ვუსურვებ.

ლალი ტოტიკაშვილი:
მგონია, რომ ეს სიმღერა აუცილებლად გაჰიტდება. ხომ რთულია, სიმღერა პირველ მოსმენისას დაგამახსოვრდეს, მაგრამ პირველივე ნოტიდან ჩაჯდა ყურში. ვფიქრობ, ამ სიმღერას დიდი წარმატება ექნება, ნათიას კი ვუსურვებ ბევრ ასეთ სიმღერასა და კლიპს.


მაკა ზამბახიძე:
„სთორიზე“ რომ დებდა სიმღერის ნაწყვეტებს, ვწერდი, ნათი, რა მაგარია-მეთქი. დღეს უკვე მომზადებული მოვედი, ზეპირად ჩავაბარე მისამღერი (იღიმის). ვულოცავ და მართლაც იმსახურებს ეს სიმღერა გაჰიტებას. ვიმედოვნებ, რომ მსმენელი შეიყვარებს. ახალს ითხოვს მსმენელი. აგერ გეუბნებით, ლინკსაც გავაზიარებთ და მოუსმინეთ ახალ სიმღერებს!..

საღამოს ბოლოს, როდესაც ნათიამ გადაწყვიტა, შეკრებილ სტუმრებს გემრიელი ტორტით გამასპინძლებოდა, ეკრანზე სალომე ბაკურაძის ოჯახური კადრები გავიდა, რაც თავად საღამოს მასპინძლის იდეა იყო. მან აღნიშნა, რომ სალომეს გარეშე მის არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არ ჩაუვლია და მიუხედავად იმისა, რომ კლიპის პრემიერას მისი ახლო მეგობარი გასაგები მიზეზების გამო ვერ დაესწრო, მაინც უნდოდა, რომ ღონისძიების განმავლობაში სალომე ასე მაინც გამოჩენილიყო მისთვის მნიშვნელოვან დღეს.
„მე და სალო საუკეთესო მეგობრები ვართ, ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვდგავართ ყველა სიტუაციაშია ყველგან და ყოველთვის. ყველამ ვიცით მიზეზი, რატომ ვერ იყო ჩემთან…ამიტომ გადავწყვიტე, ეკრანზე მაინც მყოლოდა და ჩემთან ერთად ყოფილიყო. სიმბოლურად შევარჩიე მისი საახალწლო სიმღერა, სადაც მთელი ოჯახით არის წარმოდგენილი“, აღნიშნა ჩვენთან საუბრისას, კლიპის პრემიერა კი ასე შეაფასა:

„ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ყველა მოსულ სტუმარს, კოლეგას, ვინც დამაფასა და მოვიდა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. იმედი მაქვს, ჩემი მსმენელი დაიჭერს ზუსტად იმ ენერგიას, რასაც ეს სიმღერა აფრქვევს. კლიპი გადავიღეთ უმოკლეს დროში, როგორი გადარეულიც ვარ, ისე გადარეულად მიმდინარეობდა ეს გადაღებები… სიმღერა არის სიყვარულზე, რომელიც დამთავრდა, მაგრამ ჩვენს გულებში რჩება ამბად… ამ ამბებით არის ჩვენი ცხოვრება სავსე და საინტერესო…“
ფოტო: დათუნა აგასი
✨🎥 ფოტო/ვიდეო: „სიმღერა სიყვარულზე, რომელიც დამთავრდა…“ – ნათია დუმბაძის ახალი ვიდეორგოლის პრემიერა და ჟესტი მეგობრის, სალომე ბაკურაძის მიმართ ვრცლად: https://bit.ly/4q8FpJt
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on Friday, December 12, 2025
