LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევით “თანამედროვე რობინზონ კრუზო” გადაარჩინა

91

ეს ისტორია რეალურად მოხდა, თუმცა სათავგადასავლო რომანის სიუჟეტს ჰგავს. Animal Planet-ის გადამღები ჯგუფი ავსტრალიის ნაპირთან გადაცემისთვის კადრებს იღებდა და სწორედ ასე შეძლეს, გადაერჩინათ ადამიანი, რომელსაც დაუსახლებელ კუნძულზე სიკვდილი ელოდა.

ადგილი, სადაც ტელეარხის გადამღები ჯგუფი მუშაობდა, სრულიად დაუსახლებელია, გარშემო 100 კმ-ს მანძილზე ცივილიზაციის ნიშნებიც არ არის, ჰაერის ტემპერატურა კი ახლა 40 გრადუსზე მეტია.

ტელეექსპედიციის მონაწილეებმა წინასწარ დაგეგმილ მარშრუტზე უარი განაცხადეს, რადგან ოკეანეში ტალღების სიმძლავრემ მოიმატა და იძულებულები გახდნენ, გეზი შეეცვალათ.

უეცრად, მათ დაინახეს პლასტმასის თერმოყუთი, რომელიც კლდეზე იდგა. სცადეს გამოეცნოთ, როგორ შეიძლებოდა ყუთი დაუსახლებელ კუნძულზე აღმოეჩინათ. რამდენიმე წამში მათ დაინახეს ნახევრადშიშველი მამაკაცი, რომელიც ხელებს იქნევდა და დახმარებას ითხოვდა. გადამღებმა ჯგუფმა ნავი მაშინვე მიმართეს კუნძულისკენ.

აღმოჩნდა, რომ ეს მოყვარული მეთევზე იყო, რომელმაც ვერ შეძლო, საკუთარ ნავზე დაბრუნებულიყო. მამაკაცი კლდოვანი კუნძულის ნაპირზე თევზაობდა, შემდეგ კი უფრო დიდი თევზების დაჭერა მოისურვა, ამოვიდა ნავიდან და მოშორებით მოიკალათა ანკესით. იმის გამო, რომ მეთევზე მზეს ეფიცხებოდა, ტემპერატურა კი ძალიან მაღალი იყო, იგი ცუდად გახდა და დაეცა,ნავი კი ტალღებმა გაიტაცა.

კუნძული კლდოვანია, აქ არ ხარობს ხეები, არ არის სასმელი წყალი… მამაკაცმა მზეში, უწყლოდ 60 საათი გაატარა და შეეგუა აზრს, რომ სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა.

თუმცა, გადამღებმა ჯგუფმა ამისი საშუალება არ მისცა. კუნძულზე გადასვლისთანავე მას მისცეს სასმელი წყალი, რადგან მეთევზეს საშინელი გაუწყლოვნება ჰქონდა, შემდეგ კი სასწრაფოდ წაიყვანეს ექიმთან.

მამაკაცს ოჯახი არ ჰყავს, ამიტომ მისი ძებნა ჯერკიდევ არავის ჰქონდა დაწყებული. იმ შემთხვევაში კი, თუ ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს გეზის შეცვლა ტალღების გამო არ მოუხდებოდა, მეთევზეს აუცილებლად ელოდა სიკვდილი.

„თანამედროვე რობინზონ კრუზო“ ახლა თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g