ფსიქოლოგმა თამარ ლომიძემ პირველი არხის ეთერში ბავშვების ფინანსური აღზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯიბის ფულის მართვის სწავლა უკვე 9–10 წლის ასაკიდან არის სასურველი.
ფსიქოლოგის თქმით, ამ ასაკში ბავშვებს უნდა ჰქონდეთ გარემოს ფასებთან შესაბამისობაში მდგარი, განსაზღვრული თვის თანხა. მისი განმარტებით, საწყის ეტაპზე ბავშვები ჩვეულებრივად უშვებენ შეცდომებს, ხშირად ემორჩილებიან იმპულსურ სურვილებს და თანხას სწრაფად ხარჯავენ. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს მცირე შეცდომები ბავშვობაში ქმნის ჯანმრთელ ფინანსურ ჩვევებს მომავალში.
„9-10 წლის ასაკიდან თუკი ბავშვს აქვს გამოყოფილი თვის თანხა, რომელიც არის შესაბამისობაში გარემოში არსებულ ფასებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, მოლოდინი უნდა გვქონდეს, რომ თავიდან ის დაუშვებს რაღაც შეცდომებს, პირველი ორი სამი თვე გაუჭირდება ამაში ორიენტირება, რაღაც იმპულს აჰყვება და იყიდის, მაგრამ ამ ასაკში და მცირე ფინანსებში ნასწავლი ეს მენეჯმენტი ჯობია შემდგომ უკვე, როდესაც 18 წლის ასაკის გახდება და პირველად ვანდობთ რაღაც დიდ თანხას, რომ აი, მე შენ გიგროვებდი 18 წელი… ეს ტექნიკა ბავშვობიდანვე ასწავლის ბავშვს ამ სურვილის გადავადებას, აძლევს თავდაჯერებულობას, რომ მე თუ რამე მომინდება რაღაცას უნდა შეველიო, რეგულირებას ასწავლის თანხასთან მიმართებაში“
