LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადავფურცლე თუ არა, 50 ევრო გადმოფრიალდა, თავზარი დამეცა: ქართველი ემიგრანტი ქალის ისტორია, რომელსაც უცხო მწერალი დაეხმარა

455
FORTUNA.GE (46)

უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლა ჩვენთან აღარავის უკვირს და ასეთი გადაწყვეტილების გამომწვევ მიზეზსაც დიდი ხანია უკვე არავინ კითხულობს. “ფორტუნა” ასე უსიტყვოდ, იტალიაში წასულ ნია არჩვაძეს ესაუბრა. კიდევ ერთ სამშობლოდან შორს მყოფი თბილისელი ქალის ნაამბობი, დაგაღონებთ, ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ და გაგახარებთ კიდეც…

 

– თბილისური ცხოვრება ყველას კარგად მოეხსენება. მეც ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, საშუალო ხელფასი მქონდა, მაგრამ თავი გამქონდა. მერე კომპანიაში გაჩენილი პრობლემების გამო, ხელფასი გამინახევრდა და უსახსრობის გამო ელემენტარულ ყოფით პრობლემებსაც რომ ვეღარ ვაგვარებდი, იძულებული გავხდი ჩემი საყვარელი თბილისი დამეტოვებინა. ერთადერთი შვილი, ჩემი და ჩემი მშობლების ოჯახი, ჩემ იმედად იყვნენ და ასეთ მდგომარეობაში წავედი იტალიაში სამსახურის საძებნელად.
ნაცნობი უცებ გამოვძებნე, რომელიც დამპირდა, რომ თავად უზრუნველყოფდა ჩემს დასაქმებას. მანამდე, დროებით მასთან მომიწევდა ცხოვრება, გარკვეული ანაზღაურების ფასად, რომელსაც დასაქმების შემდეგ გავისტუმრებდი. იქ ჩასულს ერთ ოთახში, ბევრი ადამიანი დამხვდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ჩემამდე ჩასული ოცდაათამდე ქალი უცდიდა თავის რიგს და რიგითობა მკაცრად იყო დაცული. თავიდან, თითქმის ყოველდღე გვტოვებდა თითო ქალი, შემდეგ მომვლელზე ანუ, ბანდატეზე მოთხოვნა შემცირდა და კვირების განმავლობაში რიგი მდორედ მიედინებოდა, ან სულაც იყინებოდა. ამდენი სამშობლოდან გადმოხვეწილი, გაჭირვებული ადამიანი ერთ ჭერქვეშ მანამდე არასდროს მენახა. იმ სახლში ყველა ერთნაირ სიზმრებს ვხედავდით, შიშით, იმედით და უკეთესი ცხოვრების მოლოდინით ვითმენდით, თუმცა მოგვიანებით მივხვდი, რომ ეს გაუსაძლისი ლოდინი მომავალი იტალიური დღეებისთვის გვაწრთობდა. ვერ ვიტყვი, რომ წასვლამდე გაცნობიერებული არ მქონდა ის, რომ უცხო ქვეყანაში დამკვიდრება არ იქნებოდა ადვილი, მაგრამ დღითიდღე თბილისიდან ჯიბით ჩამოყოლილი ვალად აღებული ქაღალდის კუპიურები ხელში მადნებოდა, რომელსაც მცირედი კვებისთვის ვიზოგავდი. ამასთანავე, დამსაქმებელი ვალების წიგნში ჩემი გვარის გასწვრივ ყოველდღე უმატებდა ხუთიანს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ყოველი ჩემი უსაქმურად ყოფნის დღის მომსახურება, რომელშიც შედიოდა ნახევარი ადგილი ერთ საწოლზე (ორი ქალი ვიყოფდით ერთ საწოლს) და ელემენტარული ჰიგიენის მოწესრიგება, დამატებით ხუთ ევროს მოითხოვდა დღეში და ვალზე ვალი მემატებოდა. ასეთ ამბებს მიუჩვეველს, თავიდან მაინც მრცხვენოდა მისი. მერე, მივხვდი წლების წინ ეს გზა ქართველ დამსაქმებელს თავადაც გამოვლილი ჰქონდა. კარგად იცოდა თითოეული ქალის ყოფის სიმძიმეც და სულ არაფერი იყო მოსარიდებელი, რადგან როდესაც სამსახურს მიშოვნიდა, საშუამავლოსთან ერთად, რომელიც დამატებით 100 ევროს წარმოდგენდა, დაგროვილ დავალიანებასაც სრულად დავუფარავდი. მასთან ასეთ გარიგებაში იყო ყველა სამსახურის მომლოდინე, მისი ბინის დროებითი ბინადარი ქალი. მართალია, გაწეული სამსახური უცხო ქვეყნიდან ჩაყვანილი ახალბედებისთვის, თავისთვის სახეიროდ და სარფიან ბიზნესად ექცია მოხერხებულ ქართველ დამსაქმებელს და შეიძლება ბედის ირონიაც იყო, მაგრამ ბევრი სასოწარკვეთილი ქალი ემადლიერებოდა მას ჩემსავით, მაგრამ სამსახურის შოვნის მოლოდინში რაც უფრო უსასრულო ხდებოდა, მით უფრო შიში მიპყრობდა, თუ დროულად არ შეიცვლებოდა რამე.

