LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაჭედილი ცხვირი და სპაზმური ხველა – მაკა რუხაძე ვირუსებსა და ალერგიაზე

141
მაკა-რუხაძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი – მაკა რუხაძე სტუმრობდა, რომელმაც ვირუსულ ინფექციებზე, ალერგიაზე, მათთვის დამახასიათებელ ყველაზე მწვავე სიმპტომებზე და ასთმაზე ისაუბრა.

ქალბატონო მაკა, დღესდღეობით, თითქმის ყოველი მეორე ადამიანი გაჭედილ ცხვირს უჩივის. რა არის ამის მიზეზი, ვირუსულმა ინფექციებმა უკვე დაიწყო შემოდინება თუ სეზონიდან გამომდინარე ალერგიული ფონია გაზრდილი?

ეს ნამდვილად უამრავი ადამიანის პრობლემაა და ალბათ, დამეთანხმებით, რომ აღნიშნული პრობლემა ადამიანებს ცხოვრების ხარისხს უზღუდავს, რადგან მათ აქვთ ძალიან რთული ძილის პერიოდი ან საერთოდაც, უძილობა, შრომის უნარიანობის დაქვეითება, არიან უფრო გაღიზიანებულები, აგზნებულები და ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა დიდი ფუნქცია აქვს ცხვირს, ანატომიური თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, რაღაც ფაქტორები შესაძლოა ანატომიურ პრობლემებთანაც იყოს დაკავშირებული.

გამოვყოთ გაჭედილი ცხვირის მიზეზები:

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გაჭედილი ცხვირის მიზეზი შეიძლება ფიზიკური ფაქტორი იყოს. ამ დროს, ცივი ჰაერის მოხვედრისას, ცხვირის ობსტრუქციას აქვს ადგილი.

გაჭედილი ცხვირი შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსული, ბაქტერიული ინფექციებით, მაგალითად, რინოვირუსით, რომელსაც ცხვირის გაჭედვა, სურდო ახასიათებს. მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ვირუსებიც, რესპირატორული, სინციტიური, კოვიდი, ასევე გრიპი, რომელიც ამ პერიოდში ძალიან აქტუალურია. როგორც ვიცით, ოქტომბრიდან თებერვლამდე აქტიური პერიოდია როგორც სეზონური გრიპისთვის, ისე დანარჩენი ვირუსებისთვის. რა თქმა უნდა, ვირუსს თან შეიძლება დაერთოს გართულებებიც, ბაქტერიული ინფექციის სახით. ბუნებრივია, ბაქტერიული ინფექციის არსებობის შემთხვევაშიც გამოხატულია ცხვირიდან ჩამონადენი.

ჩვენ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოქტომბრის პერიოდში ალერგიის სეზონიც არის, რადგან მაღალ ალერგენული თვისებების მქონე, ამბროზიის და ავშანის მტვრის მარცვლების გავრცელების პერიოდია.

ამავდროულად, რადგან აცივდა, ჩვენ ყველანი ვცდილობთ, სახლში გვქონდეს სითბო, ჩავრთოთ გათბობა. როდესაც გათბობა ირთვება, დგება კარშიდა ალერგენების გამრავლების აქტიური პერიოდი. ასეთი ალერგენები გახლავთ, მაგალითად, ოთახის მტვრის ტკიპები, შინაური ცხოველის ბეწვი, ფრინველის ბუმბული და სოკოვანი ალერგენები, კედელზე, აბაზანაში წარმოდგენილი ობის სოკოები. სოკოს სპორების და მტვრის წყარო ხშირად ხდება სახლში არსებული მცენარეებიც, ამიტომ აუცილებლად უნდა მოაწესრიგოთ ისინი.

