რადიო „ფორტუნას“ ახალ გადაცემაში „ავტორის ხმა“, წამყვანებმა გიგა კობალაძემ და თათა სადრაძემ, სტუმრებთან, ფოტოხელოვანებთან ირმა შარიქაძესთან და გოგა ჩანადირთან ერთად ისაუბრეს თემაზე ,,ფოტოგრაფია და საავტორო უფლებები”.
გიგა: ირმა პირველ რიგში მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში მინდა გკითხოთ როგორ უმკლავდებით არსებულ ვითარებას.
ირმა შარიქაძე: მოგესალმებით. ვფიქრობ მიუხედავად ყველაფრის, მოწოდების სიმაღლეზე ვარ და ვუმკლავდები ამ ყველაფერს. მინდა თქვენც და საერთოდ ყველა ადამიანს ვუსურვო ჯანმრთელობა და ვუსურვო, რომ ეს რთული პერიოდი მალე დასრულდეს და გაზაფხული დადგეს ჩვენს გულებში. იმედი მაქვს, რომ პოზიტიური ენერგია დაგვეხმარება ღირსეულად გადავლახოთ ეს უდიდესი გამოწვევა.
გიგა: სავარაუდოდ ამ ყველაფერმა გარკვეულწილად თქვენი პროფესიის ადამიანებზეც იქონია გავლენა.
ირმა შარიქაძე: რასაკვირველია, ამან ჩვენზეც იქონია გავლენა, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანზე რომელიც ხელოვნებაში მუშაობს და ეს დიდი გამოწვევაა. რადგან ადამიანი, რომელიც მუშაობს ამ სფეროში ყოველთვის ცდილობს მოახდინოს რაღაც რეაქცია და ტრანსფორმაცია შემოქმედებით ცხოვრებაში და პროცესში მიუხედავად იმისა, აძლევს თუ არა გარემო ამის საშუალებას. ეს ერთგვარი მოვალეობაც არის ჩემი აზრით და გამოსავალიც.
გიგა: გადავიდეთ უშუალოდ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემაზე : ფოტოგრაფია და საავტორო უფლებები. პირველ რიგში საინტერესოა თქვენ რა საშუალებებს იყენებთ საკუთარი საავტორო უფლებების დასაცავად. რას აკეთებთ იმისატვის, რომთქვენი გადაღებული ფოტო უნებართვოდ სხვის ხელში არ მოხვდეს? რა დამცავი საშუალებები არსებობს მაშინ, როდესაც ფოტოს ინტერნეტ-სივრცეში ტვირთავთ და არის თუ არა ის ხელმისაწვდომი სხვებისთვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს როგორ დაიცვას თავისი გადაღებული ფოტოები სხვების მიერ უნებართვოდ გამოყენებისაგან?
ირმა შარიქაძე: ვფიქრობ, ეს ძალიან აქტუალური საკითხია და მომავალში კიდევ უფრო აქტუალური გახდება, რადგან მსოფლიო ონლაინ რეჟიმში მუშაობს და მოთხოვნა ვიზუალურ მასალაზე და ფოტოებზე კიდევ უფრო გაიზრდება.
რაც შეეხება საავტორო უფლებებს, არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს, მაგრამ აუცილებლად მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო, რადგან შენი დამსახურებითა არსებობს საავტორო უფლებათა ასოციაცია და წლების წინ, როდესაც მე შემექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, ეს ორგანიზაცია ძალიან დამეხმარა. წლების წინ მოხდა შემთხვევა, როდესაც ჩემი საავტორო ნამუშევარი ტურისტულმა კომპანიამ გამოიყენა უნებართვოდ. მაშინ ჩვენ სასამართლოში წავედით და მოვიგეთ ის პროცესი, რის შედეგადაც შეიქმნა ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გაკოტრდა და სასამართლოს მიერ დაკისრებული საკომპენსაციო თანხა არ გადაუხდია მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეცენდენტი იყო,. თუმცა ვფიქრობ, რომ კანონში გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები, რომ დამრღვევებმა ვეღარ შეძლონ თავის დაძვრენა. უნდა არსებობდეს გარკვეული ბერკეტი, რაც საშუალებას მისცემს დაზარალებულ ავტორს, კომპენსაცია მიიღოს.
