ირანმა ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე საავადმყოფოზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ათობით ადამიანი დაშავდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 30 ბალისტიკური რაკეტა ისროლა. ცეცხლის ქვეშ მოექცა სამხრეთ ისრაელის ბეერ შევაში მდებარე სოროკას საავადმყოფო, ასევე ცენტრალურ ისრაელში მდებარე ჰოლონი და რამათ განი. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.
„ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
–
ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება.
„დარტყმის სამიზნე პლუტონიუმის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა რეაქტორის აღდგენა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაში ჩართული იყო 40 გამანადგურებელი, რომელთა სამიზნეც ათობით სამხედრო პუნქტი იყო, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ასაწყობი ადგილები.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანს რამდენიმე კვირა აშორებდა ბირთვულ იარაღამდე.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა, ეს მსოფლიოს დასასრული იქნებოდა.
„20 წელია, ვამბობ, შესაძლოა, უფრო დიდი ხანიც, რომ არ შეიძლება, ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ვფიქრობ, მათ რამდენიმე კვირა აშორებდათ ბირთვული იარაღის ფლობისგან“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის აზრით, თუ ირანს ბირთვული იარაღი ექნებოდა, მაშინ ისინი მას გამოიყენებდნენ.
–
აშშ-ის ავიამზიდი USS Ford მომდევნო კვირაში ისრაელის სიახლოვეს, ხმელთაშუა ზღვაში განთავსდება. ამის შესახებ CNN წერს.
ეს მესამე ავიამზიდია, რომელიც ისრაელ-ირანის დაპირისპირების ფონზე, კონფლიქტის ზონის სიახლოვეს აშშ-მა გადაიყვანა.
ამასთან, გზაშია კიდევ ერთი ავიამზიდი, რომელიც, სავარაუდოდ, „კარლ ვინსონს“ ჩაანაცვლებს.
–
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეთავაზებაზე ირანთან კონფლიქტში შუამდგომლობის შესახებ.
მისივე თქმით, პუტინს ურჩია, ჯერ რუსეთს უშუამდგომლოს და ირანის საკითხზე შემდეგ იდარდოს.
„ვუთხარი, საკუთარს უშუამდგომლე. მოდი, ჯერ რუსეთის მედიაცია იყოს, კარგი? ვუთხარი, ვლადიმერ, მოდი, ჯერ რუსეთს უშუამდგომლე, ამაზე მერე იდარდე“, – განაცხადა ტრამპმა.
–
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, შეიძლება ეს გააკეთოს, შეიძლება – არა.
„არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება – არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო მზად მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი მასზე იერიშს მიიტანდა.
ამასთან, ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს ჰკითხეს, თუ რა უთხრა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სატელეფონო საუბრის დროს.
„გააგრძელე“, – ასე უპასუხა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუ კარგი კაცია, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს. როგორც ტრამპმა აღნიშნა, ნეთანიაჰუს საკუთარ ქვეყანაში არასამართლიანად ექცევიან.
შეერთებული შტატების პოტენციური სამხედრო ჩარევა ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტს „აუცილებლად გავრცელდება“ მთელ ახლო აღმოსავლეთზე და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და საშიში გახდებოდა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
–
დიდი შვიდეულის სამიტი კანადაში 15 ივნისს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტი ერთობლივი დეკლარაციის გარეშე დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, სამიტი ნაადრევად დატოვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
როგორც „ბიბისი“ წერს, ზელენსკის ნაადრევად დატოვების მიზეზი აშშ-ის პოზიცია გახდა, რომელსაც სურდა, რუსეთთან მიმართებაში შეერბილებინა განცხადების ტექსტი, რაც სამიტის მონაწილე დანარჩენმა ლიდერებმა უკრაინისთვის არასამართლიანად მიიჩნიეს. შესაბამისად, კანადამ როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, გააუქმა ხელმოწერის პროცედურა.
