მართალია, ფრენკ დარაბონტის დრამა “გაქცევა შოუშენკიდან”, დღეს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, მაგრამ თავის დროზე, მხოლოდ იმედგაცრუება მოუტანა შემქმნელებს, რადგან დახარჯული 25 მლნ. დოლარიდან მხოლოდ 18 დაიბრუნა, ,,ოსკარის” პრემიაზე ნომინირებულმა კი, სულ რაღაც 10 მლნ. დოლარით გააუმჯობესა მოგება.
ფილმს ცნობილი მწერლის სტივენ კინგის ნოველა “რიტა ჰეიუორტი, ანუ გადარჩენა შოუშენკიდან” დაედო საფუძვლად, რომელიც 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობების კრებულში “ოთხი სეზონი” შევიდა.
ფრენკ დარაბონტმა სულ რაღაც 5 000 დოლარად შეიძინა უფლება მოთხრობის ეკრანიზაციაზე, რაც პირველ რიგში რეჟისორისა და მწერლის ხანგრძლივი მეგობრობის დამსახურება აღმოჩნდა. სხვათა შორის, სტივენ კინგს არც უფიქრია მიღებული ჩეკის განაღდება, ფილმის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, ჩარჩოში ჩასვა და მინაწერით: ,,თუ ოდისმე ფული დაგჭირდეს, გამოიყენე“, ისევ ძველ მეგობარს ფრენკ დარაბონტს გაუგზავნა.
სცენარზე მუშაობისას, რომელიც მხოლოდ რვა კვირა გაგრძელდა, დარაბონტმა პირველ რიგში მოთხრობის სათაური შეცვალა, რადგან რიტა ჰეიუორტის სახელი ზედმეტად მიმზიდველი აღმოჩნდა იმ ქალბატონებისთვის, ვინც ჩათვალა, რომ ცნობილ მსახიობზე იგეგმებოდა ბიოგრაფიული ფილმის გადაღება და მთავარი როლის ხელში ჩაგდების სურვილით, საკუთარი რეზიუმეებით აავსეს რეჟისორი. სხვათა შორის, თავად რიტა ჰეიუორტი, რომლის პოსტერმა პრაქტიკულად მთავარი როლი შეასრულა ფილმში და ენდი დუფრეინის ერთადერთი მოკავშირე გახდა, “შოუშენკის” ყველაზე დიდი თაყვანისმცემელია.
დარაბონტის განცხადებით, შთაგონების მთავარ წყაროდ მარტინ სკორსეზეს განგსტერული დრამა “კარგი ბიჭები” იქცა, რადგან სწორედ სკორსეზეს გავლენით შეიტანა საკუთარ ფილმში კადრს მიღმა მთხრობელის ტექსტი და მასვე დაესესხა მონტაჟის ტექნიკას.
სიუჟეტის მიხედვით ფილმის მოქმედება მენის შტატში ვითარდება, თუმცა სინამდვილეში ოჰაიოს შტატში, მენსფილდის გამოსასწორებელ კოლონიაშია გადაღებული, რომლის დანგრევა შემოქმედებითი ჯგუფის თხოვნით გადაიდო ერთი წლით. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ციხის მოძველებული კომპლექსი სრულად დაინგრა და მხოლოდ ცენტრალური ბლოკი შენარჩუნდა ადმინისტრაციულ შენობასთან ერთად, სადაც მუზეუმი მოეწყო.
გაცნობის სცენას, როცა ენდი პირველად მიმართავს რედს გეოლოგიური ჩაქუჩის შოვნის თხოვნით, ის კი, ციხის ეზოში თამაშობს ბეისბოლს, ცხრა საათი იღებდნენ. მართალია, მორგან ფრიმენს, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე ბურთს ისროდა, ერთხელაც არ დაუწუწუნია, მაგრამ მეორე დღეს მყესის დაჭიმვით და შეხვეული ხელით დაუბრუნდა გადასაღებ მოედანს.
ტიმ რობინსი დიდხანს უარობდა სადრენაჟო სისტემაში ჩაძვრომაზე, რადგან გამდინარე წყალი, რომელიც შხამიან ნივთიერებებს შეიცავდა, ექსპერტებმა ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს. თუმცა, საბოლოოდ მსახიობმა მაინც დათმო, რადგან გადამღებ ჯგუფს არ ჰქონდა დრო ახალი ლოკაციის მოსაძებნად.
