LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გადაჭარბებულად თავდაჯერებულ ადამიანებსაც შესაძლოა ჰქონდეთ არასრულფასოვნების კომპლექსი“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

46
ლელი-ყიფიანი

რა იწვევს მოზარდობაში კომპლექსებს – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლელი ყიფიანმა ისაუბრა.

რამდენად რთულია მოზარდობის ასაკი?

მოზარდობის ასაკი საკმაოდ რთული და  მნიშვნელოვანი პერიოდია მენტალური ჯანმრთელობისთვის. ამ პერიოდში ხდება ცვლილებები  სოციალურ , ფსიქოლოგიურ   და ფიზიოლოგიურ დონეზე. ხდება  სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბება, იქნება ეს თანატოლებთან თუ უფროსებთან  ურთიერთობის, სირთულეების დაძლევის , პრობლემის გადაჭრის და ემოციების მართვის უნარი. გარდა ამისა იწყება ჰორმონალური ცვლილებები,  იცვლება სხეული, გარეგნობა რაც   უმეტეს შემთხვევაში იწვევს უკმაყოფილებას.  მოზარდი   იწყებს საკუთარი თავის კრიტიკულად  შეფასებას, სხეულის, ჩვევების, შესაძლებლობების შედარებას თანატოლებთან,  იდეალებთან.

როგორ ყალიბდება თვითშეფასება?

ყველა მოზარდს განსხვავებული პრობლემა აქვს,  თუმცა მათ ერთი რამ აქვთ საერთო. ეს არის დაბალი თვითშეფასება. თვითშეფასება არის ის, თუ როგორ ფიქრობ და ხედავ საკუთარ თავს რამდენად გაბედული და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხარ.

დაბალი თვითშეფასების შემთხვევაში არის  განცდა იმისა, რომ სხვებთან შედარებით  „არ არის საკმარისად კარგი”. მოზარდებს უყალიბდებათ გარკვეული შეხედულებები, რწმენები  საკუთარ თავზე. არის ბავშვების კატეგორია, რომლებიც საკუთარ თავის  უკეთესობისკენ ცვლილებას იწყებენ. თუმცა არიან ბავშვები, რომლებშიც თვითშეფასების დაქვეითება ხელს უშლით ურთიერთობებში და მიზნების მიღწევაში, ვითარდება  არასრულფასოვნების კომპლექსი.

რა არის არასრულფასოვნების კომპლექსი?

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის თანახმად, არასრულფასოვნების კომპლექსი  ნიშნავს, როდესაც ადამიანი თავს არასრულფასოვნად , არასაკმარისად და დაუცველად გრძნობს. რაც გამომდინარეობს  რეალური ან წარმოსახვითი   ფსიქოლოგიური ან ფიზიკური უკმარისობისგან.  ძირითადად ქცევებში ვლინდება. მოზარდობის პერიოდში განსაკუთრებით მძაფრდება ეს განცდა და მისი  ჩამოყალიბება ხდება, მაშინ როდესაც ადამიანი აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, სადაც ხდება მისი შესაძლებლობების შელახვა და ან უარყოფა.

თვითშეფასების ჩამოყალიბებაში კი მნიშვნელობა აქვს „მე“ კონცეფციის განვითარებას, როდესაც იწყება იმის გაცნობიერება  რომ „მე განსხვავებული ვარ სხვებისგან“. ყალიბდება წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, როგორც ფიზიკური და პიროვნული მახასიათებლებით,  ასევე სოციალური სტატუსის მიხედვით და ეს გაცნობიერება ბავშვობაში იწყება. ჩნდება კითხვები „ვინ ვარ მე?“ მოვწონვარ თუ არა სხვებს ? რას ფიქრობენ ისინი ჩემზე? ვარ თუ არა ჭკვიანი ? მომავალში როგორი  ვიქნები? როგორ გამოიყურები და ა.შ .

გამომწვევი მიზეზი:

არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბება გამომდინარეობს  სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობიდან  ეს არის :  აღზრდის სტილი, (ოჯახი) სკოლა და საზოგადოება

რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა  დამოკიდებულია ოჯახზე, იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობა უწევს ბავშვს. დამოკიდებულია მშობლის  ბავშვთან ურთიერთობის სტილზე. როდესაც ხდება ბავშვის შეფასებები, სხვებთან შედარება წარუმატებლობაზე ხაზგასმა, მისი შესაძლებლობების და უნარების არ აღიარება. მაღალი მოთხოვნების წაყენება, რაც მის რეალურ უნარებს არ შეესაბამება. ასევე სოციუმთან ურთიერთობა თანატოლების მხრიდან გაკეთებული არასასურველი კომენტარები, დაცინვა. შესაბამისად, ბავშვს უყალიბდება არასწორი ღირებულებები  საკუთარ გარეგნობასა თუ შესაძლებლობებზე აქვს უძლურების განცდა. მომავალში შესაძლებელია გამოიწვიოს იმედგაცრუება, საკუთარი თავით უკმაყოფილება დაუცველობის განცდა, მარტოობა, შფოთვა, დეპრესია…

 ნიშნები:

  • დაუცველობის განცდა
  • მიზნების მიუღწევლობა
  • დანებების სურვილი
  • ნეგატიური ფიქრები რომ რაღაც ძალიან ცუდი მხდება
  • სოციალური სიტუაციებისთვის თავის არიდება
  • საკუთარი თავის მიმართ ზიზღის განცდა
  • შფოთვა
  • დეპრესია
  • კრიტიკის მძაფრად განცდა
  • კომპლიმენტს სერიოზულად არ მიღება

ეს არის  არასრულფასოვნების კომპლექსის ნიშნები, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც  გადაჭარბებულად თავდაჯერებულად გამოიყურებიან, მათაც შესაძლოა ჰქონდეთ ეს კომპლექსი რომელიც ვლინდება შემდეგში:

  • პერფექციონიზმი
  • გადაჭარბებული კონკურენტუნარიანობა
  • მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა
  • უჭირს შეცდომების აღიარება
  • მუდმივად სხვების დადანაშაულება

როდესაც ბავშვს არასრულფასოვნების განცდა აწუხებს, არ  არის საკუთარ თავში დარწმუნებული,  მნიშვნელოვანია რომ მშობლებმა წაახალისონ, გაამხნეონ  და დაეხმარონ  საკუთარი თავის სხვა კუთხით დანახვაში,  რომ ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანია.  დაეხმარონ იპოვონ ჯანსაღი ურთიერთობები, აღმოაჩინონ საკუთარი ჰობი ან სპორტული აქტივობა რომელიც მათ სიამოვნებას მიანიჭებს , იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა  რომლებიც მხარს უჭერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები