ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი.
გზის მიმდებარედ გამოფიტული და ეროზირებული მეწყრული ფერდობიდან, გზის სავალ ნაწილზე სისტემატიურად ჩამოდის მიწა-კლდოვანი ჩამონაშალი, რომლის ნაწილიც მდინარის კალაპოტში ჩადის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებულმა მეწყრულმა პროცესებმა მდინარის ნაწილობრივ შეგუბება გამოიწვია და წყლის დონის მატების შედეგად დაიტბორა გზის ორი მონაკვეთი.
“ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და დაწყებულია დამატებითი მანქანა–მექანიზმების მობილიზება რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის გაწმენდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას გამოიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩეროთ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში”, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.