„საზოგადო მოღვაწეთა მიღება კახი კალაძესთან“, ასე დაასათაურა თბილისის მეორედ არჩეულ მერთან, კახი კალაძესთან გამართულ წვეულებაზე გადაღებული ფოტოები ცნობილმა სოპრანომ, თამარ ივერმა, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა.
ამ მიღებას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ის ადამიანები, ვინც კახი კალაძის მერობას ღიად უჭერდა მხარს და თანადგომას გამოუხატავდა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში.
წვეულებაზე კახი კალაძის გვერდით იყვნენ ზალიკო ბერგერი, ნატო დუმბაძე, აჩიკო მეფარიძე, გია ბაღაშვილი, დათო ოქიტაშვილი, სალომე ბაკურაძე მეუღლესთან, პროდიუსერ ლაშა ბასლანძესთან ერთად…
„ძალიან მეამაყება, რომ ჩვენ ყველამ ერთად ეს შევძელით. მეამაყება, რომ თქვენი სახით მყავს თანამებრძოლები, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა და ვარ უბედნიერესი, რომ ერთად მივაღწიეთ ამ გამარჯვებას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი, ან ჩემი პარტიის გამარჯვება, ეს არის ქალაქის გამარჯვება, რადგან გვინდა, გავაგრძელოთ აღმშენებლობა და განვითარება, ის პროექტები, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, იქნება შეუქცევადი. ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ჯანსაღი და ამ ქალაქში მცხოვრები ყველა ადამიანი იგრძნობს კეთილდღეობას… ისეთ რაღაცას გავაკეთებთ ამ ქალაქისთვის, რომლითაც იამაყებთ… კიდევ ერთხელ დიდი მადლობა…“, აღნიშნა თბილისის მერმა მიღებაზე.