5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მედია წარმომადგენლების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს კატეგორიულად გმობს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთხელ იბარებს.
განცხადებაში წერია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ზოგად განცხადებებს აკეთებს, ძირითადად თავს იმართლებს და კიდევ უფრო სახიფათო სიტუაციას ქმნის როგორც დაუსჯელობით, ისე 5-6 ივლისის მოვლენების შეუსაბამო, არაპროფესიონალური შეფასებებით იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი სიტუაციის სამართავად.
„2021 წლის 5-6 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, სულ დაშავებულია 10-ზე მეტი მედია საშუალების 53 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი. მათ ნაწილს მძიმე დაზიანებები აღენიშნება. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მკაფიო პასუხი და ადეკვატური რეაგირება 5 ივლისს განხორციელებულ ორგანიზებულ თავდასხმებზე არ აქვს.
5 ივლისის დაგეგმილ მსვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ძალადობისკენ არაერთი მოწოდების ფონზე, ფრაქციამ მოითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში მთავარ საკითხზე პასუხებისთვის, თუ როგორ გეგმავდა სახელმწიფო ადამიანების უსაფრთხოების დაცვას. ბატონი გომელაურის დუმილი და მთავრობის წევრების ორაზროვანი და ანტიკონსტიტუციური განცხადებები კი საფუძველი გახდა ორგანიზებული ძალადობის, რაზეც დღესაც არ აქვს პასუხი ხელისუფლებას. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ხელი შეუშალოს კონსტიტუციური უფლების განხორციელებას, დაახარისხოს ადამიანები და ამისთვის ღიად წაახალისოს ძალადობა, არყევს ქვეყნის ფუნდამენტს და მხოლოდ რუსეთის ინტერესში არის.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დროისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტზე მხოლოდ 12 პირი დააკავა, მაშინ როდესაც თითოეული სამართალდამრღვევის იდენტიფიცირება სრულიად შესაძლებელია არსებული ვიდეო ჩანაწერების საფუძველზე. შინაგან საქმეთა მინისტრი ზოგად განცხადებებს აკეთებს, ძირითადად თავს იმართლებს და კიდევ უფრო სახიფათო სიტუაციას ქმნის როგორც დაუსჯელობით, ისე 5-6 ივლისის მოვლენების შეუსაბამო, არაპროფესიონალური შეფასებებით იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰქონდა რესურსი სიტუაციის სამართავად.
ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ გმობს ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებს, ორგანიზებულ თავდასხმას ჟურნალისტებზე, და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათი პროფესიული საქმიანობის თავისუფლებას.
ფრაქცია კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეასრულოს საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულება უკვე მეორედ ფრაქციის მოწვევის საფუძველზე მოვიდეს საქართველოს პარლამენტში და პასუხი გასცეს ყველა კითხვას 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.