რამდენიმე წლის წინ ქართულ საკონდიტრო ბაზარზე გამოჩნდა მცირე საწარმო, რომელიც გემოების გაბედული კომბინაციებისა და ვიზუალური ესთეტიკის მაძიებლებს შორის მოკლე დროში გახდა პოპულარული. „გაამოს“ წარმატება არ განისაზღვრება მასშტაბით, არამედ დეტალებით: კრეატიული რეცეპტებით, ხარისხიანი ინგრედიენტებით და მომხმარებელთან უშუალო კავშირით.

ნინო შოშიაშვილი, ორიგინალური ტკბილეულის მწარმოებელი საკონდიტროს „გაამოს“ დამფუძნებელი:
– ტკბილეულის საკუთარი საწარმოს გახსნის სურვილი ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა, ალბათ, ბავშვობაში, როდესაც სამზარეულოში ბებიის ფუსფუსს ვაკვირდებოდი. მართალია, მაშინ არ ვიცოდი, რისი გაკეთება მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ეს საქმე ადამიანების გახარებასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ტკბილეულის დამოუკიდებლად ცხობა 2019 წელს დავიწყე იმ ინგრედიენტებით, რაც სახლში მქონდა. მაშინ არც საკონდიტრო და არც ბიზნეს საქმიანობაში არანაირი გამოცდილება არ გამაჩნდა, მაგრამ მქონდა მიზანი – უნდა „ვაამო“ მომხმარებელს.

მიზნის განხორციელებას ჯერ ჯინჯერის ორცხობილებით შევუდექი, რომლებიც მინანქრით იხატებოდა. შემდეგ დავამატე მაფინები შაქრის ცომით, ქეიქ პოპსები, ლოლი პოპები, ფერადი მერინგა, საბავშვო მოსახატი ბოქსები, მარშმელოუები. ახლა უკვე სეზონურად ვამზადებთ პასკას, შტოლენს და გურულ ღვეზელსაც კი.
თავდაპირველად ვმუშაობდი სახლიდან, მარტო. პარალელურად, Youtube-ზე ვიდეოგაკვეთილებით ვსწავლობდი ტექნიკებს. პერიოდულად მყავდა დამხმარეებიც. ამჟამად უკვე ჩემი მცირე ზომის საწარმო მაქვს, სადაც უშუალოდ მომზადების პროცესში ჩართული აღარ ვარ, თუმცა სხვა ყველაფერში (ფინანსები, ბუღალტერია, მომარაგება, მარკეტინგი, პიარი და ა.შ.).

„გაამოს“ რეცეპტები ძირითადად ინტერნეტიდანაა აღებული, თუმცა შემდეგ ჩვენ მიერაა დახვეწილი. ძველი გემოების გაცოცხლების დიდი სურვილიც მაქვს – მინდა ბავშვობის ტკბილეულიც დაემატოს ასორტიმენტს.
მოგეხსენებათ, მომხმარებლებში გავრცელებულია სტერეოტიპი, რომ რაც ლამაზია, შესაძლოა, გემრიელი არ იყოს, მე კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „გაამოს“ ტკბილეული ლამაზიცაა და გემრიელიც.

– ტკბილეულის რომელი ხაზი სარგებლობს განსაკუთრებული მოწონებით მომხმარებლებს შორის?
– სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა პროდუქტი მუშაობს. მაგალითად, ახლა (წინასასკოლო პერიოდში) მოთხოვნადია მარშმელოუს თაიგულები, რომლებიც ცოტა ხნის წინ დავამატეთ. ახალ წელს ჯინჯერის სახლები და მოსახატი ბოქსები უფრო იყიდება, აღდგომის დროს – პასკა. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ძირითადი პროდუქტი ჯინჯერის ორცხობილებია და წლის ყველა დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

– შეკვეთებს თუ იღებ, მომხმარებლის სურვილებს რამდენად და როგორ ითვალისწინებ?
– დიახ, ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და ვცდილობთ, მომხმარებლის სურვილი 100%-ით გავითვალისწინოთ. თუმცა არსებობს შეზღუდვები, მაგალითად, წინასაახალწლოდ ან სხვა დღესასწაულების წინა პერიოდში, როდესაც დიდია მომართვიანობა, ვერ ვიღებთ შეკვეთებს ინდივიდუალურ დიზაინებზე და მზა ვარიანტებს ვთავაზობთ მხოლოდ. თუ რომელიმე დღესასწაულზე ინდივიდუალური დიზაინის შეკვეთა გსურთ, მაშინ დღესასწაულამდე დიდი ხნით ადრე უნდა მოგვმართოთ.

– როგორ ფიქრობ, მოახერხე საკონდიტრო ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება?
– ტკბილეულის ბაზარი საქართველოში ბოლო პერიოდში სწრაფად განვითარდა. მათ შორის ჩემი მიმართულება, ანუ ჯინჯერის ორცხობილების წარმოება. თავდაპირველად, როდესაც ეს საქმე დავიწყე, ხალხს ისინი მაგნიტები და სუვენირები ეგონა. ახლა ყველა ხვდება, რომ ეს საკვებია. ბაზარზე სხვებისგან გამოგვარჩევს დახვეწილი დიზაინი, გემო, ხარისხი, მომხმარებელზე მორგებული შეთავაზებები, კრეატიულობა და მრავალფეროვნება.
სხვათა შორის, ორცხობილების წარმოების გარდა, აქტიურად ვატარებთ მასტერკლასებს, რადგან გვინდა, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა და ბავშვმა ისიამოვნოს არა მხოლოდ შედეგით, არამედ მომზადების პროცესით. მერწმუნეთ, ერთხელ მაინც თუ მოსინჯავთ, შეგიყვარდებათ ორცხობილების მოხატვა.

– ვინ არიან „გაამოს“ ძირითადი მომხმარებლები, როგორი უკუკავშირი გაქვს მათგან?
– მომხმარებლები ძირითადად ბავშვები და მათი მშობლები არიან, ასევე კომპანიები, რომლებისგანაც კორპორაციულ შეკვეთებს ვიღებთ. მომხმარებლების მხრიდან, ძირითადად, კარგი უკუკავშირი გვაქვს. თვითონ პროდუქტი ისეთია, შეუძლებელია უარყოფითი ემოციები გამოიწვიოს. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ მომხმარებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, არამედ მისი მოლოდინის გადაჭარბებაა, რასაც ხშირ შემთხვევაში ვაღწევთ ხოლმე.

– იმისთვის, რომ „გაამოს“ უფრო წარმატებული იყოს, ვისი მხრიდან გჭირდება ხელშეწყობა?
– მართალია, მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად დღეს უამრავი პროგრამა ხორციელდება როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, მაგრამ მათი ძირითადი აქცენტი წარმოების განვითარებაზეა, ყველაზე რთული კი წარმოებული პროდუქტის რეალიზაციაა, შესაბამისად, მცირე ბიზნესების განვითარებისთვის სწორედ ამ ნაწილშია საჭირო მეტი ხელშეწყობა.
საკონდიტრო გავხსენი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო საგრანტო პროგრამით და ამჟამადაც ვსარგებლობ სუბსიდირებული სესხით, ასევე, სააგენტოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ბიზნეს სერვისით. გარდა ამისა, გავიარე უამრავი ტრენინგი, კონსულტაცია და ვორქშოპი, რისთვისაც მინდა ყველა ორგანიზაციას გადავუხადო მადლობა. მსგავსი ცოდნის და გამოცდილების დამოუკიდებლად მიღება საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

– რა პლატფორმებს იყენებ იმისთვის, რომ საზოგადოებას უკეთ გააცნო შენი საქმიანობა? ქართველ მეწარმეთა გამოფენებში თუ მონაწილეობ?
– მაშინ, როდესაც ეს საქმიანობა დავიწყე, ძალიან მიჭირდა გამოფენებში მონაწილეობა, რადგან არ მქონდა შესაბამისი კონტაქტები და ინფორმაცია ასეთი ღონისძიებების შესახებ. დღეს კი, რასაც არ ვუჩივი, სწორედ გამოფენებში მონაწილეობაა. ვცდილობ, არცერთი გამოფენა არ გამოვტოვო და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნო ჩვენი პროდუქცია. ხშირად გამოფენები ერთმანეთს ემთხვევა და ერთდროულად ორ ან სამ ადგილას ვართ წარმოდგენილები. ასევე, აქტიურად ვიყენებ სოციალურ ქსელებს – ფეისბუკს და ინსტაგრამს, ზოგჯერ ტიკ-ტოკსაც.

– რა სირთულეებს აწყდები შენს საქმიანობაში?
– ჩემს და ნებისმიერ სხვა საქმიანობაში, ვფიქრობ, ყველაზე რთული ბიზნესის დაწყებაა მცირე ინვესტიციით. ამიტომაც პატარა ნაბიჯებით გიწევს განვითარება, რაც დროსთან და დიდ მოთმინებასთანაა დაკავშირებული. საქართველო პატარა ბაზარია ნებისმიერი საქმიანობისთვის და ხშირად ვამბობ, რომ იმდენად ნიჭიერი ერი ვართ, ქვეყანაში მეწარმე უფრო მეტი გვყავს, ვიდრე მომხმარებელი. ეს ყოველივე გამოწვეული იმით, რომ ადამიანებს არ აქვთ სათანადო შემოსავალი, ამიტომაც მის გასაზრდელად ცდილობენ ჰობი ბიზნესად აქციონ, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ისე ყიდიან პროდუქტს, მის წარმოებაში საკუთარი შრომის ფასს არც ითვალისწინებენ. ეს უარყოფითად აისახება მეწარმეებზე, რომლებმაც უნდა გადავიხადოთ გადასახადები, გავცეთ ხელფასები და მხოლოდ შემდეგ განვსაზღვროთ პროდუქციის ღირებულება. მინდა, ადამიანებმა მეტად დააფასონ საკუთარი თავი და დრო.

– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აწარმოებ საფასო პოლიტიკას?
– ჩვენი პროდუქცია არ არის პირველადი საჭიროების და ცოტა ფუფუნების საგანიცაა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ხარისხი, ფასი დაბალი ნამდვილად არ არის. თუმცა ვცდილობ, შევინარჩუნო ისეთი ზღვარი, რომ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასები დღითი დღე იზრდება.

– რა გეგმები გაქვს „გაამოსთან“ დაკავშირებით?
– „გაამოს“ დაფუძნებისთანავე მინდოდა შემექმნა მყუდრო სივრცე, სადაც მომხმარებელი თავს ისე იგრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. ჯერჯერობით ამას მხოლოდ საწამოში ვახერხებ. სამომავლოდ „გაამოს“ არ იქნება მხოლოდ ტკბილეულის საწარმო. ეს იქნება თავშეყრის ადგილი, სადაც უფრო ახლოს ვიქნებით ჩვენს მომხმარებელთან, უფრო აქტიურად ჩავატარებთ მასტერკლასებს და უფრო დიდი ასორტიმენტით ვუმასპინძლებთ ყველას. „გაამოს“ ჩემი ოჯახია. მეექვსე წელია, შვილივით ვზრდი და ვუფრთხილდები მას.