LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: თაკო კაკალაშვილი რჩეულს ხუთწლიანი განშორების შემდეგ თავიდან შეხვდა – წყვილის ულამაზესი ქორწილი, კონცერტი, მამასთან შესრულებული დუეტი და ჯვრისწერა ფორსმაჟორში: „ისეთი ბედნიერები ვართ, გვინდა, ჩვენი სიყვარული სამაგალითო იყოს…“

1871
2025-09-12_11-50-08_774015

ახლახან მომღერალი თაკო კაკალაშვილი გაბედნიერდა. მისი რჩეული გიგა სამადალაშვილია. ქორწილი ულამაზეს გარემოში გაიმართა, ბევრი რამ თავად თაკოს მეუღლემ ააწყო საკუთარი ხელით… ამჟამად წყვილი იტალიაში საქორწილო მოგზაურობაში იმყოფება და სიამოვნებით იხსენებენ ქორწილის დღეს, რომელიც დაუვიწყარი აღმოჩნდა როგორც თაკოსა და გიგასთვის, ასევე მათი სტუმრებისთვის. თაკო კაკალაშვილი ქორწილის ამბებს და სიყვარულის ისტორიას fortuna.ge-სთან ექსკლუზიურად ჰყვება.

თაკო, გილოცავთ გაბედნიერებას. გაგვაცანით თქვენი რჩეული, გაცნობის ისტორია, თქვენი სიყვარულის ამბავი, როგორ და სად შეხვდით და როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი სიყვარული?

ჩემი რჩეული არის გიგა სამადალაშვილი. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით მათემატიკის გაკვეთილზე, რადგან ძალიან აქტიური ვიყავი, გადამსვეს გიგასთან, შანსი არ არის, ვერ აალაპარაკებო, ზუსტად ერთ თვეში ისეთი შეყვარებულები ვიყავით, ვეღარ დავმალეთ და გავხდით შეყვარებულები. მერე, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარეთ, დავშორდით ხუთი წლის განმავლობაში. ისევ გადავიკვეთეთ ხუთი წლის შემდეგ, ზრდასრულები და ჩამოყალიბებულები და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. იმ ხუთი წლის შემდეგ ისევ რომ შევხვდით ერთმანეთს, მივხვდით, რომ არაფერი შეცვლილა და ისევ გვიყვარდა ერთმანეთი. გადავწყვიტეთ, ცხოვრება ერთმანეთისთვის დაგვეკავშირებინა.

ხელის თხოვნაზეც მოგვიყევით, რა ვითარებაში შედგა და რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის?

ჩვენი სიყვარული ისე განვითარდა, რომ საცაა ხელი უნდა ეთხოვა, ამას ვხვდებოდი. ორი თვე სულ გაპრანჭული დავდიოდი, რადგან მინდოდა, შემზადებული ვყოფილიყავი ამ დღისთვის, მაგრამ ეს დღე არა და არ დადგა. მერე გავემგზავრეთ ლონდონში. ვიფიქრე, რომ ეს მოგზაურობა იმისთვის დაგეგმა, რომ ხელი ეთხოვა. მოვამზადე ყველა გაჯეტი, ვიყიდე დრონი, ხან დრონს ავაფრენდი, შევხედავდი, ახლა ხომ არ უნდა დაიჩოქოს-მეთქი. საბოლოოდ, არც ლონდონში არ მთხოვა ხელი. ვიდეოებს ვუყრიდი, როგორ სთხოვდნენ ხელს საყვარელ ქალებს ხან თხილამურებზე სრიალისას, ხან სხვადასხვა ვითარებაში, მაინც არაფერი მოხდა. ალბათ, არ არის მზად-მეთქი, ვფიქრობდი და იმედიც გადაწურული მქონდა. ერთ დღეს, წავედით რესტორანში, მორიგ პაემანზე. არც გამოპრანჭული ვიყავი… უცებ დავინახე, რომ ჩვენკენ მოდის ფოტოგრაფი და ვიღაცას მოაქვს ყვავილები. ვიფიქრე, შეეშალათ-მეთქი. უცებ ჩვენი მეგობრებიც შემოცვივდნენ, გავიხედე და გიგაც დაჩოქილი იყო ცალ ფეხზე. ყველაფერი მიკანკალებდა და არარეალურ ფრაზებს ვისროდი. ძალიან სასაცილო ვიდეო გამოვიდა… ეს იყო ჩემთვის ყველაზე ტოპ და ბედნიერი დღე, მაგრამ ამ დღეს აჯობა ქორწილის დღემ.

ახლა ქორწილის დეტალებზეც ვისაუბროთ. როგორც ფოტო და ვიდეომასალიდან ჩანს, საკმაოდ დეტალურად გქონდათ დაგეგმილი – როგორ შეარჩიეთ კაბა, ლოკაცია და რა პროგრამა უნდა ყოფილიყო?

ქორწილი თავიდან გვინდოდა ძალიან სადა, მეგობრების წრეში. საზღვარგარეთაც ვგეგმავდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდით, რომ იმდენი ადამიანი გვიყვარს, გვინდოდა, საქართველოში გაგვეკეთებინა. არ გვინდოდა, ვინმე შეგვეწუხებინა და ჩვენთვის ჩუმად დავაორგანიზეთ ჩვენი ქორწილი, მე და ჩემმა ქმარმა დავგეგმეთ მთლიანად, თუმცა ჩვენი მეგობრები ძალიან გვედგნენ გვერდში. მადლობა „შუაგულს“, მიყვარს ეს გარემო, ძალიან დაგვეხმარნენ, ჩვენმა დიზაინერმა კი ყველაფერი ერთ-ერთში ააწყო და გააკეთა ისე, როგორც გვინდოდა. ჩემმა ქმარმა ხელით ააწყო ბევრი რამ, ფარდა, ხელის მოწერის ცერემონიის დეტალები… ბევრი ვიშრომეთ, რომ ქორწილი ისეთი გამოსულიყო, როგორიც გამოვიდა.

არ მინდოდა, ქორწილი ყოფილიყო გადატვირთული, გვინდოდა ელეგანტური, მინიმალისტური და სიყვარულით სავსე და მგონი, ასეთიც გამოვიდა და შედგა.

რაც შეეხება კაბას, არ შემიკერავს, მივედი, ვნახე და მივხვდი, რომ უნდა შემეძინა. ვარჩიე, ვყოფილიყავი კლასიკური პატარძალი. ეს კაბა ისე მიყვარს, წლები რომ გავა, ჩემი შვილისთვის შევინახავ, შემდეგ კი – შვილიშვილისთვის…

ყველაზე მეტად რომელი მომენტი დაგამახსოვრდათ თქვენი ქორწილიდან?

ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო გიგასთან ერთად დაისის ცეკვა. გიგას არასდროს შეუსრულებია დადგმული ცეკვა. ორივე ვნერვიულობდით და ისე გაართვა თავი, რომ ჩემთვის ყველაზე ემოციურ მომენტად იქცა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ჯვრისწერა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. ვიყავით ერთ-ერთ ტაძარში, სადაც ჩვენი ჯვრისწერა ვერ შედგა. შემდეგ პატარა და საყვარელ ეკლესიაში მივედით, გავიცანით მამაო, რომელმაც გულიანად და სიყვარულით დაგვწერა ჯვარი. მთელი ამ პროცესის განმავლობაში თვალზე ცრემლი არ შემშრობია. აქედან დაწყებული მთელი საღამო სულ ვტიროდი, არ ვიცი, მაკიაჟმა როგორ გამიძლო.

მამასთან ერთად სიმღერა ალბათ განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება. ეს მომენტიც რომ გავიხსენოთ.

რაც შეეხება სიმღერას, მე და მამას დიდი ხანია, ერთად არ გვიმღერია. ბავშვობის მერე აღარ ვასრულებთ დუეტში სიმღერებს როცა ვთხოვე, ესეც ძალიან ემოციური მომენტი იყო. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, ხალხი, სტუმრები გაგიჟდნენ. ეს იყო მამაჩემის უახლოესი მეგობრების სიმღერა, ტექსტიც საყვარელი ადამიანის მიერ არის დაწერილი, ისინი აღარ არიან დღეს ჩვენ გვერდით. მგონი, მამამ ძალიან კარგად შეასრულა. მე და მამამ რომ ვიმღერეთ, ქორწილის მდგომარეობა შეიცვალა… ყველას სიყვარულით სავსე თვალები ჰქონდა… დინამიკა გაასმაგდა… ძალიან მაგარი იყო…

ჩვენთან იმყოფებოდნენ ჩვენი უცხოელი სტუმრები, ჩემი კურსელები, ერთი სამხრეთ კორეიდან, ორი – ნიუ იორკიდან, ერთიც ლოს ანჯელესიდან, ეგვიპტელები, შვეიცარიელები. ყველამ დაგვაფასა. ესეც ძალიან ემოციური იყო. უცხოელები გვეუბნებოდნენ, ესეთ მაგარ ქორწილში არ ვყოფილვართო. ვასწავლიდით ქართულ ცეკვებს. ყველა გაერთიანდა და მაგრად მოილხინა…

ახლა საქორწილო მოგზაურობაში იმყოფებით – როგორია შთაბეჭდილებები და როგორ დაგეგმეთ ეს ვოიაჟი?

ახლა ვიმყოფებით ამალფიზე, იტალიაში. ცოტა ხნით წამოვედით, რადგან ორივე ვმუშაობთ და მალე უნდა დავუბრუნდეთ სამსახურს. დღეში ათი კაცი მაინც გვირეკავს და გვიზიარებს ქორწილის ემოციებს. იმედია, არ გადაივლის ჩვენი ეიფორია, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სიყვარული და ბედნიერება სულ ჩვენთან ერთად იქნება. გვინდა, ჩვენი სიყვარული სამაგალითო იყოს, ისეთი ბედნიერები ვართ. ყველას ვუსურვებთ, იპოვონ სიყვარული და ბედნიერება, რაც ჩვენ ერთმანეთში ვიპოვეთ.

დაბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო „ავიაკოპტერს“, რომელმაც ეს ჯადოსნური ჩამოსვლა გვაჩუქა ვერტმფრენით. ისეთი მანევრებით დაგვსვა პილოტმა ლადომ, რომ მას განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადო. ასევე „შუაგულის“ ანას, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია და ნინი თაბაგარს, რომელიც ქორწილის დღეს დეტალების მოგვარებაში ძალიან დაგვეხმარა.

დიდი მადლობა ჩემს მომღერალ მეგობრებს, კონცერტი ჩაატარეს, მაჩუქეს სიმღერა, რომელზეც წინასწარ იმუშავეს, ნუცამ, მაგდამ და ანიმ გვაჩუქეს ეს სიმღერა. ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მინდა, გამორჩეული მადლობა გადავუხადო ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებმაც ჩვენთან ერთად გაიზიარეს ჩვენი ბედნიერება, გაგვამხნევეს და გვერდში გვედგნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g