LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილიყო…“ – თეონა ცირამუას ტყუპი გოგონა 5-წლიანი ლოდინის შემდეგ შეეძინა – როგორ უმკლავდება დედობას ბრწყინვალე მუსიკოსი

3889
თეონა ცირამუა

გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, შესანიშნავი მუსიკოსი, თეონა ცირამუა და მისი მეუღლე, გოჩა ჭანტურია მცირე ხნის წინ მშობლები გახდნენ, მათ ტყუპი გოგონა, თუთა და კირა შეეძინათ. 5-წლიანი ლოდინის შემდეგ წყვილისთვის ეს ორმაგი საჩუქარი გახდა, დედაც და მამაც სამსახურისგან მცირე ხნის ისვენებენ და მთლიანად გოგონებზე არიან გადართულები. თეონა ცირამუა თავისი ბედნიერების შესახებ fortuna.ge-ს უყვება.

თეონა, როგორები არიან თქვენი გოგონები და როგორ ხართ ჩართული მათ აღზრდაში?

სიმშვიდეს არღვევს განსაკუთრებით კირა (იცინის), რომელიც წონა ნაკლული დაიბადა, მაგრამ ანაზღაურებს, არაფერი ეტყობა წონა ნაკლულის. თუთა უფრო მშვიდია, კირა უფრო მეტად აქტიური. ახლა მე დეკრეტულ შვებულებაში ვარ, მაგრამ შვებულება არც არის პრინციპში. ჩემი სოლისტი, თამარ ოქროპირიძე მეხმარება, მას გადავაბარე ჯერჯერობით ჩემი ფუნქციები, მაგრამ კონცერტებზე უარს არ ვამბობ, რადგან გუნდი უნდა გამოჩნდეს აუცილებლად. ვაბალანსებ, რომ აქაც ვიყო და იქაც. ტყუპებიანადაც მომიწევს რეპეტიციებზე სიარული გარკვეულ მომენტებში.

დამხმარე არ გყავთ სახლში?

თავიდან მინდოდა, ბავშვები ჩემს ხელში ყოფილიყვნენ და არა ძიძასთან. ახლა რომ ავიღე დეკრეტული, მას მაქსიმალურად ვიყენებ ბავშვებისთვის. ეს ექვსი თვე გადავწყვიტე, რომ დედასთან უნდა გაატარონ. მე და ჩემი მეუღლე ვზრდით, მანაც ითხოვა სამსახურიდან თავისუფალი დღეები. სექტემბრიდან ოფიციალურად გავდივარ სამსახურში და მომიწევს ძიძის აყვანა, სხვანაირად არ გამოვა…

წარმატებული კარიერა გაქვთ, ახლა კი ტყუპის მშობელი გახდით. როგორი ემოცია იყო მათი დაბადება და პირველი ნახვა?

რომ იცი, შენს თავს ხდება, მაგრამ ბოლომდე ვერ აცნობიერებ, ასეთი ემოცია დამეუფლა. გუშინ ვსაუბრობდი ზუსტად ახლობელთან, პასუხისმგებლობას აცნობიერებ, რა თქმა უნდა, მაგრამ დედა-შვილური სიყვარული მერე და მერე უფრო მეტად მოდის ურთიერთობიდან, ჩემს შემთხვევაში ასეა… ჩემი სამყარო აბსოლუტურად ამოტრიალდა და სხვა ფერები შესძინა ჩემს ცხოვრებას. ხელოვან ადამიანს აუცილებლად უნდა ჰყავდეს შვილი. ჩემს ცხოვრებაში ეს საქმე უფერული იყო, ახლა კი მთლიანად გაფერადდა. შვილებთან ყოფნა და ეს შეგრძნებებიც ხომ აისახება ხელოვნებაში, ემოციები გადავა ნაწარმოების შესრულებისას. ასე მგონია, ჩემს ცხოვრებას რაღაც აკლდა, ახლა კი მაქვს შეგრძნება, რომ მთლიანად იქნება შევსებული ეს სივრცე.

როცა გაიგეთ, რომ ტყუპის დედა გახდებოდით, რა შეგრძნება იყო?