ამ ფიქრებიდან წამით გამოფხიზლებულმა ერთხელ თბილისში დავრეკე და მამიდაშვილს შევჩივლე ჩემი გასაჭირი. მან ქართველი ქალის ტელეფონი მომცა, ვუთხარი შენს შესახებ, დაურეკე, დიდი ხანია იტალიაშია, თავადაც ოჯახში მუშაობს. მწერალია, თუ შეუძლია აუცილებლად მოგხედავს, დაგაკვალიანებს და მანდ ყოფნა გაგიადვილდებაო.

ბევრჯერ მოვინდომე დარეკვა, მაგრამ ვერ შევძელი შეწუხება, ერთხელ ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. თბილმა და მზრუნველმა ხმამ ჩემი სახელი იკითხა. რომ დარწმუნდა, მე მელაპარაკებოდა მაშინვე მისამართი მომწერა, აუცილებლად მესტუმრეო. მივედი, ბევრი ვისაუბრეთ. ისე მიმიღო როგორ საკუთარი ნათესავი. გულწრფელად მოვუყევი ყველაფერი, ჩემი შიშებიც გავუმხილე. მალე უსაშველო დარდი თბილი სიტყვებით მხარდაჭერამ ისე დამიამა, გამახსენდა, რომ მწერალი იყო და ძალიან მომინდა მისი ნაწერების წაკითხვა. სურვილის გამხელა მაინც ვერ გავბედე, მაგრამ წამოსვლისას თავისი მოთხრობების წიგნი თავადვე გამომიტანა, თავისუფალ დროს გაგაყვანინებსო მითხრა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

სახლში მოსულს მეტი რა საქმე მქონდა. გადავფურცლე თუ არა, იქიდან 50 ევრო გადმოფრიალდა. თავზარი დამეცა. მაშინვე დავურეკე, რომ ამის შესახებ მეთქვა. სათქმელი არ დამამთავრებინა. თბილად ამიხსნა: ასეთი ფორმით დახმარება მოვიფიქრე, შენ რომ არ გეუხერხულაო… მერეც, ამინდები რომ შეიცვალა და აცივდა, თბილი ტანსაცმელი თუ არ გაქვს და ნებას დამრთავ ჩემსას გამოგიგზავნიო. ისევ შემეხმიანა და ისევ მთხოვდა, არაფერზე მენერვიულა.

ამასობაში სამსახური გამომიჩნდა. ბედმა გამიღმა, ასაკოვანმა, უკეთილშობილესმა მოხუცმა დამიქირავა თავისსავე მომვლელად, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, ხმის გამცემი უფრო ჭირდებოდა, რადგან ყველაფერს ამ დრომდე თავად იგვარებს და მე მხოლოდ მისი დიდი სახლის დალაგება მიხდება. ბევრ თავისუფალ დროს მაძლევს დასვენებისთვის. უძვირფასეს მეგობარს დიდი მანძილი მაშორებს, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის ერთმანეთს ხშირად შევეხმიანოთ. ამას წინათ დავურეკე და მითხრა, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია და მალე პოეზიის საღამოს მოუწყობს უცხო ქალაქი. ძალიან გავიხარე მისი სიხარულით, შემახსენა პოეზიის საღამო არ დაგავიწყდესო. მისამართი მითხრა, სადაც მისი პოეზიის გასაზიარებლად უნდა შეიკრიბოს ქართველი და იტალიელი პუბლიკა. მას საქართველოშიც იცნობენ, ვერ ვიტყვი არ აფასებენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პოეტების ბედი ყველამ კარგად ვიცით. აღარ ვიცი ამ ადამიანს სიკეთე რით გადავუხადო, რომელმაც მაგრძნობინა, რომ ადამიანი ადამიანის ხიდია და ნუგეში.

ჩვენი საუბარი აქ დასრულდა. მაშინვე მენიშნა, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად გამეზიარებინა თქვენთვისაც, რადგან სიკეთე გადამდებია… არც პოეტი ქალბატონის ვინაობის გამხელა ისურვა. მითხრა, მთავარი ის არის, რომ ქართველები, რითიც შეგვიძლია იმით ყოველთვის უნდა დავუდგეთ მხარში ერთმანეთს… მან დიდი მაგალითი მაჩვენა მხარდაჭერისო.

სიკეთისმქნელი პოეტიც, როდესაც მიხვდებამასზე დავწერე, მინდა ვთხოვო: თავადაც ნუ იუხერხულებს ასეთი ფორმით გადახდილ მადლიერებას, რადგან როგორც ებრაელები ამბობენ: “საქებარს მაქებარი თუ არ გამოუჩნდა უქებარი დარჩებაო.”

 

ნანკა ქოქიაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g