გიგა: მინდა აღვნიშნო, რომ ეს ზოგადი პრობლემაა და ეხებათ არა მხოლოდ ხელოვანებს. თუმცა მადლობა მინდა გითხრა იმისათვის, რომ საკუთარი უფლებებისათვის იბრძვი და სხვებს მაგალითს აძლევ.
ირმა შარიქაძე: რასაკვირველია მიმაჩნია, რომ თვითონ ის ფაქტი, რომ საკუთარი უფლებებისთვის იბრძვი, უკვე ძალიან კარგია. მიმაჩნია, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რაც მეტს ვისაუბრებთ ამ ფაქტზე, ალბათ უფრო დავიცავ ჩემს ნამუშევრებს მომავალში უნებართვო გამოყენებისგან.
აუცილებლად მინდა აღვნიშნო ერთი რამ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ინტერნეტში ნაპოვნი მასალის თავის ნებაზე გამოყენება შეუძლიათ. სწორედ ასეთი შემთხვევა მქონდა ზემოთაღნიშნულ ტურისტულ კომპანიასთან. როდესაც მათ წარმომადგენლებს პირველად შევხვდით განაცხადეს, რომ ფოტომასალა ინტერნეტში იპოვეს, სადაც ავტორის ვინაობა მითითებული არ იყო და ამიტომ მათ შეეძლოთ ეს მასალა საკუთარი სურვილისამებრ გამოეყენებინათ. არადა ეს ასე არ არის.
თათა: როგორც ვიცი, პირადად თქვენს ნამუშევრებთან დაკავშიორებით მსგავსი შემთხვევევბი საზღვარგარეთაც ხშირად ხდება. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ცნობილი შემთხვევა.
ირმა შარიქაძე: დიახ, შემიძლია გავიხსენო შემთხვევა, როდესაც ჩემმა ისრაელიდან ჩამოსულმა მეგობრებმა ჩამომიტანეს ღვინო. ეს იყო ქართული ღვინო, რომელიც ისრაელში იყიდება და მის ეტიკეტად ჩემი ფოტო იყო გამოყენებული. თუმცა ასეთ შემთხვევაში ტექნიკურად რთულია იჩივლო, რადგან პროცესი უნდა გაიმართოს იმ ქვეყანაში, სადაც იყიდება შენი პროდუქცია უნებართვოდ. მსგავსი შემთხვევები იყო ასევე მოსკოვში და ზოგადად, არაერთი შემთხვევის გახსენება შემიძლია. ყოველთვის შენი უფლებებისათვის ბრზოლას კი ვერ შეზლებ, იმიტომ რომ, როგორც ვთქვი, ეს დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან, უნდა ჩახვიდე ამ ქყვეანაში, აიყვანო ადვოკატი და ა.შ. თუმცა საბედნიეროდ საქართველოში გვაქვს საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაცია, რომელიც დაკომპლექტებულია უმაღლესი დონის პროფესიონალებით და მინდა ჩემს ყველა კოლეგას ვუთხრა, რომ მსგავსი პრობლემის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ამ ასოციაციას და იყვნენ მშვიდად, რადგან მათი უფლებების დასაცავად ყველაფერი გაკეთდება.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვიზუალური კონტენტი მომავალში შეიძენს, როდესაც ყველა იმ კომპანიასაც კი, რომელსაც აქამდე საიტი არ ჰქონდა, ახლა უკვე აუცილებლად ექნება, გამომდინარე არსებული რეალობიდან. ყველას დასჭირდება ვიზუალური კონტენტი. ფოტოგრაფია ჩვენთვის შემოსავლის მთავარი წყაროა და ბუნებრივია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი ნამუშევრების ბედი, ამიტომ ყველა ფოტოგრაფმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს საავტორო უფლებების დასაცავად.
