LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორია და ფოტოები: განსხვავებული მუზეუმი ბათუმში, რომელიც 60 წლის აჭარელმა შექმნა

628
FORTUNA.GE (9)

წარმოგიდგენიათ, რომ შექმნათ ისეთი რამ, რაშიც დიდ თანხას შემოგთავაზებენ და ვერ დათმობთ?

აჭარელმა ქემალ თურმანიძემ, ბავშვობის მოგონებებთან ერთად მთელი საქართველოს ისტორია გააცოცხლა და ერთ მუზეუმში ჩაატია. მუზეუმი ახლა მისი და მისი ოჯახის მთავარი საქმეა.

ქედის რაიონში დაიბადა. ძველ ნივთებს მეზობლებისგან და ახლობლებისგან თავიდანვე აგროვებდა. პროფესიით ქვაზე კვეთის ოსტატს, თავდაპირველად პატარა სახელოსნო ბათუმის ძველ უბანში, იტალიურ ეზოში ჰქონდა.

სახლის ტიპის სახელოსნოს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობდა, თუმცა სივიწროვის გამო, დათვალიერება მოუხერხებელი იყო, ამიტომ გაჩნდა გაფართოების იდეა.

 „შექმნის იდეა ბოლო წლებში არ გამჩენია, ის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მქონდა. დაახლოებით 1981 წლიდან დავიწყე სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება. თავდაპირველად ხის ნივთებს ვაგროვებდი. შემდეგ ჩავრთე კერამიკის ნივთები, შემდგომ სპილენძის ნივთების შეგროვებაც დავიწყე. როცა გარკვეული რაოდენობის ეთნოგრაფიული ნივთები დამიგროვდა და საზოგადოების მხრიდან ამ ნივთების დათვალიერების სურვილი გაჩნდა, გადავწყვიტე ნივთები პატარა სივრცეში გამომეფინა, თუმცა ინტერესი იმდენად დიდი იყო და მასალაც იმდენად ბევრი, რომ საჭიროებდა გაფართოებას”, – ამბობს ქემალ თურმანიძე.

ჯერ კიდევ სახელოსნოში შესთავაზეს ინვესტორებმა სოლიდური თანხა, თუმცა ოჯახის გადაწყვეტილებით არსებული ნამუშევრები უფრო ძვირფასი აღმოჩნდა, ასევე ოჯახის თანადგომითა და სესხებით, 4 წლის წინ ნამუშევრებმა სახელოსნოდან გაშლილ სივრცეში გადაინაცვლა.

“მუზეუმი მთლიანად ოჯახის სახსრებით და სესხებით შეიქმნა. ალბათ წლები სჭირდება იმას, რომ რაიმე მოგებაზე იყოს საუბარი, მაგრამ მამა ძალიან პატრიოტია. იმდენად უყვარს სამშობლო, თავისი საქმე, რომ მომავალი თაობისთვის გააკეთა ეს” – ამბობს “ფორტუნასთან” მუზეუმის დამაარსებლის შვილი გვანცა თურმანიძე.

3 ათას კვადრატულ მეტრზე გახსნილი კერძო ეთნოგრაფიული მუზეუმი მუდმივად ვითარდება. აქ მისული ტურისტი მარტივად მიხვდება როგორ ცხოვრობდა ძველად ხალხი.

ქემალ თურმანიძის შვილი, გვანცა მამასთან ერთად სამუზეუმო საქმიანობაშია ჩართული. როგორც ის ამბობს, ამ მუზეუმში ყოფნის დროს 1 საათში ტურისტს ძველ საქართველოზე და ტრადიციებზე წარმოდგენა შეექმნება.

“ჩვენთან ტურისტი დროში შეზღუდული არ არის, შეუძლიათ რამდენი ხანიც უნდათ იმდენი ხანი გაჩერდნენ. უბრალოდ, კაფეს და მსგავს სერვისს ვერ ვთავაზობთ. ამის ადგილიც არ გვაქვს და თან გვინდოდა რომ აქ მთლიანად სამუზეუმო სივრცე ყოფილიყო.
დამთვარიელებლები უცხოელები უფრო მეტი გვყავს. თუმცა, ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებიც მოდიან ხოლმე ხშირად, ვცდილობთ მათ თამაშ-თამაშით მივაწოდოთ ინფორმაცია.
ყველაზე დიდი რეკლამა ჩვენთვის კმაყოფილი ტურისტია, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ერთი ტურისტიც კი არ გვყოლია უკმაყოფილო. ჩვენგან წაღებული ფლაერები, უკან გვიბრუნდება, სხვა ტურისტებს ჩამოაქვთ.

tripadvisor-ზე თითქმის მუდმივად ვართ ათეულში, კარგი შეფასებების გამო. პირველ ადგილზეც ვყოფილვართ”, – ამბობს ის.

 

აჭარაში ოსმალთა ბატონობას თან ახლდა ქართული ენის ნაცვლად, თურქული ენის დამკვიდრების მცდელობა. ამისთვის დაარსდა მაჰმადიანური სასკოლო კერები – “მედრესეები”. თუმცა, შეძლებულ ოჯახებში ბავშვებს ჰქონდათ საშუალება, ესწავლათ ქართული წერა-კითხვა. ქალები მომავალ თაობებს მშობლიური ენის სიყვარულით ზრდიდნენ, ამიტომაც, სამი საუკუნის განმავლობაში არცერთ ოჯახში არ დავიწყებულა ქართული ენა.

 

როდესაც 60 წლის ქემალს ეკითხებიან, როდის მოასწრო ამდენი რამის თავისი ხელით გაკეთება, ის პასუხობს:

“დღისით ვაკეთებდი, ღამე ვფიქრობდი რა გამეკეთებინა”

მუზეუმში მისულ ტურისტს სხვადასხვა სივრცეებში შეხვდება, კალათების ქსოვის, ღვინის დაყენების, ნადირობის კუთხეები, ასევე, ტოლერანტობის სახლი, სადაც პატარა კუთხეში წარმოდგენილია ის სალოცავები, რომლებიც ბათუმშია.როგორც ქემალ თურმანიძე ამბობს, ამით ტურისტს ვაჩვენებთ თუ როგორი ტოლერანტულები ვართ ისტორიულადაც.

მუზეუმის ერთ-ერთი სივრცე დათმობილი აქვს ხეზე კვეთის გალერეას. როგორც გვანცა თურმანიძე ყვება, სტუმრებს აინტერესებთ ვინ არის ამ ყველაფრის ავტორი და მათ ამ გალერიაში მამამისის გაცნობის საშუალებაც ეძლევათ.

მუზეუმის ბილეთის ფასი უცხოელებისთვის 10 ლარია, ქართველებისთვის 5, ხოლო ბავშვებისთვის 2 ლარი. ამ ფასში შედის გიდის მომსახურებაც.

magti 5g