LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ვენეციის მე-60 საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე საქართველოს პროექტი 15 აუცილებლად სანახავ პავილიონში დასახელდა | „ფორტუნას“ ობიექტივი ვენეციის სახელოვნებო ბიენალედან

126
Untitled design (3)

ვენეციის სახელოვნებო ბიენალე უკვე 124 წელს ითვლის და მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელიც თანადროული ხელოვნების ნიმუშების შეგროვებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას ემსახურება, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოაჩენს. გამოფენა თითქმის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე თვის განმავლობაში, გაზაფხულიდან შემოდგომამდე გრძელდება. სახელწოდება – ბიენალე სწორედ ამ ფაქტის გამო ეწოდა. აქ დამთვალიერებელი ნახავს როგორც ცენტრალურ, ნაციონალურ პავილიონს, ასევე სტუმარი ქვეყნების პავილიონებსაც. პირველი საერთაშორისო პავილიონი 1907 წელს ბელგიამ გახსნა და რამდენიმე წელში მას ევროპის სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ.

მთავარი პრიზი ყოველი გამოფენის დასასრულს გადაეცემათ არტისტებს სხვადასხვა ნომინაციებში: საუკეთესო მხატვარი, საუკეთესო სკულპტორი, საუკეთესო პავილიონი და სხვ. ეს არის ადგილი სადაც მსოფლიოში ყველაზე განთქმული არტისტები იყრიან თავს..

2024 წლის ქართული პავილიონი

2024 წლის თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო ბიენალეზე, გამოფენისთვის, რომლის სახელწოდებაა „უცხოელები ყველგან არიან“, საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი პროექტის შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდ/თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „არტ-ვილა გარიყულას“ (ხელმძღვანელი ანა ჯორჯიაშვილი) მიერ წარმოდგენილმა პროექტმა „დანახვის ხელოვნება – ასტრონომიის მდგომარეობები“.

პროექტის კურატორებმა დათო კოროშინაძემ (საქართველო) და ჟულია მარშომ (საფრანგეთი) შეიმუშავეს კონცეფცია, რომელიც ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის (1894-1975) საარქივო მასალას უკავშირდება, კერძოდ, მოდერნისტი არტისტის მემკვიდრეობას. პროექტი თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში წარმოაჩენს, სადაც ქართული კულტურული გარემო საუკუნის შემდეგაც კვლავ ევროპული მოდერნიზმის კერად გვევლინება.

გამოფენა აგებულია ილია ზდანევიჩის და მაქს ერნსტის (1891-1976) კოლაბორაციულ არტისტულ წიგნზე დაყრდნობით, “65 მაქსიმილიანა, ანუ ასტრონომიის არალეგალური პრაქტიკა” (1964), რომელიც მის ცენტრალურ ნაწილშია წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში გამოყენებული იქნება, ილია ზდანევიჩის მემკვიდრის, ფრანსუა მერეს კოლექციაში დაცული მასალა.

პროექტში მონაწილეობენ არტისტები: ნიკა კოპლატაძე (საქართველო), გრიგოლ ნოდია (საქართველო), ჯულიეტ ჯორჯი (საფრანგეთი) და როდრიგ დე ფერლუკი (საფრანგეთი).

პროექტი ეხმიანება ვენეციის ხელოვნების 2024 წლის ბიენალეს კურატორის, ადრიანო პედროზას, კონცეფციის ერთ-ერთ პრიორიტეტს – „გლობალურ მოდერნიზმს“, რომელიც ე. წ. გლობალური სამხრეთიდან დაძრული მოდერნისტული ტალღის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

გამარჯვებული პროექტის ავტორები საკუთარ შემოქმედებაში უცხოობისა და უცხოელობის საკითხს განსხვავებული თვალსაზრისით ავითარებენ და შემოქმედების ამოსავალ წერტილად სხვა კულტურებთან დაახლოებას მიიჩნევენ.

„ფორტუნას“ კორესპონდენტი მანჩო ქარსელაძე, რომელიც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე იმყოფება, აცხადებს, რომ ის გამოხმაურება, რაც წელს საქართველოს აქვს, არასდროს ჰქონია.

მისი განცხადებით, საქართველოს პროექტი დასახელდა 15 აუცილებლად სანახავ პავილიონში, ფრანგულმა პრესამ კი დაწერა, რომ ქართული პავილიონი, შვიდ საუკეთესო პავილიონს შორისაა.

„ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე საქართველომ პირველად მონაწილეობა 20 წლის წინ მიიღო.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე საქართველოს პროექტი დასახელდა 15 აუცილებლად სანახავ პავილიონში. ფრანგულმა პრესამ დაწერა, რომ ქართული პავილიონი შედის შვიდ საუკეთესო პავილიონში, რაც ძალიან სასიხარულოა. ასეთი შედეგი და გამოხმაურება, რაც წელს საქართველოს აქვს არასდროს მიუღია.

ვენეციის ბიენალეზე ხელოვნების სფეროს საკმაოდ წარმომადგენლობითი ადამიანები იმყოფებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს ნამუშევარი აგრძელებს თავის არსებობას სხვა გალერეებსა და მუზეუმებში. იმხელა დაინტერესება გამოიწვია ჩვენმა ნამუშევრებმა, რომ აუცილებლად გააგრძელებს ევროპაში მოგზაურობას ამ იდეით და ამ შინაარსით.

20 აპრილს, ჟარდინის ბაღებში გამართულ გამოფენაზე, სხვადასხვა ქვეყნებმა ინსტალაციები წარმოადგინეს. აღსანიშნავია ის, რომ აქ ძირითადად წელს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომლებსაც არასდროს მიუღიათ მონაწილეობა ვენეციის სახელოვნებო ფესტივალზე. ძირითადი თემა ფოლკლორია. მე რაც დავათვალიერე ძალიან მომეწონა ამერიკის მიერ წარმოდგენილი ნამუშევარი.

მსოფლიოს ყველა ქვეყანა წარმოადგენს თავის ნამუშევრებს, ამ დროს ვენეციაში ძალიან ბევრი ხალხია ჩამოსული და დიდი დაინტერესებაა“, – განაცხადა „ფორტუნას“ კორესპონდენტმა მანჩო ქარსელაძემ, რომელიც ვენეციის სახელოვნებო ბიენალეს ესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები