ტულუზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მოზრდილი ადამიანი დღეში საშუალოდ 68 000 მიკროსკოპულ პლასტმასის ნაწილაკს შეისუნთქავს, ხოლო ბავშვებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47 000-ს შეადგენს. სიახლის შესახებ Science alert წერს.
მიკროპლასტიკი პატარა ნაწილაკებია (5 მმ-ზე ნაკლები ზომის), რომლებიც გვხვდება ყოველდღიურ ნივთებში – კბილის პასტაში, შამპუნში, წამლების კაფსულებში – და წარმოიქმნება პლასტმასის ნივთების დაშლისას, მაგალითად პოლიეთილენის პაკეტებისგან.
მანამდე მეცნიერება მიკროპლასტიკს ძირითადად წყალსა და ოკეანეებში სწავლობდა, თუმცა ამჯერად სპეციალისტებმა ჰაერის შესწავლა ბინებსა და მანქანებში გადაწყვიტეს. აღმოჩნდა, რომ საცხოვრებელ სივრცეში 1 კუბურ მეტრ ჰაერში საშუალოდ 528 ასეთი ნაწილაკია, ხოლო ავტომობილში ეს რაოდენობა ოთხჯერ მეტია.
დასახლებულ სივრცეებში ძირითადი წყარო პოლიეთილენი, შამპუნების ქიმიური კომპონენტები და ნეილონი, მანქანებში კი – პლასტმასის ბოთლები, სალონის მასალები და საბურავების ცვეთის შედეგად წარმოქმნილი მტვერია.
მეცნიერები შიშობენ, რომ ეს ნაწილაკები ორგანიზმში გროვდება, რაც ენდოკრინული სისტემის დარღვევასა და დაავადებების რისკებს ზრდის.
რეკომენდაციად სპეციალისტები გვთავაზობენ – უფრო ხშირად გაანიავოთ ოთახები, მაქსიმალურად მოერიდოთ პლასტმასის შეფუთვას და უპირატესობა მიანიჭოთ ბუნებრივი მასალის ტანსაცმელს.
ამასთან, ევროკავშირში უკვე აკრძალულია ისეთი პროდუქციის გაყიდვა, რომელშიც წარმოებისას შეგნებულად ემატება მიკროპლასტიკი ან გამოყენებისას დიდი რაოდენობით გამოიფრქვევა.