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვირუსების ერაში ვცხოვრობთ, აქ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორიც, ჰაერის დაბინძურება, რაც მნიშვნელოვანია გლობალური დათბობის კუთხით. ძალიან აქტუალური თემაა ის, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატება ხდება და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი იმის, რომ პოლინაციის პერიოდი ხანგრძლივდება. მაგალითისთვის, ადრე იწყება და ძალიან ხანგრძლივდება მაღალი ალერგენული თვისებებით გამორჩეული კვიპაროსის მტვრის მარცვლის, ამბროზიის მტვრის მარცვლის პოლინაციის პერიოდი. იმ გეოგრაფიულ ზონაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, თუ თბილი პერიოდი დიდხანს გაგრძელდება, პოლინაციის პერიოდი შეიძლება ნოემბრის ბოლომდეც გაგრძელდეს. გარდა ამისა,  ამ დროს არა მარტო ჰაერი ბინძურდება მტვრის მარცვლებით, არამედ ვირუსებისთვის, სხვადასხვა ბაქტერიების გავრცელებისთვისაც აქტიური პერიოდია. შესაბამისად, კაცობრიობა დღეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე რჩება, ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მეტი ინფორმაციის ქონას და ადამიანებისთვის ცნობიერების ამაღლებას. ეს გამოწვევები არის და ყოველთვის იქნება, მაგრამ თუ ჩვენ დროულად ავიღებთ გეზს, ამოვიცნობთ პრობლემას და დროულად მივაკითხავთ შესაბამის სპეციალისტს, ამ პრობლემების გადაჭრა, მკურნალობა და პრევენცია ნამდვილად შესაძლებელია.

ძირითად, გაჭედილი ცხვირის გამო ექიმთან ვიზიტს არავინ ჩქარობს, ადამიანები ცდილობენ, რომ  აღნიშნული პრობლემა სახლის პირობებში მოაგვარონ. როგორ უნდა მოვახდინოთ პრობლემის დიფერენცირება, როდის არის შესაძლებელი ჩვენი ძალებით, სახლის პირობებში ვიზრუნოთ მის მოგვარებაზე და რა დროს არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი?

პანდემიის პერიოდმა გვასწავლა, თუ რა მწვავედ შეიძლება დაიწყოს ვირუსული ინფექცია, რომ მწვავედ დაწყებას შეიძლება ახლდეს ტემპერატურული რეაქცია, ინტოქსიკაციის გამოვლინება, დიარეა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება. აღნიშნული გამოვლინებები კი საერთოდ არ ახასიათებს ალერგიულ რეაქციას. მნიშვნელოვანია ხანგრძლივობაც. კი, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია შეიძლება გართულდეს და გახანგრძლივდეს, მაგრამ ვირუსს 7-10 დღის მეტი ხანგრძლივობა არ ახასიათებს. რაც შეეხება ალერგიას, თუ ჩვენ სეზონურ პრობლემებზე, გამოვლინებებზე ვსაუბრობთ, ის, რა თქმა უნდა, ძალიან ხანგრძლივია, 10 დღე კი არა, თვეები გრძელდება.

თუ ადამიანი ამჩნევს, რომ გარკვეული მეთოდებით, მიღებული რეკომენდაციებით ვერ შველის პრობლემას და პროცესი ძალიან ხანგრძლივდება, ეს უკვე ნამდვილად დამაფიქრებელია, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დროულად უნდა მიმართოს ექიმს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, მაგალითად, რინიტის დროს, ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება შეიძლება მწვავედ, ქრონიკულად გამოვლინდეს. თუ ეს პრობლემები 12 კვირაზე დიდხანს გრძელდება, ქრონიკული რინიტის განმარტებაც ეს არის. რინიტი შეიძლება იყოს როგორც ალერგიული, ისე ინფექციური, ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი პრობლემებით განპირობებული და შეიძლება იყოს არაინფექციური რინიტებიც. ასეთი რინიტების ფენოტიპები კი ძალიან დიდია, არსებობს მედიკამენტური, სენილური რინიტები, ე.წ. მოთხილამურის ცხვირი, ცივი ჰაერით განპირობებული, გუსტატორული, კვებითი რინიტები. თქვენ წარმოიდგინეთ, კიდევ არსებობს 50 % იდიოპათიური რინიტებისა.

ალერგიული რინიტი შეიძლება იყოს სეზონური და პერინიალური, ანუ იყოს მთელი წლის განმავლობაში. პერინიალური რინიტის გამომწვევები სწორედ ჩვენს მიერ დასახელებული ოთახის მტვრის ტკიპები, სოკოები, შინაური ცხოველების ეპითელიუმი გახლავთ.

შეიძლება, რომ ეს ყველაფერი ზოგიერთ ადამიანში ერთდროულად იყოს წარმოდგენილი. შეიძლება, ალერგიულ ადამიანს, დაერთოს ვირუსული ინფექცია და რა თქმა უნდა, თუ ვირუსული ინფექცია ბაქტერიული ინფექციით გართულდება, ის გახანგრძლივდება.

შიშის მომენტი არ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რადგან თუ მას ალერგიული რინიტი აქვს, ალერგოლოგი ყოველთვის აძლევს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როგორ იმკურნალოს, როგორ მოახდინოს პრევენცია, რომ ხშირად გამოირეცხოს ცხვირის ლორწოვანი, ჩაიტაროს იგივე ზღვის წყლის პროცედურა. ეს უნდა იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, რომ ცხვირის ღრუს სანაცია მოხდეს. შეიძლება ფიზიოლოგიური და ზღვის წყალი ცოტა ისე ჟღერდეს, მაგრამ მათ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით ამ დაავადებების პრევენციაში და მკურნალობის რეჟიმში.

ამოცნობაში გვეხმარება გამონადენის ფერიც. თუ ცხვირიდან გამონადენი არის წყალივით ჭარბი, უხვი და მწვავე და პლუს დართული აქვს ინტოქსიკაციის, ტემპერატურული რეაქცია, მაშინ იქ ნამდვილად რაღაც ვირუსული ინფექციით მიმდინარე პროცესია. თუ ვირუსული ინფექციიდან შემდგომ ბაქტერიულში გადადის, ეს ჩამონადენი შეფერილი ხდება. თუ ჩამონადენი არის ბლანტი, მოყვითალო ელფერის, ეს მიგვითითებს, რომ სახეზეა ბაქტერიული ინფექცია.

თუ გამჭვირვალე გამონადენი დიდხანს გრძელდება და თუ მას ერთვის გახშირებული ცემინება, ცხვირის და თვალის ქავილი, თვალის ლორწოვანი გარსის ანთება, სპაზმური ხასიათის ხველა, მაშინ საქმე ალერგიასთან გვაქვს.

ხველა განსაკუთრებით მწვავე და რთულად დასამორჩილებელია ბავშვებში და მშობლები ხშირად ჩივიან, რომ ვირუსული ინფექციის დასრულების შემდეგ, ხველა უსასრულოდ, ხანდახან თვეები გრძელდება და ამას ისინი ხშირად უწოდებენ ალერგიულ ხველას. არის თუ არა ეს ალერგიული ხველა და ზოგადად, რა განსხვავებაა ალერგიულ და ვირუსულ ხველას შორის?

შეიძლება, ხველა ვირუსულ ინფექციასაც მოჰყვეს, მაგრამ როდესაც ხველა იწყება, ჩვენ აქ სიმპტომურად ხველას კი არ უნდა ვუმკურნალოთ, არამედ მისი გენეზი და მიზეზი უნდა გავიგოთ.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ არსებობს სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომ ალერგიული კომპონენტი გამოირიცხოს. თუ ბავშვს ხველა უგრძელდება, თუმცა ის გამოკვლეულია და მას არ აქვს ატოპიური, მემკვიდრული, ალერგიული განწყობა, არ ჰყავს ალერგიული მშობლები, არც ბავშვობაში ჰქონია ისეთი ალერგიული გამოვლინებები, როგორიცაა კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი და ეს ალერგიული მარში არ შეინიშნებოდა, მაშინ უმრავლეს შემთხვევაში, რეინფექციასთან გვაქვს ხოლმე საქმე.

