“ვმუშაობთ ცალკე ონლაინკლინიკის გაკეთებაზე, სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდინფიცირებულ ორსულებს კონსულტაციას ბინაზე გაუწევენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ საკითხზე ჰქონდათ შეხვედრა მეან-გინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან.
მისივე თქმით, ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესი და კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება:
“ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბოლო პერიოდში.
ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა მეანგინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან. ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში, კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძიებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის, ორსულების ტესტირება.
ვმუშაობთ ცალკე ონლაინკლინიკის გაკეთებაზე, სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კონსულტაციას გაუწევენ კოვიდინფიცირებულ ორსულებს ბინაზე”, – თქვა მან.
გაბუნიას თქმითვე, დღევანდელი ონლაინკლინიკები ძირითადად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით, რომლებსაც ასევე შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, თუმცა კიდევ უფრო მეტად სპეციალიზება მნიშვნელოვნად ჩაითვალა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა სიმპტომი, როდესაც ორსული ნებისმიერი მიზეზით მივა სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია მას შესთავაზონ კოვიდტესტირება.
მისივე თქმით, დღეს რაც ნამდვილად შეუძლია თქვას არის ის, რომ ორსულებში “ფაიზერით” ვაქცინაცია არის სრულიად უსაფრთხო.
“ამდენად, ყველა ორსული რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.