სცენები, როცა ენდი პისტოლეტში ვაზნებს დებს და საკნის კედელზე საკუთარ სახელს წერს, სინამდვილეში ტიმ რობინსის გარეშეა გადაღებული, მსახიობი თავად რეჟისორმა ჩაანაცვლა და სწორედ მისი ხელები ჩანს ეკრანზე მსხვილი პლანით.
სხვათა შორის, ენდი დუფრეინის როლში პროდიუსერებს ტომ ჰენქსის, ტომ კრუზის, კევინ კოსტნერის ან შონ პენის ხილვა სურდათ და საერთოდ არ ფიქრობდნენ ტიმ რობინსზე. მართალია, ჰენქსს ძალიან მოეწონა სცენარი და დუფრეინის პერსონაჟი, მაგრამ მაინც ვერ უღალატა “ფორესტ გამპს”, რომელმაც მსახიობს მეორე “ოსკარი” მოუტანა, კოსტნერმა კი, ფილმის “წყლის სამყაროს” სასარგებლოდ თქვა უარი და როგორც თავად აღნიშნა, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა, რომელსაც ვერასდროს აპატიებს საკუთარ თავს.
რედის როლზე ჰარისონ ფორდის, პოლ ნიუმენისა და რობერტ რედფორდის კანდიდატურები განიხილებოდა, რადგან სტივენ კინგის მოთხრობაში ის საშუალო ასაკის ირლანდიელი იყო, თუმცა, კოლორიტული პერსონაჟის როლში დარაბონტმა მხოლოდ მორგან ფრიმანის ხილვა მოისურვა და ჟღალთმიანი ირლანდიელი ეკრანიზაციაში შავკანიანი ამერიკელით ჩაანაცვლა.
ახალგაზრდა რედის ფოტოები საპატიმროდან განთავისუფლების დოკუმენტებში, სინამდვილეში მორგან ფრიმანის შვილს – ალფონსოს ეკუთვნის, რომელმაც ფილმში თევზის გამყიდველის ეპიზოდური როლიც შეასრულა.
მართალია ხე, რომლის ძირში რედი ენდის წერილს პოულობს, ფილმის სიუჟეტის მიხედვით მენის შტატის ქალაქ ბაქსტონის “საკუთრებაა”, მაგრამ სინამდვილეში ის ოჰაიოს შტატის სახელმწიფო პარკში Malabar Farms იზრდება და ტურისტების საყვარელ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
სცენაში, როცა ენდი პირველად სტუმრობს ბიბლიოთეკას ბრუქსის თანაშემწის ვაკანსიის დასაკავებლად, შემთხვევით აწყდება ყორან ჯეიკს და სწორედ მასთან მართავს “დიალოგს”. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ენდისა და ჯეიკის საუბრის, განსაკუთრებით რეპლიკის: “ჰეი, ჯეიკ, სადაა ბრუქსი?!” ფირზე აღბეჭდვა. ტიმ რობინსი იძულებული გახდა შეესწავლა ფრინველის ქცევა, ზუსტად შეერჩია საუბრის ინტონაცია და განსაზღვრულ მომენტში ეთქვა საკუთარი რეპლიკა, რათა საპასუხო რეაქცია მიეღო ფრინველისგან.
ფილმის სამუშაო ვერსიის ნახვის შემდეგ ჰუმანისტების ამერიკულმა ასოციაციამ სცენა, სადაც ბრუქსი ყორანს მატლს აჭმევს, ძალადობად მიიჩნია და კატეგორიულად მოითხოვა მისი თავიდან, ამჯერად ბუნებრივად “დაღუპული” მატლის გამოყენებით გადაღება. შმოქმედებითმა ჯგუფმა გაითვალისწინა მოთხოვნა და მთელი თვე შეალია “შესაფერისი” მატლის ძიებას.
განსხვავებული სახელი შეიძინა ფილმმა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში. მაგალითად, უნგრეთში “დატყვევებული იმედი” ერქვა, ნორვეგიის გაქირავებაში – “თავისუფლების წვიმის” სახელით ჩაეშვა, მექსიკაში კი, “ოცნება გაქცევაზე” დაერქვა, თუმცა ყველას მაინც ტაილანდელებმა აჯობეს, რომლებმაც ფილმს “1995: ფანტასკიკა” დაარქვეს.