მომღერალი ნინო ჩხეიძე ახლახან ისრაელიდან ჩამოფრინდა. მას საკმაოდ რთულ ვითარებაში მოუწია იქ ყოფნამ. მეგობრის, კაკული გურიელაშვილის ხსოვნის საღამოსთვის ჩაფრინდა აშდოთში, მერიის მიწვევით, თუმცა კონცერტი ვერ შედგა, რადგან იმ დილას საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.
ნინო ახლა უკვე საქართველოშია, მაგრამ რთული დღეები გამოიარა, რომელთა შესახებაც fortuna.ge-სთან საუბრობს.
ნინო ჩხეიძე: ისრაელში კაკული გურიელაშვილის ხსოვნის საღამო დაიგეგმა. კაკულისთან ვმეგობრობდი და მის შვილთანაც ვმეგობრობ. აშდოთის მერიამ გადაწყვიტა მისი ხსოვნის საღამოს გაკეთება. კაკულის რეპერტუარიდან ბევრი სიმღერა მაქვს და ეს რეპერტუარი უნდა წარმომედგინა.
რომ ჩავედით, უკვე აეროპორტშივე იყო ბევრი სამხედრო თვითმფრინავი, რაც არ მესიამოვნა, რადგან ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი და მსგავსი შემთხვევა არ მახსოვს. როცა სასტუმროში მივედით, მთელი სასტუმრო სავსე იყო ჯარით. ვიფიქრე, რომ დასასვენებლად იყვნენ, რადგან შაბათი მოდიოდა. ცოტა შიში მაინც გამიჩნდა, რადგან დაძაბულობა აშკარად იგრძნობოდა. გავიარეთ რეპეტიცია, მეორე დღეს უნდა ჩატარებულიყო კონცერტი. დილას გავიგეთ, რომ აეროპორტები დაიკეტა და დაიწყო შეტევები. პირველი ემოცია იყო შოკი შიშისგან.
ისრაელში უამრავჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ არასდროს მოვხვედრილვარ ისეთ დროს, როცა განგაშის სიგნალები ირთვება. ტელეფონში ცალკე მოდის მესიჯი, გარეთ ქუჩაში ხმაურია. ეს არის გაფრთხილება, რომ 10 წუთით ადრე უნდა ჩახვიდე თავშესაფარში, რომელიც მოწყობილია კომფორტულად, საჭმელ-სასმელით, ეს არის დიდი სივრცე, დაცული ოთახი, სადაც შეგიძლია იყო უსაფრთხოდ. ტელეფონში სიგნალი მოდის, როცა შეგიძლია, თავშესაფარი დატოვო და აღარ არის საფრთხე.
მე არ ვიცოდი, რომ გაფრთხილება მოდიოდა ტელეფონში. შესვლაზეც და გამოსვლაზეც მაინც იქ ვიყავი, მერე მივხვდი, როდის შემეძლო თავშესაფრის დატოვება. ალბათ, ბევრი ფიქრი გქონდა მაშინ, როცა თავშესაფარში იყავი… ძალიან დამთრგუნველია…
ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი და ქართველი ებრაელები, მაგრამ აქამდე კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა სტრესში უწევთ ცხოვრება. ფსიქოლოგიურად ჩემთვის ძალიან რთული იყო, დაბომბვის მოლოდინში ყოფნა და რომ არ იცი, რა გელოდება. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი ფაქტი – პირველივე წუთიდან რომ დაიწყეს ქართველმა ებრაელებმა რეკვა, მოსვლა სასტუმროში, ყურადღების გამოჩენა, იმდენად მხნედ იყვნენ და არანაირი დაძაბულობა არ ეტყობოდათ, ჩვენ იქით გვამხნევებდნენ, საოცრება იყო, ერთი წამი ყურადღება არ დაუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩაში ხალხი არ მოძრაობდა, მაინც მოდიოდნენ ჩვენთან, ერთი წუთით მარტო არ დავუტოვებივართ ამ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახები და შვილები ჰყავთ. განსაკუთრებული ყურადღება მოგვაქციეს ნამდვილად…
როგორ მოახერხე წამოსვლა?
ორი დღე ვიყავით იქ. გამოსავალი იყო, რომ გადავსულიყავით ამანის აეროპორტში და თურქეთით წამოვსულიყავით. ავიღეთ ბილეთები, მაგრამ მეორე დღეს იერიში იორდანიაზე მიიტანეს და რეისები გაუქმდა. აქ უკვე მივხვდი, რომ სწრაფი რეაგირება უნდა ჩამერთო. მეშინოდა, რომ ყველა საზღვარი არ ჩაკეტილიყო. ეგვიპტის საზღვარზე გადავედით და იქიდან მოვახერხეთ გამომგზავრება.
იქ როგორი სიტუაცია დაგხვდათ?
ეგვიპტეშიც ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო, ცოტა შემეშინდა, ისეთი გარემო დაგვხვდა. ეგვიპტიდან გადავფრინდი საბერძნეთში და იქიდან თბილისში. სანამ ეგვიპტემდე მივედით, ხუთი საათი დაგვჭირდა მანქანით, ორი დღე ვიყავით გზაში, სანამ საქართველომდე ჩამოვედით. საბერძნეთში რომ ჩავედი, იმ დღეს პირდაპირი რეისი არ იყო, ამიტომაც გავჩერდი ერთი დღე და პირდაპირი რეისით ჩამოვფრინდი თბილისში.
ახლა როგორ გრძნობ თავს?
კარგად. ესეც გამოცდილებაა და ცხოვრებაა. ძალიან ვნერვიულობ ჩემს მეგობრებზე ისრაელში. ვერ გამოვდივარ იმ სიტუაციიდან, ვწერ გამუდმებით. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ კიდევ იქ ვარ, როცა არ იცი, რა წუთში რა მოხდება… თუმცა გაოცებული ვარ ქართველი ებრაელებით. მე ხომ ვნერვიულობდი და ვშფოთავდი, მაინც მამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებაო. ერთი წამი არ აქვთ შიშისა და გატეხვის მომენტი. პირიქით, ყველა არის ოპტიმისტი და გამბედავი…
მძიმე დღეები გამოიარე, მაგრამ საკმაოდ მშვიდად საუბრობ…
როცა ძალიან რთული სიტუაციაა, მერთვება ავტომატურად, რომ თავი ხელში ავიყვანო. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ჩემი მეგობრები, თუ უცხო ადამიანები სოციალურ ქსელში როგორ მამხნევებდნენ, იმდენი ზარი შემოდიოდა, რომ შიში დამაძლევინა. მთელი დღე ვიყავი დაკავებული, რომ პასუხი გამეცა ნაცნობებისთვის, თუ უცნობებისთვის. მთელი საქართველო მწერდა და მირეკავდა. კიდევ ერთხელ მივხვდი, ასეთ დროს რა მნიშვნელოვანია ადამიანის მოკითხვა. ჩემს ხასიათში არის ის, რომ არ შევაწუხო ადამიანი ასეთ დროს. მე რომ ვიყავი ამ სიტუაციაში, მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა მოკითხვა. ეს ვისწავლე, რომ თურმე უნდა გამოხატო ის, რასაც ფიქრობ და არ უნდა მოგერიდოს. ძალიან მამხნევებდა ეს ამბავი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება…
