თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატმა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამოტანილი აღმკვეთი ღონისძიება, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ შეუფარდა, გაასაჩივრა. ამის შესახებ ნოდარ მესხმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და გირაოს გამოყენებას მოითხოვს. რაც შეეხება პატიმრობის შეფარდების არგუმენტს მიმალვის საფრთხესთან დაკავშირებით, მესხი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყებას შეეძლო ფურცხვანიძისთვის საზღვარგარეთის პასპორტი ჩამოერთმია.
“კანონით დადგენილი წესით ვასაჩივრებთ. ჩვენ ამ ეტაპზე ჩამოვყალიბდით, რომ მოვითხოვოთ გირაო. ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს არც ბრალის აღიარებას, არც არაფერს სხვას პროცედურულად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ბატონი დავითის არც ფიზიკური მდგომარეობა, არც სხვა კრიტერიუმით მახასიათებელი, თვითონ საქმის შინაარსიდანაც გამომდინარე, უშუალოდ არ მიუთითებს არაფერზე. მარტო ის, რომ საზღვარგარეთ მიდიოდა, ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ დამალვას აპირებდა. თუ პროკურატურას ჰქონდა ეჭვი, შესაძლებელი იყო ბატონი დავითი მიმალულიყო. მათ შეეძლოთ დაეყენებინათ შუამდგომლობა და ჩამოერთმიათ საზღვარგარეთის პასპორტი. ის ამ ეტაპისთვის დუმილის უფლებას იყენებს” – აცხადებს ადვოკატი.
ფურცხვანიძემ სატელიტის ფოტოები თავის შვილს დაამუშავებინა: პროკურატურა
შეგახსენებთ, რომ დავით ფურხცვანიძე სამართალდამცავებმა 25 სექტემბერს, მტკიცებულებების ფალსიფიკაციით და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, სატელიტის მიერ გადაღებული მასალა, რომელიც ფურცხვანიძემ როგორც მტკიცებულება მიხეილ რამიშვილს გადასცა, საკუთარ შვილს ფოტომონტაჟის საშუალებით დაამუშავებინა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფოტომასალა ყალბია.
აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ფურცხვანიძეს 26 სექტემბერს შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.