თათა: ჩვენი გადაცემის შემდეგი სტუმარია გოგა ჩანადირი, მთავარი თემა კი ფოტოგრაფია და საავტორო უფლებები, თუმცა ვიდრე თემაზე გადავიდოდეთ, არ შემიძლია არ გკითხო თვითიზოლაციის შესახებ. ვიცი, რომ გყავს მეუღლე და პატარა. როგორ ატარებთ ამ დღეებს და რამდენად რთულია ეს ყველაფერი შენთვის?
გოგა ჩანადირი: მოგესალმებით. ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან თულია, იმიტომ რომ მე მიჩვეული ვარ მოგზაურობას და ხეტიალს, გამუდმებით ვმოგზაურობ, ან მთაში ვარ, ან ტყეში, ან უცხოეთში. ამიტომ ჩემთვის ძალიან მკაცრი ზომაა სახლში დარჩენა, ერთგვარი სასჯელიც. მიუხედავად ამისა ვაცნობიერებ, რომ ეს საჭიროა ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების და ზოგადად საზოგადოებისათვის, ამიტომ ვრჩები სახლში. დრო ძირითადად ფილმების ყურებაში, კითხვაში და ფოტოების დახარისხებაში გადის. ახალ ფოტოებსაც ვიღებ. მაგალითად თბილისის ანძას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების დროშების ფერებში ნათდება. ანძა ძალიან კარგად ჩანს ჩემი აივნიდან და მისი გადაღების მშვენიერი შესაძლებლობა მეძლევა. ჩემზე მოქმედებს ქუჩების სიცარიელე, მაგრამ გაგებით ვეკიდები.
გიგა: მინდა გკითხო ფოტოგრაფიისა და საავტორო უფლებების შესახებ. შენ ამ კუთხით გაქვს დიდი გამოცდილება და მე მგონია, რომ ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია ავტორის დამოკიდებულება და მისი ბრზოლა საკუთარი უფლებებისათვის. თუ შეგიძლია მისცე რჩევა მსმენელს და მაყურებელს, რა შეიძლება გააკეთოს ფოტოხელოვანმა იმისატვის, რომ ნაკლებად მოხდეს მისი ნამუშევრის უკანოპნოდ გამოყენება ან გაფანტვა და შემდგომში კონტროლის შესსუსტება?
გოგა ჩანადირი: მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ დღესდღეობით გაცილებით უკეთესი ვითარებაა ამ კუთხით და ეს შენი დამსახურებაა, გიგა. იმიტომ რომ საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის ჩამოყალიბებამდე ფაქტიურად უკონტოლო ვითარება იყო და ავტორის ცნება და საავტორო უფლების ცნება იყო სდაერთოდ დაკარგული. დღესდღეობით ვითარება ბევრად უკეთესია, ცოტა პრობლემები არის კინოსა და მუსიკასთან დაკავშირებით და ესეც სავარაუდოდ მოგვარდება. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მას მერე რაც იყო რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც დამრღვევებმა კომერციული მიზნებით გამოიყენეს სხვისი ნამუშევარი, თუმცა შემდეგ საავტორო უფლებების დარღვევა ძვირად დაუჯდათ. მას მერე ისინი მიხვდნენ, რომ ავტორს სულ მცირე უნდა კითხონ შეიძლება თუ არა მისი ნამუშევრის გამოყენება.
თათა: უშუალოდ შენს ნამუშევრებთან მიმართებაში მომხდარ შემთხვევებზე რომ გვესაუბრო? მაგალითად მახსოვს გარკვეული პრობლემა ერთ-ერთ ონლაინ-პლატფორმასთან.
გოგა ჩანადირი: რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს ნამუშევრებს, ბოლო წლებში დიდი პრობლემები ამ კუთხით აღარ მქონია. თუმცა გასულ წელს იყო შემთხვევა, როდესაც გურიაში გადავიღე ფოტო, რომელიც ასახავდა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის სოციალურ შესაძლებლობას და ეს ფოტო ჩემს პირად “ფეისბუქ” გვერდზე განვათავსე. ცოტა ხანში ეს ფოტო ვიხილე ერთ-ერთი ცნობილი ინტერნეტ გამოცემის სტატიაში სათაურით: “სოციალურ ქსელებში ვრცელდება ესა და ეს”… ბუნებრივია დავუკავშირდი ინტერნეტ გამოცემას, სადაც ჩემი ახლობლებიც მუშაობენ და ავუხსენი, რომ როდესაც ჩემს ფოტოს სტატიაში იყენებენ, მინიმუმ უნდა მკითხონ. საბედნიეროდ ეს შემთხვევა სწრაფადვე გამოსწორდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირადად ჩემი სახელი საკმაოდ ცნობილია და ამიტომ ყველა სიფრთხილეს იჩენს ჩემს ნამუშევრებთან მიმართებაში, მაგრამ მე ვხედავ დამოკიდებულებას სხვა ფოტოგრაფების ნამუშევრების მიმართ. მათთან მიმართებაში საკმაოდ ხშირია საავტორო უფლებების დარღვევა.
სულ რამოდენიმე დღის წინანდელი შემთხვევა რომ მოვიყვანოთ: რამოდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი წალეკა ბზობას ეკლესიასთან გადაღებულმა ფოტომ, სადაც ხალხმრავლობა იყო აღბეჭდილი. ხალხი საუბრობდა ყველაფერზე საავტორო უფლების გარდა. ამუნათებდნენ ამ ადამიანებს, ხელისუფლებას, ეკლესიას და ა.შ და ა.შ მაგრამ არავის გახსენებია, რომ ამ ფოტოს ყავს ავტორი, რომელსაც იქნებ საერთოდ არ უნდა თავისი ნამუშევრის ამ მიზნით გამოყენება. შეიძლება ეს არ იყო ფოტოს კომერციული მიზნით გამოყენება, მაგრამ იყო საავტორო უფლების დარღვევა.
გიგა: მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა ფოტოს ინფორმაციული მიზნით გავრცელებას, როდესაც ავტორის თანხმობა არ მოითხოვება. მინდა გკითზხო რას ურჩევ ავტორებს თავიანთი ნამუშევრების დასაცავად: იქნებ ჯობს მათ ლოგო დაიტანონ ფოტოზე, რომელიც ავტორის იდენტიფიკაციას ახდენს, ან დაბალი რეზოლუციით ატვირთონ ფოტო?
გოგა ჩანადირი: დიახ, ერთ-ერთი ხერხი სწორედ ფოტოების დაბალი რეზოლუციით განთავსებაა და ასე იქცევიან დიდი, ცნობილი ვებ-პორტალები. ისინი ფოტოებს განათავსებენ ისეთი რეზოლუციით, რომელთა დიდ ფორმატში დაბეჭდვა შეუძლებელია, მაგალითად კედელზე გასაკრავად ან ალბომისათვის. მეორე გზა ფოტოების დასაცავად მათზე გამჭვირვალე წარწერების განთავსებაა. ძირითადად ასეთ წარწერებს ფოტოს შუაში განათავსებენ, სადაც შესაზლოა მიმთვისებელმა წარწერა წაშალოს, მაგრამ ამას ვერ გააკეთებს ისე, რომ ფოტოზე ეს არ აისახოს. მოკლედ არსებობს ძალიან ბევრი საშუალება.
