LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია – პრეზენტაცია ალექსეევკის ბაზაზე

69

დღეს სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე ღონისძიება გაიმართა, სადაც ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგინეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზენიტო სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და ეფექტურია, როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისთვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.

ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთელ-სატესტო ბაზა.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარის დახმარებით ასევე მიმდინარეობს ვერტმფრენების პარკის განახლება და მოდერნიზაცია.

„ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ საჭიროების შემთხვევაში ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართვას,“ – აცხადებენ თავდაცვის სმაინისტროში.