ჯაზფესტივალის ბოლო დღეს, ჩვენ წინაშე ლეგენდარული მუსიკოსები წარდგნენ. ისინი საკუთარი სცენაზე ერთად გამოსვლის 25 წლის იუბილეს აღნიშნავდნენ, ჩვენ კი იმას ვზეიმობდით, რომ ასეთი დონის მუსიკოსების ცოცხლად ხილვის საშუალება მოგვეცა. ბობ ჯეიმსი, ნათან ისთი, ჰარვი მეისონი და ჩაკ ლოები ჯაზსამყაროში ცნობილი სახელებია, თუმცა ერთად მათი ხილვა და მოსმენა მელომანებისთვის და სრულიად ჩვეულებრივი მსმენელისთვისაც, დიდი პატივია.
„Fourplay“ ამერიკული ჯაზკვარტეტი გახლავთ, რომლის თავდაპირველ შემადგენლობაში, ბობ ჯეიმსთან, ნათან ისტთან და ჰარვი მეისონთან ერთად, ლი რითენორი შედიოდა, ამ უკანასკნელმა ჯგუფი 1997 წელს დატოვა, ის ჯერ ლარი კარლტონმა ჩაანაცვლა, 2010 წელს კი ჩაკ ლოებმა.
„გრემის“ ნომინანტმა სუპერჯგუფმა, როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ, კომერციულ წარმატებასაც მიაღწია, 90-იან წლებში მათი ჩანაწერები დიდი რაოდენობით იყიდებოდა, 1995 წელს კი, „Isley Brothers“-ის ცნობილი კომპოზიცია „Between The Sheets“, მათი ინტერპრეტირებით, „ბილბორდის“ ჩარტის სათავეში მოექცა, ოქროს სტატუსი მიიღო და „გრემიზე“ იყო წარდგენილი.
„Fourplay“ წელს 25 წლის იუბილეს აღნიშნავს და საქართველოს ახალი ალბომით ესტუმრა, რომელსაც „Silver“ ჰქვია. თუმცა ერთი კომპოზიცია ჯგუფის გიტარისტმა, ჩაკ ლოებმა, საქართველოს მიუძღვნა და შეასრულა „Georgia“. მან ქართული სიტყვებიც ისწავლა: „საღამო მშვიდობისა“ და „მადლობა“.
რაც შეეხება თავად ალბომს, ის უბრალოდ, შესანიშნავია. კომპოზიციების ნაწილი ჩაკ ლოების დაწერილია, ნაწილი – ჰარვი მეისონის, ალბომის ორი კომპოზიცია კი ბობ ჯეიმსს ეკუთვნის.
როგორც ახალ კოლაბორაციაზე საუბრისას ბასისტმა, ნათან ისთმა თქვა: „ჩვენი პირველივე ალბომიდან ცხადი გახდა, რომ ამ ჯგუფს განსაკუთრებული ჟღერადობა ჰქონდა. ვაფასებთ იმ მაგიას, რომელიც ჩვენ შორის წლების წინ წარმოიქმნა და ძალიან კარგ დროს ვატარებთ იმ მოგზაურობისას, რომელიც ჩვენი მუსიკის განვითარებას ახლავს თან…“
ქართველი მსმენელი ბრწყინვალე ოთხეულს სწორედ მათ მუსიკალურ თავგადასავალში დაემგზავრა და არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დატოვა დარბაზი. რასაკვირველია, დარბაზის დატოვებამდე იყო ბისი, რომლის დროსაც ჯგუფმა ორი კომპოზიცია შეასრულა და ჯაზფესტივალის დახურვას სევდიანი ბგერა შესძინა, რადგან რამდენიმედღიანი მუსიკალური საგიჟეთი დასრულდა… თუმცა „ისთერნ პრომოუშენი“ არაერთ საინტერესო სიურპრიზს გვიმზადებს…