”ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე”, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი რამდენიმე წლის წინ ხელმოწერილმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, რომელიც უკვე დღეს თანამედროვე გამოწვევებს ვეღარ პასუხობს და აუცილებელია მისი განახლება.
ქუმსიშვილის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, თურქეთის მხრიდან განხილულ იქნას ვაჭრობის შემდგომი ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა: თაფლი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, ყურძენი, ჩირი, ჩაი, ხილის წვენები, ბოსტნეული და ა.შ. ეს ხელს შეუწყობს ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ზრდას თურქეთის ბაზარზე.
„შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით, რომ რეალურად გავხსნით ორმხრივ მოლაპარაკებებს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, რომ იმ პროდუქციას, რომელსაც დღეს აქვს ძალიან მაღალი საბაჟო გადასახადი თურქეთში, ასეთია, მაგალითად, ხორცი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, თურქეთის ბაზარზე შევიტანთ ტარიფის გარეშე,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, ოფიციალური შეფასებით, საუბარია 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პოტენციალზე.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეს საქართველოს ექსპორტი თურქეთში დაახლოებით 189 მილიონი აშშ დოლარია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შემდეგ კი ექსპორტი 200 მილიონით გაიზრდება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებასა და მის განუყოფელ ნაწილზე, შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ (DCFTA). აღინიშნა, რომ ეს შეთანხმების საქართველოს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს გახდის თურქული ბიზნესისათვის.
პირველი ვიცე–პრემიერის განცხადებით, ქართულმა მხარემ თურქეთთან მიაღწია შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, თურქული ნედლეულის საქართველოში გადამუშავების შედეგად, შესაბამის სქემით დამზადებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე დაბეგვრის გარეშე შევა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული სქემა, იგივე დიაგონალური კუმულაცია საქართველოს მისცემს საშუალებას, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს ახალი დარგები.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი უკანასკნელი წლების განმავლობაში, საქართველოს ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. 2015 წლის სავაჭრო ბრუნვამ 1 517 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით შემცირდა 23%-ით. საქართველოს თურქეთთან სავაჭრო ბრუნვის წილი, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 15%-ს შეადგენს.