ცხადია როცა ფოტოს იღებ ტელეფონით და შემდეგ ტვირთავ, ამ დროს ნაკლებად ფიქრობ საავტორო უფლებების დაცვაზე, ხანდახან რაღაც შენს თვალწინ ხდება და არ არის ფიქრის დრო, მაგალითად მე მახსენდება შემთხვევა, როდესაც წყნეთში გადავიღე ტყის ხანძარი და ავტვირთე ფოტოები, ასეთ დროს არ მიფიქრია საავტორო უფლებებზე.
რაც შეეხება ფოტოების ინფორმაციული მიზნებით გამოყენებას, ბუნებრივია ადამიანებს შეუძლიათ გააზიარონ ფოტოები, მით უმეტეს თუ ისინი საჯაროდ დევს სოციალურ ქსელში, მაგრამ ავტორი ჩემი აზრით მაინც უნდა მივუთითოთ იმის მიუხედავად, კომერციული მიზნით ვიყენებთ ფოტოს თუ არა. მე მაგალითად ყოველთვის ვუთითებ ავტორს, იქნება ეს ფოტოგრაფი თუ რომელიმე სააგენტო.
მაგალითად, როდესაც მე იტალიაზე ან აშშ-ზე და იქ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ვპოსტავ და ვიყენებ უცხოური სააგენტოების ფოტომასალებს, ყოველთვის ვუთითებ ამ სააგენტოებს ან ფოტოგრაფებს, თუ მათი ვინაობა მითითებულია.
კიდევ ერთი რამის თქმა მინდა. როგორც იცით, მე ხშირად ვარ ფოტოკონკურსების ჟიურიში და ძალიან ცუდი ტენდენციაა, რომ ადამიანები სხვების მიერ გადაღებულ ფოტოებს აგზავნიან და ასე ცდილობენ გამარჯვებას. ეს კიდევ ცალკე პრობლემაა, რომ ადამიანებს სხვისი ფოტოებით უნდათ კონკურსში გამარჯვება. მე ცოტა მიჩვეული მაქვს თვალი და დაახლოებით, ფოტოს ხარისხით ვხვდები არის თუ არა ფოტო გამომგზავნის გადაღებული.
მიუხედავად ყველაფრისა, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ საავტორო უფლებების ასოციაციის ძალისხმევა მაინც უკვე კარგად ჩანს და მისი წყალობით ახლა ადრინდელთან შედარებით უკეთესი ვითარებაა.
ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ როდესაც ავტორს ფოტოს პარავ, პარავ შემოსავალსაც, რადგან ძალიან ბევრი ხელოვანისათვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
გიგა: კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ავტორების აქტიურობა ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ავტორი იცავს არა მხოლოდ თავის, არამედ სხვის საავტორო უფლებასაც, ეს ყველაზე დიდი პრევენციაა. შემდეგ ეს უკვე კულტურის ნაწილი ხდება და საზოგადოება უკვე აღიქვამს, რომ საავტორო ნამუშევარზე საკუთრების ისეთივე უფლება აქვს ავტორს, როგორც რაიმე ნივთზე აქვს ნებისმიერ ჩვენგანს.
გოგა ჩანადირი: მე საავტორო უფლებების ყველაზე დიდი დარღვევა ვნახე ბორჯომის ხანძრის დროს, როდესაც ფოტოგრაფი დათო შალიკაშვილი გაემგზავრა ეპიცენტრში და ძალიან მძიმე პირობების ფონზე გადაიღო კადრები. ეს კადრები მალევე გამოჩნდა თითქმის ყველა მედიასაშუალებაში ავტორის მითითების გარეშე. საბედნიეროდ შემდეგ მათ გაითვალისწინეს ჩემი შენიშვნა და ავტორი მიუთითეს. აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო. ძალიან მალე, 26 აპრილს მსოფლიო საავტორო უფლებების დაცვის დღეს აღნიშნავს და მინდა წინასწარვე მოგილოცოთ ეს დღე.