მხოლოდ ვირუსული ინფექციის შემდგომ არის, რომ ამოსუნთქვის დროს  ბრონქოსპაზმი ემთხვევა. თუ ბრონქოსპაზმით არ არის გამოხატული, ხშირად არის ხოლმე კრუპის გამოვლინებები. ეს არის ე.წ. ლარინგოტრაქეიტი, რომელიც ნამდვილად ვირუსული გენეზისაა. უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება და ვუთხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ადამიანი ასთმის კანდიდატი არ არის.

თუ მშობელს, პედიატრს გამოკვლეული აქვს ყველა ეს ეტაპი, თუ იცის საშუალოდ რამდენჯერ ავადობს ბავშვი წელიწადში და თუ ბავშვი ამ დინამიკას მიჰყვება, მაშინ ასეთი ბავშვები ასთმის კანდიდატები არ არიან და ისინი გადალახავენ ამ პერიოდს. თუ ბრონქოსპაზმიც ერთვის ვირუსის შემდგომ პერიოდს და ამოსუნთქვის დროს მსტვინავი ხასიათის ხიხინი გრძელდება, რაც ერთვის ხოლმე ალერგიულ კომპონენტს, ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ეს არის ვირუს-ინდუცირებული ვიზინგი, რომელიც აუცილებლად დაიხევს უკან.

იმ ბავშვებს, იმ მოზრდილებს, რომელთაც ალერგიული, მემკვიდრული განწყობა აქვთ, რომელთაც ბავშვობაში დადასტურებული აქვთ ატოპიური დერმატიტი, რინიტი, თან დართული ვირუსი, რამაც პერსისტირებას შეუწყო ხელი, ნამდვილად აქვთ განწყობა და ფრთხილად უნდა იყვნენ.

როგორ უნდა მოვუფრთხილდეთ ასეთ ადამიანებს?

ამ დროს პაციენტი უნდა მიჰყვეს ექიმის დანიშნულებას, სამოქმედო გეგმას და რჩევებს. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ასთმა დღეს, თუ ჩვენ სწორად მივუდგებით მას, თუ სწორ დიაგნოსტიკას ვაკეთებთ, კონტროლირებადია. თუ დაავადება კონტროლირებულია, თუ პაციენტი შესაბამის მედიკამენტებს სწორად, ექიმის მიერ მიცემული სქემის მიხედვით იღებს, მაშინ, თუნდაც ვირუსული ინფექციის დროს, საფრთხეები არ არსებობს. პანდემიამაც აჩვენა, რომ ასთმით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც სწორად მკურნალობდნენ, კოვიდი დიდი სიმძიმით არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ SARS-CoV-2-ის ძირითადი თრიგერი რესპირაციული სისტემა იყო.

ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ალერგიულ ადამიანებს, რომ ალერგიულ რინიტს და ასთმას შორის ურთიერთკავშირი არსებობს,  სტატისტიკაც მოწმობს, რომ ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებს 70-80%-ში ასთმაც შეიძლება განუვითარდეთ, თუ ის კონტროლირებული არ იქნება. ასევე, თუ არის ასთმა, 40-50 %-ში იქაც შესაძლებელია, რომ მას ალერგიული რინიტი დაერთოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პრობლემის დროული ამოცნობა, ექიმი-სპეციალისტისთვის დროულად მიმართვა,  დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

როგორც ვირუსული ინფექციების დროს, ისე ალერგიის შემთხვევაში, ერთ-ერთი საპროფილაქტიკო საშუალება და იარაღი ვაქცინაციაა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გრიპიც არანაკლებ ვერაგი ვირუსი გახლავთ, ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, განსაკუთრებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის და თუნდაც ბავშვებისთვის. ბავშვების ვაქცინაცია 6 თვის ასაკიდან უკვე შესაძლებელია. აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, იმუნიტეტის გაძლიერება, სპორტული აქტივობა.

ალერგიული პრობლემის დროს, გარდა სამკურნალო მედიკამენტებისა, აქაც არის სხვა გზა, ალერგენ სპეციფიკური იმუნოთერაპია. ეს სწორედ ის იარაღია, რომელიც ჩვენ გვიცავს და ამ დაავადების სწორად მკურნალობის საშუალებას გვაძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები