ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში, დაახლოებით, 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას მომავალი ხუთი წლის განმავლობაში განახლებული პირობებით გააგრძელებს.
აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ფილიპე პასკალი, TAV Airports-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი და სხვა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „ტავ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა და „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურული გაფართოებისა და ოპერაციული განვითარების ძირითად ასპექტებს განსაზღვრავს, რაც 2031 წელს, ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედებამდე ოპერირების განახლებული პირობებითა და გაუმჯობესებული მიდგომებით გაგრძელებას ითვალისწინებს.
ინვესტიციის ფარგლებში გაფართოვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალი, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა, დაახლოებით, 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან, მინიმუმ, 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.
