ფრანგმა მილიარდერმა პიერ-ედუარდ სტერინმა საჯაროდ განაცხადა, რომ სურს შეცვალოს საფრანგეთში, თითქმის 200 წლის წინ მიღებული მემკვიდრეობის სისტემა და საკუთარ შვილებს ქონება საერთოდ არ დაუტოვოს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
52 წლის ბიზნესმენი, რომელიც ბელგიაში ცხოვრობს, საფრანგეთის სენატში გამოვიდა ამ იდეით. პიერს ხუთი შვილი ჰყავს, თუმცა ამბობს, რომ მათთვის მემკვიდრეობის დატოვებას არ აპირებს.
მისი თქმით, შვილებისთვის დიდი ქონების დატოვება მათ ცხოვრებას დააზიანებს და დამოუკიდებლობას წაართმევს:
„არ მინდა ჩემს შვილებს ცხოვრება გავუფუჭო. არ ვაპირებ მათთვის არც ერთი ცენტის დატოვებას. ნულიდან დაწყება ნამდვილი თავისუფლებაა“, – განაცხადა მან.

საფრანგეთში მოქმედი ნაპოლეონის კოდექსის (1804) მიხედვით, ბავშვები სავალდებულო მემკვიდრეებად ითვლებიან. თუ ოჯახში სამი ან მეტი შვილია, მათ მინიმუმ ქონების ერთი მესამედი ეკუთვნით, რაც ამჟამინდელ სისტემაში ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
სტერინი მიიჩნევს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება თავად გადაწყვიტოს, ვის და როგორ დაუტოვებს საკუთარ ქონებას. მისი თქმით, ის უფრო მეტად ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გადაცემას ემხრობა.
მილიარდერის ქონება დაახლოებით 1.4 მილიარდ ევროს შეადგენს. ის არის კომპანია Smartbox-ის დამფუძნებელი, რომელიც ევროპაში პოპულარული საჩუქრების ვაუჩერებით ვაჭრობს.
სტერინი ასევე ცნობილია თავისი მემარჯვენე პოლიტიკური შეხედულებებით. სენატში მისი მოსმენა უკავშირდებოდა პროექტს Périclès, რომელიც საფრანგეთში მემარჯვენე იდეების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.