ოოოოო… (იღიმის). როგორ ვიტყვი, რომ არ მინდოდა, მაგრამ არ ველოდი და რატომ იცით? მანამდე მქონდა შეწყვეტილი ორსულობა, გარე ორსულობა. 5 წელი ვიწვალე… ასეთი წარუმატებელი ორსულობის მერე ხომ არ ელოდები ტყუპს… ფიქრობ, ნეტავ, ერთი გამაჩენინაო. ბოლოს, იცით, როგორ ვიყავი? ვფიქრობდი, ძალიან ბევრ კარგ ადამიანს ჩემ გარშემო შვილი არ ჰყავს-მეთქი. დეპრესიაში არასდროს ჩავვარდნილვარ, არ ვარ ასეთი ადამიანი… ფსიქოლოგიურად ვეგუებოდი, რომ თუ შვილი არ მეყოლებოდა, ეს ჩემთვის ტრაგედია არ ყოფილიყო და მაინც საინტერესოდ გამეგრძელებინა ცხოვრება. 5 წელი რომ ვიარე, თვალი ექოსკოპიის ეკრანს მიეჩვია. როცა ორსულობა დამიდასტურდა და ექოსკოპიაზე წავედი, დავწექი და ვუყურებ ექოს. ვხედავ ორ წერტილს… გაფიქრებული არ მქონდა, ტყუპი ხომ არ არის-მეთქი, ექოსკოპისტი ამბობს, ორი ნაყოფია, ტყუპებს ელოდებითო. სიმართლე გითხრათ, შემეშინდა. უცებ გავიაზრე, ჩემი საქმე, აქეთ ორი ბავშვი… იმ მომენტშივე ვიფიქრე საპირისპიროდაც. მაინც ყოველთვის მინდოდა ორი შვილი, დედისერთა მაინც ცოდოა. ტყუპები ერთმანეთს გაართობენ-მეთქი, ესეც ვიფიქრე (იღიმის). რომ დავუკვირდი, ბევრი პლუსი აღმოვაჩინე, ყველაზე დიდ პლუსს თუ არ ჩავთვლით, რომ მარტო არ იქნებიან, ერთმანეთი ეყოლებათ და დები კიდევ სხვა სიყვარულია..

აღნიშნეთ, რომ მეუღლე ძალიან გეხმარებათ. იშვიათად მსმენია, რომ ქმარსაც აეღოს თავისუფალი დღეები სამსახურიდან. ასე შეთანხმდით ერთად?

მისი სურვილიც იყო და შევთანხმდით კიდევაც. ვიცოდი, რომ ჩაერთვებოდა ამ ამბავში აქტიურად. ხომ ატყობ ადამიანს, როგორია. თავიდანვე, როცა შეყვარებულები ვიყავით, მისი დიდი პლუსი დავინახე, რომ არ ჰქონდა ე.წ. „გრუზინული“ მომენტები (იცინის). როცა საქმეა გასაკეთებელი სახლში, მეც შემიძლია, სახლში ნაჯახი დავიკავო და კაცის საქმეს მოვკიდო ხელი, მასაც შეუძლია, მტვერსასრუტი დაიკავოს და სახლი გამოასუფთაოს, ან ჭურჭელიც დარეცხოს. ფაქტია, რომ პამპერსსაც უცვლის ბავშვებს და ბანს კიდევაც…

გოგონებს სახელები როგორ შეურჩიეთ?

როცა გავიგე, რომ იდენტურები არ იყვნენ, ყველა ამბობდა, რომ ერთმანეთს არ ემსგავსებიანო. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ სახელებიც არ უნდა ყოფილიყო მსგავსი, მაგალითად, თუთა და თათა, ან ნიტა და ნატა. გრძელი სახელებიც არაპრაქტიკულად მიმაჩნია, ამიტომ მინდოდა მოკლე სახელები და გვართან შესაბამისი. ვიჯექი ხოლმე და ვამბობდი, კირა ჭანტურია, თუთა ჭანტურია. თუთა ინტერნეტით შევარჩიე ქართულ სახელებს შორის. იმდენად მომეწონა, რომ ამიტაცა და არც მიფიქრია, რომ რამე სხვა დამერქმია. კირაზე მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგალითად, მართა.

მუსიკოსები გინდათ, რომ იყვნენ?

არ მიმაჩნია, რომ ჩემი შვილები მაინცდამაინც მუსიკოსები უნდა იყვნენ. უნდა იყვნენ ზრდილობიანები, ადამიანურები, რომელ საქმესაც მოჰკიდებენ ხელს, მაგრები უნდა იყვნენ… არაპროფესიონალიზმი არ მიყვარს. არჩევანი მათზე იქნება, რა პროფესიას შეარჩევენ.

მკაცრი დედა იქნებით?

ტირანი არ ვიქნები, მაგრამ ბავშვის ჭკუაზე რომ დადიან სრულად, ეს არ მომწონს. ახლანდელმა ბავშვებმა „არა“ არ იციან. თავიდანვე რომ კი-ს მიაჩვევ, მერე ცხოვრება ბევრ არა-ს გიმზადებს, არა-სთვის მზად არ არიან და ბევრ პრობლემას აწყდებიან. ეს არის ჩემი პრინციპი. არ ვიცი, რა გამოვა და როგორ, ბუნებამაც უნდა უშველოს, მაგრამ ვეცდები, რომ ჩემმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ყოველთვის მათ ნებაზე არ იქნება ყველაფერი.

რომ წამოიზრდებიან, თქვენს რეპეტიციებზე ივლიან, ალბათ, მუსიკაც შეუყვარდებათ…

რომ ვუკვირდები ჩემს გრაფიკს, ასე ვერ მივატოვებ ბავშვებს. შეიძლება, საერთოდ ვერ დამინახონ, ამიტომ ჯობია, ვიწვალო და ბავშვები გრძნობდნენ, რომ დედა ახლოს ჰყავთ.

5-წლიანი ბრძოლა შვილების ყოლისთვის წარმატებულად დასრულდა. დღეს, როცა ტყუპებს უყურებთ, ფიქრობთ, რომ მთავარი ნატვრა აისრულეთ?

რა თქმა უნდა, ამას ზედმეტი ლაპარაკიც არ უნდა…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

magti 5g