დედის გავლენა მამაკაცის ცხოვრებაში და უნდა ცხოვრობდეს თუ არა მშობლებთან ახალდაქორწინებული წყვილი – ამ თემებზე ფსიქოლოგმა ნიკო ამბოკაძემ სალომე კასრაძის პოდკასტში ისაუბრა.
ფსიქოლოგის თქმით, ქორწინების ან თანაცხოვრების დაწყებისას წყვილისთვის მნიშვნელოვანია, პირველ ეტაპზე კომფორტზე უარი თქვას და ცალკე გადავიდეს, თუნდაც ქირით.
„როცა ოჯახში სხვადასხვა პერსონაჟის ტრიალი იწყება, კონფლიქტი შეიძლება ნებისმიერ წვრილმანზე დაიწყოს“, – ამბობს ნიკო ამბოკაძე.
ის მაგალითად რძალსა და დედამთილს შორის კონფლიქტს ასახელებს, რომელიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო დეტალიდან იწყება.
მისი განმარტებით, როცა წყვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, კონფლიქტი მხოლოდ ორი ადამიანის პრობლემა აღარ არის.
„იქ არის მინიმუმ კიდევ ოთხი მონაწილე – ერთის მშობლები და მეორის მშობლები“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ის წყვილებს ურჩევს, ქორწინების შემდეგ მინიმუმ ორი წელი ცალკე გაატარონ.
„ამ ორი წლის განმავლობაში ძველი ნორმებისგან თავისუფლდებიან და თვითონ ქმნიან საკუთარ წესებს. მერე, როცა ერთმანეთის ოჯახებში სტუმრად მიდიან, ნაკლები აგრესია და კამათია“, – ამბობს ფსიქოლოგი.
პოდკასტში ფსიქოლოგი მამაკაცის დედისგან ემოციური განცალკევების თემასაც შეეხო.
„როცა მამაკაცი დედისგან განცალკევებული არ არის, კაცი ემოციურად ორ ქალზეა დამოკიდებული: დედაზე და ცოლზე“, – ამბობს ნიკო ამბოკაძე.
მისი განმარტებით, სიყვარული მიჯაჭვულობას არ ნიშნავს. მისივე თქმით, დედაზე ზრუნვა შვილის როლში და მეუღლეზე ზრუნვა პარტნიორის როლში ზრდასრულობასა და დამოუკიდებლობას მოითხოვს.
„დედისგან განცალკევებით მასაც უფრთხილდები ემოციურად და საკუთარ თავსაც. როცა განცალკევებული ხარ, აღარ გარბიხარ ყველა პრობლემით დედასთან, რაც ძალიან ინფანტილურია“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი.
ნიკო ამბოკაძის თქმით, იდეალურ შემთხვევაში დედებმა შვილებთან „გამოთხოვება“ მოზარდობის პერიოდიდან უნდა დაიწყონ.