„ამერიკელებს არ სურდათ ტექსტში გარკვეული მწვავე განცხადებები რუსეთის მისამართით, რადგან ისინი შიშობდნენ, რომ ეს ხელს შეუშლის ომის დასრულების თაობაზე ამ ქვეყანასთან მოლაპარაკებებს“, – ციტირებს კანადური ტელეკომპანია CBC ანონიმურ წყაროს.
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას, რომლის მიზანიც უკრაინაში მდგრადი მშვიდობის მიღწევაა.
კარნის თქმით, დიდი შვიდეულის ლიდერები „მზად არიან, შეისწავლონ“ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის ყველა ვარიანტი.
„ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა და მე აქ ვარ. ჩვენ მზად ვართ სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამისთვის ზეწოლა გვჭირდება“, – ხაზგასმით აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
–
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.
პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხი, რადგან, უკრაინის კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივების შესაძლებლობა არ არსებობს საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი.
„რუსეთისთვის სულერთია, ვინ ატარებს მოლაპარაკებებს უკრაინის მხრიდან, მაგრამ დასასრულს დოკუმენტების ქვეშ უნდა იყოს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა“, – უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს.
პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, თუ უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები დათანხმდებიან ამას და არ უბიძგებენ კიევს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებისკენ.
რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას, ამ საკითხზე საუბრისას პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ომი თავად უკრაინამ დაიწყო.
–
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი აცხადებს, რომ მომავალ კვირას ჰააგაში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე უკრაინის ალიანსში მიწვევა არ იგეგმება.
„არავის გამოუთქვამს იმედი, რომ მიწვევა ჰააგაში გაკეთდებოდა, თვით უკრაინელებსაც კი. არ არსებობს მოლოდინი, რომ რაიმე გარდამტეხი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, არც ვაშინგტონის სამიტამდე და არც ახლა, ჰააგის სამიტამდე. ეს დღის წესრიგში არ დგას“, – აღნიშნა ბუდრისმა.
ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მნიშვნელოვანია, შეხვედრაზე ყურადღება უკრაინაზე გამახვილდეს და ხაზი გაესვას იმას, რომ ნატო-ს ქვეყნები და კიევი უსაფრთხოების ერთ სივრცეში იმყოფებიან.
–
რატომ უნდა გამოიყენოს ევროპამ ნატო საკუთარი მიზნებისთვის? – ამის შესახებ სტატიას „გარდიანი“ ავრცელებს.
სტატიის ავტორი პოლ ტეილორი აღნიშნავს, რომ ნატო-ს წლევანდელ სამიტზე, როგორც დიპლომატები ამბობენ, ნაცვლად ტრადიციული ყოვლისმომცველი კომუნიკესი, იქნება მოკლე განცხადება, არ იქნება მკაფიო ხსენება ნატო-ს დაპირების, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს გახდებიან წევრები, რისი წინააღმდეგიცაა ტრამპი. ჯერ კიდევ შარშან აშშ, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით, ხელს აწერდა განცხადებებს, რომ უკრაინის გზა ნატო-სკენ „გარდაუვალია“. ტრამპმა ხელის მუხრუჭი ამოწია“, – ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიის ავტორი ციტირებს ნატო-ს პირველ გენერალურ მდივანს, ჰასტინგს ისმაის და წერს, რომ ალიანსის მიზნებია: „შეინარჩუნოს ამერიკა შიგნით, რუსეთი – გარეთ და გერმანია – ჩუმად“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროპელი ლიდერები ცდილობენ, მიაღწიონ ურთიერთგაგებას ტრამპთან იმის თაობაზე, რომ ვიდრე ისინი აპირებენ, გააძლიერონ თავიანთი შეიარაღებული ძალები, აშშ არ გაიყვანს კრიტიკულად მნიშვნელოვან ძალებს, ყოველ შემთხვევაში იქამდე, ვიდრე ევროპა მზად იქნება პასუხისმგებლობის ასაღებად, რაც, სტატიის ავტორის აზრით, საჭიროებს 5-დან 10 წლამდე გარდამავალ პერიოდს.
ფოტო: yorktowninstitute
