ვსაუბრობთ ჩვეულ და რეგულირებად გარემოში არჩევნების ჩატარებაზე, რაც შესაძლებელია გაკონტროლდეს და ეს თავისთვად მაღალ რისკებს არ უკავშირდება, ამ რისკების გადაზღვევა შესაძლებელია – წინა არჩევნების შემდეგ იყო ძალიან მაღალი მობილობა, რაც უკავშირდებოდა ქუჩის აქციებს და ეს იყო ეპიდემიის გავრცელების მკვებავი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ცესკო-სთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა, რათა არჩევნებში მონაწილე პირებში ვაქცინაცია აქტიური იყოს და ასევე, არსებობდეს რეკომენდაციების დაცვის გარანტია. მისივე თქმით, აღნიშნული საკითხების გარდა არჩევნებთან დაკავშირებით განსაკუთრებული რეკომენდაციები ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით არ გაუცია.
„ჯანდაცვის სექტორში არჩევნებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება – ერთი ის, რომ არჩევნები ბუნებრივად უკავშირდება მეტ მობილობას და ამას, რა თქმა უნდა, რისკების ზრდაც მოჰყვება; მეორე ის, რომ ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად დავიცვათ რეკომენდაციები, რაც სპეციალურად არჩევნების უსაფრთხოებისთვის არის შემუშავებული.
დღეს ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილე პირებისთვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს. ამის იქით არჩევნებთან მიმართებით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაცია ჯანდაცვის სექტორს არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ეს მიმდინარე პროცესია და გამომდინარე იქიდან, რა საჭიროება დადგება, შესაძლებელია ამაზე დამატებით ვიმსჯელოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
