“დაავადებების თავიდან ასაცილებლად ზაფხულში პირველი და ძირითადია, ფრთხილად ვიყოთ წყალთან”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ განაცხადა.
იმნაძემ აღნიშნა, რომ ბევრს ნებისმიერი წყარო სუფთა ჰგონია, თუმცა, ასე არ არის.
“თუ არ ვართ დარწმუნებულები წყლის უსაფრთხოებაში, გადადუღებული წყალია საჭირო, 1 წუთი დუღილი ნებისმიერ წყალს უვნებელს გახდის – საბანაოს, სარეკრეაციოს თუ დასალევს. ფრთხილად უნდა ვიყოთ ასევე პატარა წყალსაცავებში ბანაობასთან დაკავშირებით. ასევე, თუ სადმე წყვეტილად მოდის წყალი, წამოსვლის შემდეგ 10 წუთი მაინც უნდა იდინოს, სანამ სასმელად ან საკვების გასარეცხად გამოვიყენებთ. ზაფხულში ყველაზე ხშირი ნაწლავების ინფექციებია, ამიტომ საკვებთანაც უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, განსაკუთრებით, როცა ბუნებაში გავდივართ.
ასევე გვახსოვდეს, რომ პროდუქტების შენახვა დიდი ხანი მაცივრის გარეშე საშიშია. პროდუქტში მოხვედრილი 1-2 მიკრობი არაფერს დაგვიშავებს, მაგრამ თუ ამ ტემპერატურაზე მისთვის ხელსაყრელ გარემოში მოხვდა, მაშინ უცებ გამრავლდება და რამდენიმე საათში უკვე სახიფათო გახდება. მაგალითად, თუ ის სალათის ფურცლებზე მოხვდა, საშიში არ არის, ხოლო თუ არაჟანში ან რძის სხვა პროდუქტში, იქ უკვე სახიფათო ხდება”, – განაცხადა იმნაძემ.